გოლლუ
გოლლუ (ბალყ.-ყარაჩ. Голлу) – მოსავლის ღმერთი, ბუნების კვდომისა და აღორძინების განსახიერება ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში. მორწმუნეთა წარმოდგენით, იგი „ოქროსქურქიანი და ვერცხლისხელებაა“ (Алтын тонлу, кюмюш къоллу). ღვთაების კულტი მთელ ყარაჩსა და ბალყარეთში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. მისი სახელობის დღეობა ზოგჯერ საერთო ეროვნული ხასიათისა იყო. თუკი კულტის ცენტრი, დიდ ყარაჩში მდებარეობდა, შედარებით გრანდიოზული საღვთაებო დღესასწაულითა და საწესო მოქმედებებით დიდ ბალყარეთი იყო ცნობილი (იწვევდნენ სტუმრებს დიგორიდან, ყუმიხეთიდან, ყაბარდოდან და სვანეთიდან). გოლლუს სახელობის საგაზაფხულო წეს-ჩვეულებები, დაკავშირებული ბუნების აღორძინებასთან, თანხლებული იყო სპორტული და თეატრალიზებული სანახაობით, რომელშიც თხის ნიღბიანი პერსონაჟი ღვთაების პრივილეგიით აღიჭურვებოდა. ეს იყო გროტესკული და სამხიარულო ხასიათის კარნავალური მოქმედებები, რომლის დროსაც შეუძლებელიც დაიშვებოდა: ღატაკს თავადისა და აზნაურის ქალთან „ქორწინება“ (ამ წესს „сюек ауштургъан“ – „ძვლის გაცვლა“ ეწოდებოდა), მამაკაცებს – ქალის, ხოლო ქალებს მამაკაცის სამოსის ჩაცმა და სხვ. შეეძლოთ. კოლექტიური საწესო მოქმედებების ლაიტმოტივს კულტურით დადგენილი ნორმების დროებითი უარყოფა წარმოადგენდა.
გოლლუს მთავარი დღეობა, ვ. ფილონენკოს ცნობით, „რამდენიმე დღე-ღამე გრძელდებოდა. ერთ-ერთი ბოლო ღამე მიცვალებულებს ეძღვნებოდა: აცხობდნენ ღვეზელებს, წვავდნენ და ხარშავდნენ ცხვრის ხორცს, რომლის საუკეთესო ნაწილები მიცვალებულთათვის იყო განკუთვნილი. მორწმუნეები ფიქრობდნენ, რომ ამ ღამით წინაპრები საფლავებიდან გამოდიოდნენ და მათთვის პატივის მიგება კარგი მოსავლის საწინდარი იყო“.
საწესო ცეკვა „გოლლუ“, რომელიც დღეობაზე სრულდებოდა, თანხლებული იყო სიმღერით:
არსებობდა ცეკვა-სიმღერის სხვადასხვა ვარიანტი, მათ შორის საქორწილო „გოლლუც“. მოსავლის ღმერთს ახსენებდნენ ჭექა-ქუხილის ღვთაების სახელობის დღეობაზე, ფრინველთა მფარველისათვის მიძღვნილ წეს-ჩვეულებებში, აგრეთვე წვიმის გამოწვევასთან დაკავშირებული მაგიური ქმედებების დროს.
ლიტერატურა
- Филоненко В. И. Грамматика балкарского языка. Фонетика и морфология. Нальчик, 1940;
- Лавров Л. И. Карачай и Балкария до 30-их годов XIX в. // Кавказский этнографический сборник. М., 1969. Т. 4;
- Азаматов К. Г. Пережитки язычества в верованиях балкарцев // Из истории феодальной Кабарды и Балкарии. Нальчик, 1980;
- Холаев А. К вопросу о трансформации обрядовой песни-пляски «Голлу» у балкарцев и карачаевцев // Художественный язык фольклора кабардинцев и балкарцев. Нальчик, 1981;
- Малкондуев Х. Мифология балкарцев и карачаевцев // Фольклор народов Карачаево-Черкесии. Жанр и образ. Черкесск, 1988;
- Каракетов М. Д. Из традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995;
- Кудаев М. Ч. Древние танцы балкарцев и карачаевцев. Нальчик, 1997;
- Шаманов И. М. Календарь и календарная обрядность // Карачаевцы. Балкарцы. М.,2014.