არამაზდი
არამაზდ-ი (სომხ. Արամազդ) – სომხური წარმართული პანთეონის უზენაესი ღვთაება – ჭექა-ქუხილის ღმერთი, ცისა და მიწის შემქნელი, ბარაქის მომნიჭებელი (აგათანგელოსი), ანაჰითის/ანაითის ქმარი (ვარიანტი: მამა), ღვთაებათა საკრალური ოჯახის მშობელი: ასთღიკის, მიჰრის, ნანეს და სხვ. მამა, სამყაროს კეთილ საწყისი, ზეცაში – ღმერთების, მიწაზე კი ადამიანების ხელმძღვანელი; თაყვანს სცემდნენ ეპითეტებით: „დიდი“, „ყოვლისშემძლე“, „მამაცი“. არამაზდის პლანეტას – იუპიტერი, ხოლო ძლევამოსილების სიმბოლოს ელვა, მეხი და ცისარტყელა წარმოადგენდა.
არამაზდის მთავარი ტაძარი მდებარეობდა ანში (თანამედროვე ქ. ქამახი თურქეთში), სადაც მოგვიანებით სომეხი მეფეების – არშაკიდების – საძვალე იყო; მეორე ტაძარი – არამაზდისა და ასთღიქის სახლი – ვასპურაკანში, ფაშათის მთაზე, ხოლო – მესამე, სადაც მარადიული ცეცხლი ენთო, ბაგრევანში იყო განთავსებული. არამაზდის მთავარი დღესასწაული აღინიშნებოდა 11 აგვისტოს, როცა, ძველსომხური კალენდრის მიხედვით, ახალი წელი (ნავასარდი) დგებოდა. არამაზდი უკავშირდება ირანულ აჰურამაზდას, რომლის კულტი სომხეთში აქემენიდების ეპოქაში გავრცელდა და ადგილობრივ ღვთაებათა კულტს შეერწყა; ელინისტურ ხანაში გაიგივებული იყო ზევსთან.
ლიტერატურა
- Агатангелос. История Армении. Пер. с древнеарм., в ступ. ст. и коммент. К. С. Тер-Давтян, С. С. Аревшатяна. Ереван, 2004;
- Ананикян М. А. Мифы Армении. М., 2010;
- Арутюнян С. Б. Арамазд // Мифологический словарь. Гл. редактор Е. М. Мелетинский. М., 1991;
- Вардумян Г. Д. Дохристианский пантеон // Армяне. Ответственные редакторы: Л. М. Варданян, Г. Г. Саркисян, А. Е. Тер-Саркисянц. М., 2012.