ტექსტოლოგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:53, 23 თებერვალი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტექსტოლოგია – (ტექსტი და logos – სიტყვა, მოძღვრება), ტექსტის კრიტიკა, ფილოლოგიის დარგი, რომელიც კრიტიკულად, მეცნიერულად შეისწავლის წერილობითს ძეგლებს. ტერმინი „ტექსტოლოგია“ შედარებით ახალია (შემოღებულია 1930 ბ. ტომაშევსკის მიერ), მაგრამ კვლევა, რომელსაც ეს ტერმინი გულისხმობს,უძველესი დროიდან არის ცნობილი. ამ მნიშვნელობით ტექსტოლოგიურ კვლევას საფუძველი ჩაეყარა ძველ ინდოეთსა და ანტიკურ საბერძნეთში, როდესაც საჭირო გახდა იმ დროისათვის უკვე ენობრივად მოძველებული (თუ სხვა რომელიმე თვალსაზრისით გაუგებარი) ტექსტების კომენტირება და კრიტიკული ანალიზი.

ტექსტოლოგია როგორც მეცნიერება, იწყება XVIII ს-იდან. ტექსტოლოგიის ობიექტი არის ფოლკლორი, ძველი და ახალი ლიტერატურული ძეგლები, ისტორიული დოკუმენტები. თითოეულ ამ სფეროს თავისი სპეციფიკა აქვს, მაგრამ ტექსტოლოგია უნდა არსებობდეს როგორც ერთიანი მეცნიერება, სპეციფიკური მიდგომებითა და მეთოდებით. ტექსტოლოგიის უპირველესი მიზანი არის ტექსტის დადგენა. შესაბამისად, ტექსტოლოგიის კონკრეტული ამოცანები ასე ჩამოყალიბდება: ტექსტის მთლიანობის დადგენა (ნაწილების გადანაცვლება, რედაქციების, ჩანართებისა და მისთ. გათვალისწინებით); ტექსტის წარმომავლობის დადგენა (ორიგინალურია თუ ნათარგმნი, თარგმანის წყარო); ავტორობის საკითხი; დაწერის დრო. ტექსტოლოგიურ კვლევაში სპეციფიკურ მიდგომებთან ერთად ფართოდ გამოიყენება სტილისტიკური და სტატისტიკური მეთოდებიც.

ქართული ტექსტოლოგიას ხანგრძლივი ისტორია აქვს. იგი ქართული მწერლობას მისი ჩასახვის დროიდან ფეხდაფეხ მოჰყვებოდა. ამაზე მიანიშნებს ჩვენამდე მოღწეული ძველი ქართული მწერლობის ძეგლების სხვადასხვა ვარიანტებისა და რედაქციების არსებობა. მათი გადამწერ-რედაქტორების (იგივე ტექსტოლოგების) სახელებს ჩვენამდე არ მოუღწევია. შემდეგ, მიქაელ მოდრეკილიდან (X ს.) მოკიდებული, თავისი დროის აღიარებული ტექსტოლოგები იყვნენ ექფთვიმე მთაწმიდელი და გიორგი მთაწმიდელი (X-XIს.), ეფრემ მცირე (XI ს.), არსენ იყალთოელი (XII ს.), იოანე პეტრიწი (XI–XII სს.), მოგვიანებით კი – ს.-ს. ორბელიანი (XVII-XVIII სს) და ვახტანგ VI (XVIII ს.), არჩილ II და ვახუშტი ბატონიშვილი (XVII -XVIII სს.

XIX-XX სს-ში ქართულ ტექსტოლოგიაში ახალი ხანა იწყება, მუშავდება ტექსტოლოგიური კვლევის მეცნიერული მეთოდები. მეცნიერული ტექსტოლოგიის ფუძემდებლად ჩვენში ნ. მარი ითვლება. მას მოჰყვებიან ძველი ქართული მწერლობის ისეთი მკვლევარ-ტექსტოლოგები, როგორებიც არიან ი. ჯავახიშვილი, ა. შანიძე, კ. კეკელიძე. ი. აბულაძე, ს. ყაუხჩიშვილი, ე. მეტრეველი და მათი საკმაოდ მრავალრიცხოვანი მოწაფეები.

აღსანიშნავია, რომ ნ. მარმა ძველი ქართული მწერლობის ძეგლების კვლევაში პირველმა დანერგა ტექსტის ენობრივი (გრამატიკული და ლექსიკური) მონაცემების გამოყენების მეთოდი. ამ სკოლის მომდევნო თაობის წარმომადგენლები, რომელთაც ქართული მწერლობის მრავალი პირველხარისხოვანი ძეგლი აქვთ შესწავლილი და გამოქვეყნებული, ტექსტთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს მისი ენობრივი მონაცემების გათვალისწინებით იკვლევდნენ.

ნ. მარმა ტექსტების სათანადოდ გამოსაცემად დააარსა გარკვეული სერიები: „Тексты и разискания по армяно-грузинской филологии“ და „monumenta hagiographica georgica“, მათში გამოქვეყნდა ძველი ქართული მწერლობის ისეთი ძეგლები, როგორებიცაა: გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, „იერუსალიმის წარტყუენვა“ და სხვა. ა. შანიძის მიერ დაარსებულ სერიებში „ძველი ქართული ენის კათედრის შრომები“ და „ძველი ქართული ენის ძეგლები“ გამოქვეყნებულია თვითონ ა. შანიძისა და ძველი ქართული ენის კათედრის თანამშრომლების მიერ მომზადებული ძველი ქართული მწერლობის მნიშვნელოვანი ძეგლები. „ძველი ქართული ენის ძეგლების“ სერიით) გამოქვეყნდა „ბალავარიანის“ ი. აბულაძმისეული ქართული თარგმანი.

ი. აბულაძის სახელთანაა დაკავშირებული სერიის – „ქართულ-სომხური ფილოლოგიური შტუდიების“ – დაარსება (ამ სერიით ქართულ-სომხური პარალელური ტექსტები ქვეყნდებოდა) და ორიგინალური ჰაგიოგრაფიული ძეგლების კორპუსის შექმნა (კორპუსი ორიგინალური ძეგლების 6 ტომს მოიცავს).

ე. მეტრეველის დიდი მოწადინებით გასული საუკუნის 60-იან წლებში კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში დაარსდა სერია – „ძველი ქართული მწერლობის ძეგლები“, რომელშიც არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლი გამოქვეყნდა: შატბერდის კრებული, უძველესი იადგარი, ძველი აღთქმის პირველი რვა წიგნი სამ ნაკვეთად და სხვ.

ისტორიული ძეგლების შესწავლა და გამოქვეყნება ძირითადად დაკავშირებულია ი. ჯავახიშვილის (ე. წ. ანასეული ქართლის ცხოვრება), ე. თაყაიშვილის (მარიამისეული ქართლის ცხოვრება) და ს. ყაუხჩიშვილის (ქართლის ცხოვრება 4 ტომად) სახელებთან. ცნობილია აგრეთვე ს. ყაუხჩიშვილის მიერ დაარსებული სერია „გეორგიკა“,რომელშიც გამოქვეყნებულია ისტორიული წყაროები.

ტექსტოლოგიური კვლევის მაღალ ხარისხს, ასევე ტექსტების კრიტიკული გამოცემების დიდ რაოდენობას განსაზღვრავს სიუხვე ქართული მწერლობის (ორიგინალური თუ თარგმნილი) ძეგლებისა, რომლებიც თავმოყრილია ხელნაწერთა სახით კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ფონდებსა და საქართველოს თუ საზღვარგარეთის სხვადასხვა საცავებში.

დღეისათვის ქართული მწერლობის ძეგლების ტექსტოლოგიური შესწავლა ძირითადად ორ სამეცნიერო ინსტიტუტში მიმდინარეობს: კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტსა და შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში. პირველში ძირითადად ძველი ქართული მწერლობის ძეგლებს იკვლევენ, მეორეში კი – ახალი და უახლესი ქართული მწერლობისას, 1962-იდან მუშაობს „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისია და მთავარი სარედაქციო კოლეგია.

ქართული ტექსტოლოგიის დიდი მიღწევაა სინას მთაზე აღმოჩენილი ერთ-ერთი ალბანური პალიმფსესტის ტექსტის გაშიფვრა და მისი შესწავლა (იხ. ალბანური დამწერლობა).

ც. ქურციკიძე


ლიტერატურა

  • აბულაძე ლ. ვაჟა-ფშაველას მხატვრული პროზის ლექსიკის სტატისტიკური ანალიზი. – „თანამედროვე ზოგადი და მათემატიკური ენათმეცნიერების საკითხები,“ I, თბ., I966;
  • კვარაცხელია გ, ლექსიკის სტატისტიკურ-შედარებითი კვლევა მათემატიკური მეთოდებით. – იქვე, II, თბ., 1967;
  • ბეროზაშვილი თ. ტექსტისა და მისი ავტორის დადგენის ენობრივი საშუალებანი, თბ., 1987.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები