ქუთათელაძე არისტო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არისტო ქუთათელაძე – (1850, ხონი, – 1912), პედაგოგი, გრამატიკოსი. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი. ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას გორის საოსტატო (1882–813), ხონის სამასწავლებლო სემინარიებში (1885-1906), თბილისის ქართულ გიმნაზიასა და სამასწავლებლო ინსტიტუტში.

ქუთათელაძეს ეკუთვნის ენათმეცნიერული ნაშრომები: „პირველ-დაწყებითი ქართული გრამატიკა“ (1888) და „ქართული ზმნების კლასიფიკაცია“ (1897). „პირველ-დაწყებითი ქართული გრამატიკა“ ოთხჯერ გამოიცა –1888, 1389, 1894 და 1907. ესაა სასკოლო ტექნიკური გრამატიკა, განკუთვნილი სასულიერო სასწავლებლებისათვის, თბილისის სასულიერო სემინარიისა და საერო სასწავლებელთათვის. მასში ასახულია ადრინდელი გრამატიკების მონაცემები. შედგება ორი ნაწილისაგან: პირველში სინტაქსის საკითხებია განხილული, მეორეში (ეტიმოლოგია) მორფოლოგიის ელემენტებია წარმოდგენილი რამდენიმე ფონეტიკური მოვლენის გათვალისწინებით. ქუთათელაძემ ყურადღება მიაქცია მრავალგზისობის წარმოებას და გამოყო ნამყო განმეორებული და ნამყო გაგრძელებული; დრო-კილოთა სისტემიდან ამორიცხა I თურმეობითი, რადგან, მისი აზრით, „ნამყო უსრულესში“ (I თურმეობითში) „ზმნა არის პერიფრაზი და შემდგარია მიმღეობისაგან და არსებითი ზმნისაგან“.

ნაშრომში „ქართული ზმნების კლასიფიკაცია“ ავტორი თავისი დროისათვის ვრცლად მიმოიხილავს ზმნის თავისებურებებს და, ადრინდელ გაგებასთან შედარებით, შეაქვს შესწორებებიც. მას შენიშნული აქვს, რომ მწკრივს შეუძლია განმეორებული მოქმედების აღნიშვნა. ზმნისწინები, ქუთათელაძის აზრით, ზმნის „სრულმყოფელი“ პრეფიქსებია. შენიშნული აქვს ის ფაქტიც. რომ ზმნისწინი სრულ სახეს გამოხატავს. საბოლოოდ წარმოდგენილია ზმნათა კლასიფიკაცია და გამოყოფილია 15 კლასი, მაგრამ ნათლად არ ჩანს, თუ რა არის ამ კლასიფიკაციის საფუძველი. ავტორის ვარაუდით, „საზღვრებით დახრაში“ (თხრობითი კილო) შედის: აწმყო, ნამყო უსრული, ნამყო განმეორებული, ნამყო გაგრძელებული, ნამყო სრული, მყოფადი; კავშირებითში („სათუო დახრა“) – აწმყო, მყოფადი: „ნატვრითში“ – „მყობადი“ I, მყობადი II. „გარდა ამისა, გვაქვს ბრძანებითი“, „განუსაზღვრელი დახრა“ (მასდარი) და მიმღეობა.

ე. ნიკოლაიშვილი


ლიტერატურა

  • კიზირია ა. ნარკვევები ქართული ენის შესწავლის ისტორიიდან, თბ. 1997.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები