ბურჭულაძე პაატა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:56, 16 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პაატა ბურჭულაძე

ბურჭულაძე პაატა შალვას ძე - (12. II. 1955, თბილისი), ქართველი მომღერალი (ბანი). საქართველოს სახალხო არტისტი (1985).

1978 დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი (დ. ხელაშვილის კლასი), პარალელურად – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. 1978-81 სტაჟირება გაიარა იტალიაში, მილანის თეატრ „ლა სკალაში“. 1981-იდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. აქ და უცხოეთში შესრულებული აქვს მთავარი პარტიები ქართველ, დასავლეთევროპელ და რუს კომპოზიტორთა ოპერებში. ეწევა ნაყოფიერ საკონცერტო მოღვაწეობას საზღვარგარეთ (იტალია, ავსტრია, გერმანია, შვეიცარია, საფრანგეთი, ინგლისი, პორტუგალია, ესპანეთი, შვეცია, აშშ, ინდოეთი, იაპონია და სხვ.) ბურჭულაძე თანამშრომლობს მსოფლიოს უდიდეს დირიჟორებთან (ჰ. ფონ კარაიანი, კ. აბადო, ლ. მააზელი, ზ. მეტა, რ. მუტი, კ. მ. ჯულინი და სხვ.). გამოდის მსოფლიოს წამყვან საოპერო თეატრებსა და საკონცერტო დარბაზებში (მილანის „ლა სკალა“, ლონდონის „კოვენტ გარდენი“, მოსკოვის დიდი თეატრი და სხვ.). მდიდარია ბურჭულაძის კამერული რეპერტუარიც (მ. მუსორგსკის, ს. რახმანინოვის და სხვ. რომანსები).

ბურჭულაძე თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილი მომღერალია. იგი ფლობს უნიკალური ტემბრის ხმას, აქვს მდიდარი ვოკალურ-არტისტული დიაპაზონი, მაღალი საშემსრულებლო კულტურა, ორიგინალური სცენური ინტერპრეტაციის უნარი. 1984-იდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა თბილისის კონსერვატორიაში. 1987-იდან უცხოეთშია (ძირითადად-ავსტრიაში). ბურჭულაძე საქართველოს სახელმწიფო (1982), ი. გოგებაშვილის სახელობის (1991), ზ. ფალიაშვილის სახელობის (1991) და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო (1992) პრემიების, აგრეთვე მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია, მათ შორის აღსანიშნავია საერთაშორისო კონკურსი „ვერდის ხმები“ (1981, იტალია, ქ. ბუსეტო, II პრემია, პირველი არავისთვის არ მიუნიჭებიათ), მუსიკოს-შემსრულებელთა პ. ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსი (მოსკოვი, 1982, I პრემია), ფილადელფიის (აშშ) ლ. პავაროტის სახელობის საერთაშორისო კონკურსი (1985), მარია კალასის სახელობის საერთაშორისო კონკურსი (1986, გფრ, მაინის ფრანკფურტი, I პრემია); 1986 ვენაში (ავსტრია) შეიქმნა ბურჭულაძის სახელობის კლუბი, რომელიც აერთიანებს მისი ხელოვნების თაყვანისმცემლებს (100-მდე წევრი). 1987 ბურჭულაძეს მიენიჭა ფილადელფიის საპატიო მოქალაქის წოდება და გადაეცა ქალაქის სიმბოლური გასაღები „თავისუფლების ზარი“. პერიოდულად ჩამოდის საქართველოში. 1998 თბილისში გამართა საოპერო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ბრავო“. ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას.

(ლ. ესაძე)



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პაატა ბურჭულაძე‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები