სელიჭა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:10, 24 ნოემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სელიჭა

სელიჭა – (Linaria genistifolia [L.] Mill.);
ოჯახი: შავწამალასებრნი (Scrophulariaceae).

50-100 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შიშველი, ლეგა, სწორად მდგომი, მარტივი ან დატოტვილი. მთავარი ღეროს ფოთლები კვერცხისებურლანცეტაა, ხორცოვანი, 5-ძარღვიანი. დანარჩენი ფოთლები ლანცეტაა და 3-ძარღვიანი. ყვავილედი მტევანია ან საგველა. ყვავილები გოგირდის ფერისაა, ყვითელი. დეზი მეტ-ნაკლებად მოხრილია. ყვ. ნაყ. V-XI.

მცენარე იზრდება დაბლობიდან ტყის ზედა სარტყლამდე – მშრალ, კლდოვან ადგილებში, ქვიშნარებზე, ბუჩქნარებსა და ფიჭვნარ ტყეებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე სოფელ ომალოდან სოფელ შენაქოსკენ მიმავალ გზაზე. სპორადულად გავრცელებულია მთელ საქართველოში.

სამკურნალოდ გამოიყენება ბალახი, შეგროვილი ყვავილობის პერიოდში. შეიცავს მთრიმლავ ნივიერებებს, ალკალოიდ პეგანინს, ფლავონურ გლიკოზიდებს, ორგანულ მჟავებს (ვაშლის, ძმრის, ჭიანჭველის), პექტინებს, საპონინებს, მინერალურ ნივთიერებებს, ვიტამინ C. მეცნიერულ მედიცინაში არ გამოიყენება, თუმცა კვლევები ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს. მიიჩნევენ, რომ სელიჭას პრეპარატები მატებს ძალას, არეგულირებს გულის კუმშვადობის რიტმს, ამაღლებს არტერიალურ წნევას, სისხლდენის სიჩქარეს, ზრდის დიურეზს. ნაყენი რეკომენდებულია ქრონიკული ყაბზობის, მეტეორიზმის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების, შეშუპების (გულისმიერი და თირკმლისმიერი წარმოშობის), მენსტრუალური ციკლის დარღვევის შემთხვევაში. ცნობილია, რომ მისი პრეპარატები ამაღლებს პოტენციას და მოქმედებს როგორც სიმსივნის საწინააღმდეგო და ანტიჰელმინტური საშუალება.

ფართოდ და უძველესი დროიდან გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. როგორც სასაქმებელი, შარდმდენი, ოფლმდენი, ნაღველმდენი და ჭიის საწინააღმდეგო საშუალება. სასარგებლოა წყალმანკის, ყაბზობის, სიყვითლის, საყმაწვილოს სამკურნალოდ; აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, მეტეორიზმის დროს ანთავისუფლებს გაზებისგან, ამცირებს და სპობს ანთებით პროცესებს; ხმარობენ თავისა და შარდის ბუშტის ტკივილების, ღამით შარდშეუკავებლობის (განსაკუთრებით ბავშვებში), ქოშინის, ხველებისას, როგორც ამოსახველებელ საშუალებას; გარეგანად – ანგინის დროს ყელის გამოსავლებად, მალამოს სახით იხმარება ეგზემისა და ფსორიაზის სამკურნალოდ.

მცენარე ტოქსიკურია. პრეპარატები გამოიყენება მხოლოდ კვალიფიცირებული სპეციალისტის მითითებით, რომელიც განსაზღვრავს დოზას და მკურნალობის სქემას. დოზის დარღვევები იწვევს გვერდით მოვლენებს: ნერწყვის უხვ გამოყოფას, გულისრევას , გულის უკმარისობას, მუცლის ტკივილს, თავის ტკივილსა და თავბრუსხვევას, გულისწასვლას.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები