მიჰრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:09, 26 დეკემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიჰრ-ი (სომხ. Միհր) – სომხური წარმართული პანთეონის ციური სინათლის, სიკეთისა და სამართლიანობის მზიურ-ცეცხლოვანი ღმერთი, არამაზდის ვაჟი.

თრჷნდეზის დღეობაზე კოცონის გარშემო ფერხულის გამართვისა და მასზე გადახტომის ჩვეულება, როგორც ჩანს, მიჰრის სახელობის დღესასწაულს უკავშირდება, და მზისა და ცეცხლის ცხოველმყოფელი ძალის შესახებ ძველსომხურ წარმოდგენებს ასახავს. ქრისტიანულ ეპოქაში მან ტრანსფორმაცია განიცადა და მირქმის დღესასწაულს დაუკავშირდა („თჲარ ჷნდ აღაჟ-ი“). თებერვლის თვის სომხური სახელწოდება მეჰექან-ი („მიჰრისა“), აგრეთვე სომხური მეჰეანი („საკერპე, ბომონი“) მიჰრის სახელიდან მომდინარეობს.

სომხურ ონომასტიკაში (ტოპონიმიკის ჩათვლით) მიჰრის სახელიდან ნაწარმოები 150-ზე მეტი დასახელება ითვლება. მიჰრის ტრანსფორმირებული სახე შეიცნობა ეპოსში („დავით სასუნელი“), სადაც ერთიანი მიჰრის ნაცვლად მღერ უფროსი და მისი შვილიშვილი მღერ უმცროსი გვევლინება. პირველი სანასარისა და დეჰცუნის, ქაჯთა მეფის ასულის, ვაჟია, რომლის სახელს რიგი გმირობა უკავშირდება: ებრძვის შემზარავ ლომს, რომელიც სასუნში მიმავალ გზას კეტავს; იგი ხელით ატყავებს ლომს (აქედანაა მისი ეპითეტი – „ლომის გამტყავებელი“), რის შემდეგაც სასუნის მკვიდრნი პურს უხვად იღებენ; ამარცხებს დევებს; კლავს სიბნელისა და ქვესკნელის სიმბოლოს – შავ ხარს. მღერ უმცროსი დავით სასუნელისა და ხანდუთ-ხათუნის ვაჟია, რომელიც ცხოვრებას მოგზაურობაში ატარებს და მუდმივად უსამართლობას ებრძვის; ამარცხებს დევ ქუფს, კაციჭამია დედაბერს, სასუნის მტრებს; წყალდიდობისაგან იხსნის ქ. ჯეზირს; ხვდება რა სასუნში მობრუნებულ დავითს, რომელსაც ვერ ცნობს, ორთაბრძოლაში მიწაზე აგდებს (ვარიანტი: მამა-შვილს გაბრიელ-ჰრეშთაქი აშველებს); შერცხვენილი დავითი ვაჟს წყევლის: უშვილობასა და უკვდავებას უსურვებს. მღერი უსამართლობასთან ბრძოლაში უმწეო აღმოჩნდა; მას მიწა უკვე ვეღარ იკავებს და ცხენთან (ქურიკ ჯალალთან) ერთად მიწაში ეფლობა. იგი თავისი ბედის გადასაწყვეტად მშობლების საფლავთან მიდის; მშობლები ურჩევენ, წავიდეს გამოქვაბულში და ქვეყნის ცვლილებას დაელოდოს.

სხვა ვერსიით, მღერს მღვიმისკენ მიმავალ გზას გრძნეული ყვავი ასწავლის. წელიწადში ერთხელ ან ორჯერ (ვარიანტი: ყოველ შაბათს) მღერი გამოდის გამოქვაბულიდან და სინჯავს – მიწა ხომ არ გამყარდა; როცა რწმუნდება, რომ მიწა მის სიმძიმეს ვეღარ უძლებს, კვლავ უკან ბრუნდება. ერთ მწყემსს მღერი ეუბნება, რომ გამოქვაბულიდან საბოლოოდ მხოლოდ მაშინ დატოვებს, როცა ქვეყანა სამართლიანი გახდება, როცა ხორბლის მარცვალი კაკლისტოლა გახდება, ხოლო ქერისა – ასკილის ნაყოფზე დიდი. თქმულებათა ცალკეული ვერსიების თანახმად, კლდეში, სადაც მღერი იმყოფება, მუდმივი სანთელი ანთია, „ბედის ბორბალი“ ტრიალებს; როცა ბორბალი გაჩერდება, მღერი გამოვა და უსამართლო ქვეყანას დაანგრევს.

სტრაბონის მოწმობით, მიჰრის დღესასწაულებზე მზის ღმერთს დიდი რაოდენობით ცხენებს სწირავდნენ. ქსენოფონტეს, როგორც ამას თავად წერს, ერთ-ერთი სოფლის მამასახლისისთვის თავისი ცხენი მიუცია, რათა იგი მზის ღმერთისთვის შეეწირათ.

მიჰრის სახელობის სამლოცავებიდან ცნობილია ბაგაიარიჯის (თურქეთი) ტაძარი, სადაც ელინისტურ ხანაში ცეცხლის ღმერთის მჭედელ ჰეფესტოს სტატუეტი დაუდგამთ. გარნში მდებარე მიჰრის ტაძარი, რომელიც სომეხ მეფეთა საზაფხულო რეზიდენციაში I ს-ში აუგიათ, მდ. აზათის ხეობის თავზე დღემდე დგას.


ლიტერატურა

  • Абрамян Л. Герой, прикованный на горе: перекрывающиеся ландшафты и мифы // Сборник статей к 60-летию Альберта Кашфулловича Байбурина. СПб., 2007;
  • Арутюнян С. Б. Михр // Мифологический словарь. Гл. редактор Е. М. Мелетинский. М., 1991;
  • Вардумян Г. Д. Дохристианский пантеон // Армяне. Ответственные редакторы: Л. М. Варданян, Г. Г. Саркисян, А. Е. Тер-Саркисянц. М., 2012;
  • Давид Сасунский. Армянский народный эпос. М., 1958;
  • Петросян А. Армянский эпос и мифология. Истоки. Миф и история. Ереван, 2002;
  • მისივე, Армянский Мхер, Западный Митра и урартский Халди // Армянский эпос «Сасунские удальцы» и мировое эпическое наследие. Ереван, 2004.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები