გუიფირსართა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:56, 25 აგვისტო 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუიფირსართა (ოს. Гуиппырсартæ) – ნართული ეპოსის ოსურ ვერსიაში ასე ეწოდებათ რჩეულ ნართებს – ურიზმაგს, ხამიცს, სოსლანს, ბათრაძს, აისანას, სავაის, არახძავუს, სიბალცს და სხვებს. „ერთხელ ნართების გუიფისართები – ურიზმაგი, ხამიცი და სოსლანი სანადიროდ წავიდნენ“, – ასე იწყება თქმულება „როგორ გადაარჩინა ბათრაძმა ნართების გუიფისართები“. ერთ-ერთი გუიფისარი არის თავად ბათრაძი, ამასთან, ისეთი რჩეული გუიფისარი, რომელსაც ნართი ხალხი გმირობით, სიბრძნითა და კეთილშობილებით გამორჩეულთა შორის საუკეთესოდ მიიჩნევს და რომლის წინაშე ნართების ვაცამონგა მაღლა იწევს.

ნართი გუიფისართები ხალხის დამცველები არიან – დასახმარებლად ძალზე ძნელ ვითარებაში დროულად მოდიან, თავიდან აცილებენ უბედურებასა და საფრთხეს; სალაშქროდ მთელი წელიწადით ან უფრო მეტი დროითაც მიდიან; სიმართლის საძიებლად, ძალ-ღონის გამოსაცდელად და საგმირო საქმეებისთვის ზეცამდეც აღწევენ; არავის შეუძლია მათი დამარცხება; მეგობრობენ ზეცის მკვიდრ ღვთაებებთან, მტრობენ დევებსა და მოძალადეებს; სხვადასახვა ბრძოლებში იღუპებიან ხამიცი, სოსლანი და ბათრაძი; დანარჩენები ურიზმაგის მეთაურობით ამარცხებენ აგრესორებს; არავინ არ დარჩენილა, ვინც მათ ძალას გაუტოლდებოდა. და მაშინ სირდონმა, ნართების ჭირად გაჩენილმა, ისინი უზენაესის წინააღმდეგ განაწყო. ამ უთანასწორო ბრძოლაში არამარტო რჩეულები, არამედ მთელი ნართები გაწყდნენ.


ლიტერატურა

Осетинские нартские сказания. Дзауджикау, 1948; Нарты. Осетинский героический эпос. Кн. 2. М., 1989

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები