განკერძოება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:15, 11 მარტი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

განკერძოება – წინადადებაში სიტყვის ან სიტყვათა ჯგუფის აზრობრივი და რიტმულ-ინტონაციური გამოყოფა. ინტონაციურად გამოყოფილი, ანუ განკერძოებული სიტყვა ან სიტყვათა ჯგუფი წინადადების სტრუქტურაში არ მონაწილეობს. ამის გამო მისი ამოღებით წინადადების სტრუქტურა არ იცელება. განკერძოება ვიწრო მნიშვნელობით ეხება წინადადების არამთავარ წევრებს (განსაზღვრებასა და გარემოებას). ფართო მნიშვნელობით კი გულისხმობს როგორც საკუთრივ განკერძოებას, ასევე ახსნა-განმარტებასა და დაზუსტება-შემოერთებასაც.

ტრადიციულად განკერძოებულ სიტყვებსა და გამოთქმებს ყოფენ ორ ჯგუფად: განკერძოებულ წინადადების წევრებად (განკერძოებული განსაზღვრება, განკერძოებული გარემოება, დანართი). 2) წინადადებასთან გრამატიკულად დაუკავშირებელ სიტყვა-გამოთქმებად | მიმართვა, ჩართული, შორისდებული, მიგებითი ნაწილაკები|. განკერძოებული წინადადების წევრი ე. წ ფარდობით მიმართებაშია წინადადების ამა თუ იმ წევრთან, რომელსაც უთანხმდება ბრუნვასა და რიცხვში. მაგ., განკერძოებული განსაზღვრება განსაზღვრავს წინადადებაში სახელით გამოხატულ რომელიმე წევრს და იღებს იმ ბრუნვისა და რიცხვის ფორმას, რომელიც საზღვრულს აქვს: „დარეჯანმა მეორე დღესვე ცხენით გასწია ქიზიყს, თავისებურად მორთულმა“ (ი. ჭავჭავაძე); „აღმოსავლეთი ნაომარ ადგილს ჰგავდა, სისხლით გადალესილს“ (ვაჟა-ფშაველა), განკერძოებული განსაზღვრება, უპირატესად, საზღვრულის შემდეგაა და მიმყოლი სიტყვებითაა განვრცობილი. საზღვრულის წინ განკერძოებული განსაზღვრება, ჩვეულებრივ, წინადადების წევრად გადაიქცევა (თავისებურად მორთულმა დარეჯანმა მეორე დღესვე ცხენით გასწია ქიზიყს…), გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საზღვრული წევრი ნაცვალსახელებითაა წარმოდგენილი: „ჩვენ, მოკუნტულნი, თქვენ, გაბღინძულნი, ვერა ვთავსდებით ერთმანეთშია“ (ი. ჭავჭავაძე).

განკერძოებული გარემოებანი (ადგილისა, დროისა, ვითარებისა.) წინადადებაში მოსდევენ თანამოსახელე წევრს და ასუსტებენ მას: „მთის მწვერვალზე, ცის მახლობლად, მერცხლის ბუდედ რაღაც მოჩანს“ (ა. წერეთელი); „რა ტკბილია დასვენება საღამო ჟამს, შრომის მერე” (გ. ტაბიძე)

ამხსნელ-დამაზუსტებელი ფუნქცია აქვს განკერძოებულ დანართსაც, რომელიც წინადადებაში სახელით გამოხატულ რომელიმე წევრს მიემართება: „ჩემი მამული, საქართველო, დღეს მიცოცხლდება“ (ი. ჭავჭავაძე). ასახსნელ-დასაზუსტებელი წევრის გამოტოვების შემთხვევაში განკერძოებული წევრი წინადადებაში მის ადგილს იჭერს და წინადადების წევრად იქცევა: „საქართველო დღეს მიცოცხლდება“.

წინადადებასთან გრამატიკულად დაუკავშირებელი განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები სხვადასხვა მნიშვნელობისაა. ამათგან შორისდებული და მიგებითი ნაწილაკები, ჩვეულებრივ, წინადადების ეკვივალენტებად გვევლინება. მიმართვა ასახელებს მისამართ პირს და წოდებით ბრუნვაში დგას: „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია?“ (ი. ჭავჭავაძე), ხოლო ჩართული სიტყვა ან კონსტრუქცია გვიჩვენებს, თუ როგორ უყურებს მთქმელი წინადადებით გამოხატულ აზრს: „მშვიდობის ჩანგი, რა თქმა უნდა, მდიდარს არ უნდა“ (გ. ტაბიძე). განკერძოებული წევრებისაგან განსხვავებით, წინადადებასთან გრამატიკულად დაუკავშირებელი სიტყვა-გამოთქმების გადაკეთება წინადადების წევრებად შეუძლებელია.

ლ. კვანტალიანი

ლიტერატურა

  • შამელაშვილი რ. განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები ქართულში და მათი სწავლების მეთოდიკა, თბ., 1958;
  • დავითიანი ა. ქართული ენის სინტაქსი, I, თბ., I973;
  • ცქიტიშვილი ჩ. დანართის ძირითადი სტილისტიკური ფუნქციები და მართლწერასთან დაკავშირებული ზოგი საკითხი. - კრ.: „ქართული სიტყვის კულტურის საკითხები“, წგ. 5, თბ., 1983;
  • მისივე. ჩართული. – იქვე. წგ. 8, თბ., 1988;
  • კვაჭაძე ლ. თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი, თბ., 1996.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები