ასთღიკი
ასთღიკ-ი (სომხ. Աստղիկ – „ვარსკვლავი“) – ხორციელი სიყვარულისა და წყლის ქალღმერთი, არამაზდის ასული, ვაჰაგნის შეყვარებული, ვარსკვლავ ვენერას სიმბოლო სომხურ მითოლოგიაში; ელინისტურ ეპოქაში გაიგივებული იყო აფროდიტე-ვენერასთან. მისი სახელობის მთავარი ტაძარი, რომელსაც „ვაჰაგნის საძინებელს“ უწოდებენ, თურქეთში, თანამედროვე ქ. მუშთან ახლოს, აშტაშატში მდებარეობს. არის ვარაუდი, რომ თავდაპირველად „ასთღიქი“ და „ანაჰითი/ანაითი“ ნაყოფიერების, სიყვარულისა და წყლის ქალღმერთის ორი სახელი იყო და ასთღიქი და ანაჰითი/ანაითი მხოლოდ მოგვიანებით გახდნენ დამოუკიდებელი ღვთაებები. მითების თანახმად, მზეთუნახავი ასთღიქი ყოველ ღამე ევფრატში იმ ადგილზე ბანაობდა, სადაც მდინარე ვიწრო და კლდოვან ხეობაში მიედინება; იმისათვის, რომ გაშიშვლებული ქალღმერთის სილამაზით დამტკბარიყვნენ, ჭაბუკები დაღონაცის მთაზე (თარონის მთა თურქეთში) კოცონს ანთებდნენ; უცხოთა მზერის ასარიდებლად, ასთღიქი თარონის მთელ დაბლობს ბურუსით ფარავდა. ქრისტიანული პერიოდის მითების მიხედვით, ასთღიქი ქსისუთრას (ნოეს) ქალიშვილია, რომელიც წარღნის შემდეგ დაიბადა; ქსისუთრას სიკვდილისთანავე მის ვაჟებს – ზრვანს (სემს), ტიტანსა (ქამსა) და იაფეტოსთეს (იაფეტს) – შორის მსოფლოზე ბატონობისათვის ომი გაჩაღდა; ასთღიქი მათ ქიშპობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს; ტიტანი და ჲაფეტოსთე ზრვანის ძალაუფლებას აღიარებენ, მაგრამ მოითხოვენ ყველა მამრობითი სქესის ძმიშვილის დახოცვას, რათა ზრვანის შთამომავლებმა მათზე არ იბატონონ; ზრვანის ორი ვაჟის მოკვდინების შემდეგ, ასთღიქი, მის ცოლებთან ერთად, დანარჩენ შვილებს იხსნის და დასავლეთით, დჲუცნკეცის მთაზე – ღმერთების სამკვიდროში – აგზავნის. ხალხური გადმოცემის მიხედვით, როცა ასთღიქი ფეხშიშველი დადიოდა მიწაზე, მისი წითელი ფეხებიდან ვარდები ამოიზრდებოდნენ. ამიტომ ვარდავარის დღესასწაულზე ქალღმერთს ვარდებს უძღვნიდნენ და მტრედებს უშვებდნენ.
ლიტერატურა
- Ананикян М. А. Мифы Армении. М., 2010;
- Арутюнян С. Б. Астхик // Мифы народов мира. Т. I. М., 1980;
- Вардумян Г. Д. Дохристианский пантеон // Армяне. Ответственные редакторы: Л. М. Варданян, Г. Г. Саркисян, А. Е. Тер-Саркисянц. М., 2012;
- Калашев А. Вардавар (сел. Чайкенд, Елисаветполькой губернии) // СМОМПК. Вып. 18, Тф,. 1894;
- Лисициан С. Очерки этнографии дореволюционной Армении // Кавказский этнографический сборник, т. II. М., 1955.