პოლემიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოლემიკა — სასულიერო მწერლობის დარგი, რომელიც მიზნად ისახავდა არაქრისტიანულ რელიგიათა (წარმართობა, ებრაელობა, მაჰმადიანობა) თუ ქრისტიანულ მწვალებლობათა (არიანობა, ნესტორიანობა, მონოფიზიტობა…) გაბათილებას. ვარაუდობენ, რომ ადრეულ ხანაში ქართულად იწერებოდა და ითარგმნებოდა პოლემიკური ხასიათის ნაწარმოებები. არაქრისტიანულ რელიგიებთან კამათი განსაკუთრებით შეეხო მაჰმადიანობას. ეს აისახა „აბო თბილელის მარტვილობაში“ (VIII ს.). უფრო მოგვიანო ხანის ქართული ლიტერატურაც მდიდარია ანტიმაჰმადიანური პოლემიკით. არსენ იყალთოელის „დოგმატიკონში“ არის რამდენიმე ანტიმაჰმადიანური თხზულება. ამავე რიგისაა „ხსენება სიტყვისგებისაჲ და სასჯელისაჲ სჯულისათვის ქრისტიანეთაჲსა და სარკინოზთა“, რომელიც „დოგმატიკონის“ ზოგიერთ ნუსხაში და ცალკეც გვხვდება. ეს თხზულება ორიგინალურ ქართულ ნაწარმოებად არის მიჩნეული კომპოზიციისა და იდეური დამუშავების მიხედვით. ფიქრობენ, რომ დაწერილია XII ს-ში პეტრიწონელთა სალიტერატურო სკოლის მიმდევრის მიერ. XVI ს. ბაგრატ ბატონიშვილმა დაწერა „მოთხრობა სჯულთა უღმრთოთა ისმაიტელთაჲ“, რომელიც შემოქმედის მიტროპოლიტმა იაკობ დუმბაძემ გალექსა XVII ს-ში. XVII-XVIII სს. თხზულებადაა მიჩნეული „ამბავი მაჰმადისი…“, რომელიც წარმოადგენს 82 ფსალმუნის მუხლებრივ განხილვა-განმარტებას ანტიმაჰმადიანური თვალსაზრისით.

ქართულ პოლემიკურ ლიტერატურაში ფართოდ აისახა ბრძოლა მწვალებლობასთან. V საუკუნეშივე ქართულმა ქრისტიანობამ მიიღო ნიკეის კრების ორთოდოქსია, რაც არიანობის დაგმობას ნიშნავდა. ანტიარიანული განწყობილება აისახა უძველეს კრებულში შემონახულ ნაწარმოებში, რომელიც მიეკუთვნება ქართველთა განმანათლებელს ნინოს („საკითხავნი ნათლისღებისათვის უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეჲსა“). ნაწარმოებს საფუძვლად უდევს პირველი მსოფლიო კრების დოგმატიკა და სხვადასხვა ტრიადოლოგიური ტრაქტატები, მიმართული უმთავრესად არიანობის წინააღმდეგ. ამ ძეგლს V-VI საუკუნეებით ათარიღებენ.

ამავე რიგისაა გრიგოლ ღვთისმეტყველის „საკითხავი… სამხილებელი არიანოზთა და ევნომიანოსთაჲ ბოროტად უწესობისაჲ“, რომელიც ქართულად სამჯერ ითარგმნა (გრიგოლ ოშკელის, ექვთიმე ათონელისა და ეფრემ მცირეს მიერ). ქართულ პოლემიკურ ლიტერატურაში ნესტორიანელთა წინააღმდეგ ბრძოლაც აისახა. VIII-IX სს-ში თარგმნეს ნესტორიანელთა წინააღმდეგ მიმართული თხზულება („ვითარ კაც იქმნა უფალი ჩვენი იესუ ქრისტე და რამეთუ ღმრთისმშობელი არს წმიდა ქალწული მარიამ და რომელი იგი იშვა მისგან — ღმერთი და იგივე კაცი), რომელსაც აპოლინარი ლაოდიკიელს მიაწერენ. რამდენიმე ანტინესტორიანული თხზულება არსენ იყალთოელის „დოგმატიკონშიც“ არის (ორი ტრაქტატი იოანე დამასკელისა, ოთხი „სიტყვისგება“ თეოდორე აბუკურასი). ანტონ კათალიკოსის „მზამეტყველების“ პირველი თავი მიეძღვნა პოლემიკას ნესტორიანელთა წინააღმდეგ, ქართულ ლიტერატურაში აისახა კამათი ორიგენიზმის, აგვისტიზმის, ხატთმებრძოლობის, კათოლიციზმის წინააღმდეგ. განსაკუთრებით საყურადღებოა პაექრობა მონოფიზიტობასთან. როგორც ცნობილია, VII ს-დან მანამდე მონოფიზიტური ქართული ეკლესია ქალკედონურ (დიოფიზიტურ) პოზიციას გაჰყვა საქართველოში მდიდარი ანტიმონოფიზიტური ლიტერატურა შეიქმნა. ამ ლიტერატურას განეკუთვნება ტრაქტატი, რომელიც წმიდა ნინოს მიეწერება („თქმული წმიდისა დედისა ჩვენისა ნინოჲსი…“). არსენ იყალთოელის „დოგმატიკონში“ რამდენიმე ანტიმონოფიზიტური თხზულებაა. ამ რიგის ლიტერატურაში საგანგებოდ გამოიყოფა პოლემიკა, მიმართული სომხური მონოფიზიტობის წინააღმდეგ. ბერძნულიდან ნათარგმნ თხზულებათა გარდა, ქართველნი საკუთარი ძალებითაც ჩაებნენ პაექრობაში განსაკუთრებით საყურადღებოა კათალიკოს კირიონის პაექრობა (VI-VII სს.) IX ს-ში ამ გზას ადგა არსენ საფარელი, რომელმაც დაწერა ისტორიულ-პოლემიკური თხზულება „განყოფისათვის ქართლისა და სომხითისა“. პაექრობას ადგილი ჰქონდა ღრტილის საეკლესიო კრებაზე (IX ს), დავით აღმაშენებლისა და თამარის დროსაც. ქართველ-სომეხთა საეკლესიო პოლემიკა გაცხოველდა XVIII ს-ში. ნიშანდობლივია, რომ ანტონ კათალიკოსის „მზამეტყველების“ ორი თავი საგანგებოდ ეხება მონოფიზიტობას.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები