სტეფანოზ I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
07:59, 10 ივნისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სტეფანოზ I – ქართლის ერისმთავარი VI-VII საუკუნეების მიჯნაზე – ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით გურამის (გურგენი) ძე. მოხსენიებულია ქართულ ნარატიულ ძეგლებში, არსებულ ერისმთავართა ყველა სიაში, „ასურულ მამათა ცხოვრებაში“, ეპიგრაფიკულ ძეგლებში, მის მიერ მოჭრილ მონეტათა ზედწერილებში.

სტეფანოზის ერისმთავრობის პერიოდში ქართლის საგარეო-პოლიტიკურ ცხოვრებაში გარდატეხა მოხდა. 589 წ. ირანის შაჰი ჰორმიზდ IV მისმა სარდალმა ბაჰრამ ჩუბანმა ტახტიდან ჩამოაგდო. შაჰის მემკვიდრე ხოსრო II ფარვიზი 591 წელს ირანის ტახტზე ბიზანტიის კეისრის მავრიკეს დახმარებით ავიდა. ამ დახმარების სანაცვლოდ მან ბიზანტიას სომხეთის დიდი ნაწილი და ქართლი დაუთმო. ქართლმა ფაქტობრივად დამოუკიდებლობა აღიდგინა, რადგან ბიზანტია მისგან მხოლოდ მოკავშირეობას ითხოვდა, ეს პოლიტიკური მდგომარეობა კარგად აისახა სტეფანოზის მიერ მოჭრილ მონეტაზე, მან პირველმა გამოსახა მაზდეანური ემბლემის მოგიზგიზე ცეცხლის ნაცვლად კვარცხლბეკზე აღმართული ჯვარი და სრულად წააწერა ქართულად საკუთარი სახელი. სასანური ტიპის მონეტაზე ჯვრის მოთავსება მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ამით ქართლმა ფაქტობრივად საქვეყნოდ განაცხადა თავისი ეროვნული პოზიციები. სტეფანოზ I-ის ის ვერცხლის ფული მოჭრილია ჯერ ჰორმიზდ IV-ის (579=590) მონეტების, შემდეგ ხოსრო II-ის (591-628) ადრეული დრაქმების მიბაძვით.

სტეფანოზი გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე იყო. ააგო მცხეთის ჯვრის ერისმთავართა საგვარეულო ტაძარი, რომლის ფასადზეც გამოსახულია სტეფანოზისა და მისი სახლის წევრები: ძმის – დემეტრეს, შვილის – ადარნესეს და შვილიშვილის ქობულ-სტეფანოზის რელიეფური ქანდაკება. რელიეფის წარწერაზე სტეფანოზი წოდებულია „ქართლის პატრიკიოსად“ ბიზანტიური ტიტული). მისი მმართველობის დროს ქართლი მნიშვნელოვნად გაძლიერა. ინტენსიურად მიმდინარეობდა თბილისის გაფართოება.

ქართლი ბიზანტიის გავლენის ქვეშ დიდხანს არ დარჩენილა. 604 წელს ხოსრო II-ემ ზავის (591) პირობები დაარღვია და ბიზანტიას დიდი ტერიტორიები წაართვა. მათ შორის ქართლი. ბიზანტიის ტახტზე 610 წ. ჰერაკლე კეისარი (610-641 წ.) ავიდა, რომელმაც წარმატებით დაიწყო ბრძოლა ირანის წინააღმდეგ. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს და „ქართლის ცხოვრების“ მოხედვით ჰერაკლე კეისარმა, ხაზართა ხაკან ჯაბღუსთან ერთად (627-628 წ.) ალყა შემოარტყა თბილისს. ამ დროს ერისმთავრად იჯდა სტეფანოზ I. მეცნიერთა ის ნაწილი, რომელიც აღნიშნულ ცნობას იზიარებენ (მ. ჩხარტიშვილი, ვ. გოილაძე) სტეფანოზის მოღვაწეობის პერიოდს VII ს. 30-იან წლებით ათარიღებენ.

სტეფანოზის მოღვაწეობის დათარიღება:

ა. ბოგვერაძე 590/91 - 602/605; შ. შოშიაშვილი 591 - 602/603; გ. ჩუბინაშვილი 586/90 - 604/605; გ. დონდუა 593 - 602.

მეცნიერთა უმრავლესობა ეყრდნობა „ეპისტოლეთა წიგნი“-ს ცნობას, რომლის მიხედვითაც, მონოფიზიტი სტეფანოზ I დიოფიზიტობის აქტიურმა დამცველმა კირიონ კათალიკოსმა გადააყენა და 604 წელს ერისმთავრად დასვა ადარნასე.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები