დაბალი შაირი
დაბალი შაირი (იგივე გრძელი შაირი) – შაირის ერთ-ერთი სახეობა ქორე-დაქტილურ ტერფებზე დამყარებული 8 ან 16-მარცვლიანი სალექსო საზომი. მაღალი შაირისაგან ძირითადად დაქტილური კლაუზულით განსხვავდება. წარმოშობით ფოლკლორულია. გავრცელებულია როგორც ხალხურ პოეზიაში, ასევე ლიტერატურაში. დაბალი შაირის ნიმუში, მისთვის დამახასიათებელი მეტრული სტრუქტურით მწიგნობრულად დამოწმებულია მე-11 საუკუნეში ლეონტი მროველის და ეფრემ მცირის თხზულებებში. დაბალი შაირი რომ გაცილებით ადრე ჩამოყალიბდა ხალხურ პოეზიაში ამას ადასტურებს მისი ფართე გავრცელება უძველეს საწესჩვეულებო, საგმირო და შრომის ლექს-სიმღერებში. ეს საზომი გამოყენებულია აგრეთვე „ამირანიანის“ უძველეს ფრაგმენტებში. დაბალი შაირი ყველაზე გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს ხალხურ პოეზიაში რვამარცვლიანი დაბალი შაირის ნიმუში:
- აბესალომ და ეთერი
- ღმერთმა შეყარა ერთფერი.
16-მარცვლიანი დაბალი შაირის ნიმუშია:
- ავთანდილ გადინადირა ქედი მაღალი ტყიანი,
- ვერც ხარი მოკლა, ვერც ფური, ვერცა ირემი რქიანი.
ჯ. ბარდაველიძე
ლიტერატურა
- ა. გაწერელია, ქართული კლასიკური ლექსი, 1953;
- ჯ. ბარდაველიძე ქართული ხალხური ლექსის საზომები, ქართული ფოლკლორი, I-II, 1964.