აქარნელები (არისტოფანეს კომედია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„აქარნელები“ – ძველი ბერძენი კომედიოგრაფის არისტოფანეს კომედია.

კომედია „აქარნელები“, რომელიც ლენეებზე 425 წელს დაიდგა, ჩვენამდე მოღწეულთაგან უადრესია. ერთი წლით ადრე, 426 წელს არისტოფანეს დიდ დიონისიებზე კომედია „ბაბილონელები“ დაუდგამს (ტექსტი დაკარგულია). ეს კომედია ათენის რადიკალური დემოკრატიის ლიდერის, ომის პარტიის მომხრე კლეონის მწვავე კრიტიკას შეიცავდა. კლეონი მექრთამედ და დემაგოგად იყო გამოყვანილი. კლეონმა არისტოფანეს სასამართლოში უჩივლა და უცხოელთა თანდასწრებით ათენის ხალხისა და ხელისუფლების შეურცხყოფა დააბრალა (დიდ დიონისიებს ათენის განსაკუთრებით ბევრი მოკავშირე თუ უცხოელი სტუმარი ესწრებოდა). როგორც ჩანს, არისტოფანემ ძლივს დააღწია თავი სასჯელს. თუმცა, საბოლოოდ, ათენის სასამართლომ ის გაამართლა (ეს გარემოება, კრიზისის მიუხედავად, ათენის დემოკრატიის ხარისხსა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე მეტყველებს).

„აქარნელებში“ უკვე მთელი სისრულით აისახა არისტოფანეს დრამატურგიის პრობლემატიკა, მისი ძირითადი იდეურ-თემატური თუ ჟანრულ-სტილისტური თავისებურებები. მისი პირველივე პიესა ათენის საგარეო და საშინაო პოლიტიკის კრიტიკას ეძღვნებოდა, რომელმაც ქვეყანა (ძვ. წ. 404 წელს) პელოპონესის ომში დამარცხებამდე მიიყვანა. ბერძნულ-სპარსულ ომებში ათენის გამარჯვების შემდეგ, ათენსა და სპარტას შორის დაძაბულობა თითქმის არ შენელებულა. ათენმა რეგიონში წამყვანი პოზიციები მოიპოვა და ლიდერის პრეტენზიები ჰქონდა. თუ სპარტა და მისი მოკავშირეები ხმელეთს აკონტროლებდნენ და საკმაოდ მნიშვნელოვან სამხედრო ძალებს ფლობდნენ, ათენს საზღვაო მმართველობა ეკუთვნოდა. ის ცდილობდა თავისი სტრატეგიული უპირატესობის გაძლიერებას – სპარტას მოკავშირეების გადაბირებას, მატერიკზე ტერიტორიების დასაკუთრებას, კორინთოს ყელის დაუფლებასა და ა.შ. ათენისა და სპარტას ქიშპობას მათი სახელმწიფო მოწყობის კონცეფციებისა და მსოფლმხედველობის სხვაობაც ამწვავებდა. თუ ათენი დემოკრატიული მმართველობის ფორმებს ამკვიდრებდა, სპარტა და მათი მომხრეები ოლიგარქიულ მმართველობას აღიარებდნენ. ურთიერთპრეტენზიებსა და კონფლიქტებში 460-445 წწ. სპარტასა და ათენს შორის 15-წლიანმა, ე.წ. მცირე პელოპონესის ომმა იფეთქა, რომელიც 30-წლიანი საზავო ხელშეკრულებით დასრულდა, სადაც ორმა მოქიშპე-მოკავშირე ქვეყანამ 446/5 წწ. ზავის დადება მოახერხა. თუმცა, პელოპონესის ომის დასაწყისისთვის (431 წ.), ზავი რამდენჯერმე დაირღვა. 431-30 წწ. სპარტას ჯარები რამდენჯერმე შეიჭრა ატიკაში და სასტიკად აიკლო იქაურობა. მიუხედავად ამისა, პელოპონესის ომის პირველ ეტაპზე, 431-421 წწ. საომარი მოქმედებები ათენის უპირატესობით მიმდინარეობდა, 421 წელს ათენმა სპარტასთან კიდევ ერთი საზავო ხელშეკრულება დადო, რომელიც ისტორიაში ნიკიას ზავის სახელით შევიდა. თუმცა, ამან ვერ უშველა არსებულ წინააღმდეგობებს, სიტუაცია საბერძნეთში კვლავ დაძაბული რჩებოდა, რამაც ქვეყნები საომარ მოქმედებათა განახლებამდე მიიყვანა, ხოლო ათენის პოლიტიკურ ველზე კვლავ ომის პარტია დაწინაურდა (კერძოდ, ომის მომხრე პოლიტიკოსი ალკიბიადე). 421-404 წლებში პელოპონესის ომის პინა სპარტასა და პელოპონესის კავშირისკენ გადაიხარა და ათენის სრული განადგურებით დასრულდა.

სწორედ ათენსა და სპარტას შორის ომისა და ზავის საკითხი გახდა არისტოფანეს „აქარნელებში“ განსჯისა და გათამაშების საგანი. არისტოფანეს კომედია ვითარების აბსურდულობას გადმოსცემს და ათენის პოლიტიკასა და სოციალურ კრიზისს რამდენიმე მიმართულებით აკრიტიკებს. ამისთვის ის ძველი კომედიის გამომსახველობით ხერხებსა და რეალობის ასახვის სამოედნო ფორმების მთელ არსენალს იყენებს. პიესის მოქმედება პნიქსზე იწყება, ადგილზე, სადაც V საუკუნის მეორე ნახევრიდან ათენის სახალხო კრება იკრიბებოდა. აქ მოდის დიკეოპოლისი, ათენელი მიწათმოქმედი მტკიცე განზრახვით, რომ ორატორებს მშვიდობის საკითხის გადაწყვეტა მოსთხოვოს. პნიქსზე „გამაგრებული“, სოფლის მიმართ სიყვარულსა და ქალაქისადმი ზიზღზე საუბრობს. ათენელ მიწათმოქმედებს ეკონომიკური სტაბილურობისა და განვითარებისათვის მშვიდობიანი ცხოვრება სჭირდებათ, ქალაქის სავაჭრო და პოლიტიკურ ფენებს კი ომი აწყობთ, რადგან ის სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური დივიდენდების მოხვეჭის შესაძლებლობას იძლევა. მოულოდნელად, კრებაზე, 12 წლის წინ სპარსეთში ომის წარმოებისთვის ფულის საშოვნელად გაგზავნილი ელჩობა მოდის. მისია უშედეგოდ დასრულდა. თუმცა, მათ დიდი პატივით ხვდებიან და სადილზეც ეპატიჟებიან. სპარტასთან ზავის ერთადერთ მომხრეს – ნახევრად შეშლილ მქადაგებელ ამფითეოსს კი პნიქსიდან გააძევებენ, იმდენად არაპოპულარულია ზავის მხარდაჭერა.

დიკეოპოლისი აღშფოთებულია, ის გადაწყვეტს, რომ პერსონალური ზავი დადოს სპარტასთან და ამ მიზნისთვის, საკუთარ ელჩად, სწორედ, ამფითეოსს აირჩევს. ამფითეოსი დიკეოპოლისს ზავს ბოთლებით მოუტანს, რათა მან თვითონ გადაწყვიტოს, რომელი ზავი სურს: ხუთწლიან და ათწლიან „ზავებს“ იარაღის ჟღარუნის სუნი ასდის, „ოცდაათწლიანის“ სურნელი კი ხანგრძლივ მშვიდობას ჰპირდება დიკეოპოლისს. არისტოფანე 30-წლიან ზავს კარგად დაყენებული ღვინის თვისებებს მიაწერს, რომელიც, წლებთან ერთად, სულ უფრო მეტ ღირსებებს იძენს. ამასთან, ღვინო ათენური მიწათმოქმედებისა და კომედიის დიონისური ტრადიციის კვინტესენციაა. დიკეპოლისის 30-წლიან ზავს აირჩევს, შემდეგ კი შინ მიდის, რათა წარმატება იზეიმოს. ასე მთავრდება პიესის პროლოგი და მოქმედების კვანძი იკვრება.

ორქესტრაზე პატრიოტულად განწყობილ აქარნელ მოხუცთა ქორო შემოიჭრება ყვირილით: – დაეწიე, დაიჭირე! ისინი მოღალატე დიკეოპოლისის შეპყრობასა და მისი ზავის განადგურებას ითხოვენ. აქარნა ათენის დემებს შორის ყველაზე დიდი იყო და, ტრადიციულად, ყველაზე მეტ ჰოპლიტს აწვდიდა პელოპონესის ომს. ხელისუფლება მათ მომხრობასა და მოსყიდვას ცდილობდა. ვიღაც არამკითხე დიკეოპოლისმა ყველას ინტერესები დაივიწყა და პერსონალური ზავი „მოიწყო“.

ამასობაში სახლიდან გამოდის დიკეოპოლისი, რომელიც ცოლის, ქალიშვილებისა და მონების თანხლებით დიონისეს სადიდებელ ფალიკურ მსვლელობას აწყობს, ღმერთს თავისი ოჯახისათვის ბარაქასა და ნაყოფიერებას შესთხოვს და მშვიდობისა და მფარველობის სანაცვლოდ, ოცდაათი წლის მანძილზე მხიარული და უხვი დღესასწაულების მოწყობას ჰპირდება. გუნდი მიეჭრება დიკეოპოლისს, ქვებს დაუშენს ზეიმის მონაწილეებს და ჩაქოლვით ემუქრება.

დიკეოპოლისი ნახშირით სავსე კალათას სტაცებს ხელს და ცოცხალივით დანით დაემუქრება. საქმე იმაშია, რომ აქარნის მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა მენახშირეობა იყო. იმავე ხელობისა იყვნენ მოხუცებიც. ამ სცენაში არისტოფანე, კომედიის ხერხებით, ათენის მიწათმოქმედთა და ატიკის ყველაზე დიდი თემის სოციალურ დაპირისპირებას გვაჩვენებს. ეს დაპირისპირება აშკარად პოლიტიკოსთა წაქეზებით ხდებოდა, რადგან მათ ომისსაწარმოებლად ათენელთა ხმები, მხარდაჭერა, ფული და ცოცხალი ძალა სჭირდებოდათ. აქარნელ მენახშირეებს შეეშინდებათ, დიკეოპოლისს „ყელში არ გამოესვა მათთვის დანა“ და მისი არგუმენტების მოსმენას თანხმდებიან.

დიკეოპოლისმა ეს შანსი უნდა გამოიყენოს. ის გადაწყვეტს, რომ თავისი სატკივარი სათანადოდ შესაბრალისი სახით გადმოსცეს. ამისათვის, ის ევრიპიდეს ერთ-ერთი უბედური პერსონაჟის – ტელეფოსის სამოსს ესესხება. ევრიპიდესა და მისი დრამატურგიის გაქილიკება არისტოფანეს ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა იყო, თუმცა, არსებობს აზრი, რომ ის ევრიპიდეს მეგობარი გახლდათ და დიდ პატივს სცემდა მის შემოქმედებას, ისევე, როგორც სოკრატეს ფილოსოფიური მეთოდს.

დიკეოპოლისის მეშვეობით, არისტოფანე კლეონთან „ბაბილონელების“ გამო თავისი დაპირისპირების ისტორიასაც ყვება და პერსონაჟისათვის საავტორო ნიშნების მინიჭების ძველი ატიკური კომედიისთვის დამახასიათებელ ხერხს იყენებს. ის იხსენებს, რამდენი სიცრუე, ცილისწამება და ლანძღვა-გინება აიტანა კლეონისაგან და როგორ ძლივს გადაურჩა დაღუპვას.

ცხადია, რომ დიკეოპოლისის თავმდაბლობა და კომიკური თვითდამცრობა მხოლოდ ხერხია, რომელსაც ეს გაბედული პერსონაჟი მიმართავს. ის ხომ ათენსა და აქარნის დემში ყველაზე არაპოპულარულ პოზიციას იკავებს. დიკეოპოლისი გუნდის წინაშე თავს პელოპონესის ომის მიზეზების კომიკური გაშარჟებით იმართლებს. მისი თქმით, ომის მიზეზი მხარეების მიერ ერთმანეთისთვის მსუბუქი ყოფაქცევის ქალების მოპარვა იყო (როგორც ერთ დროს, ტროას ომი მშვენიერი ელენეს გამო დაიწყო), ის ამტკიცებს, რომ ომი მხოლოდ დემაგოგებსა და ლამაქეს მსგავს სტრატეგოსებს აწყობთ, რადგან ის მათთვის გამდიდრების წყაროა, რაც შეეხება ხალხს, ის ყოველთვის გაძარცვული და გაბრიყვებულია.

დიკეოპოლისი გუნდის დარწმუნებას ახერხებს. თუმცა, ამის შემდეგ, არისტოფანე კიდევ ერთი დილემის წინაშე გვაყენებს. მას შემდეგ, რაც ზავი მოიპოვა და მისი ფლობის უფლება დაიცვა, დიკეოპოლისი თავისი პერსონალური ბაზრის საზღვრებს ადგენს. აქ ვაჭრობის უფლებას ის ათენთან დაპირისპირებულ პელოპონესელებს, მეგარელებსა და ბეოტიელებს რთავს და საკუთარ ტერიტორიაზე „მეგარული დეკრეტით“ გათვალისწინებულ აკრძალვებს აუქმებს. მეგარელთან დიკეოპოლისის ვაჭრობის კომიკური სცენა სკაბრეზული მინიშნებებითა და პოლიტიკური აქცენტებით არის შეზავებული. მეგარელი თავის გოჭად გადაცმულ ორ ქალიშვილს ყიდის. ბეოტიელი – ფრინველსა და თევზს. ვაჭრობის სცენებს არისტოფანე რეალური პოლიტიკური ურთიერთობებისა და მოქმედი დეკრეტების კონტექსტში ათავსებს.

მაგრამ დიკეოპოლისის „ზავი“ სხვა ათენელებზე არ ვრცელდება, მისი შედეგები მხოლოდ დიკეოპოლისსა და მის ინტერესებს ხმარდება. შესაბამისად, ერთი სოციალური ფენის მოგება მეორეს არ უნაწილდება, რაც ათენში დემოკრატიული და სამოქალაქო ღირებულებების ცვლილებასა და პრაგმატული ცნობიერების გავრცელებაზე მეტყველებს.

პიესა დიკეოპოლისის ტრიუმფალური ნადიმით მთავრდება, რომელიც დაჭრილი და შეტაკებაში დამარცხებული ლამაქეს გასაჭირისა და ჩივილის სცენების ფონზე მიმდინარეობს.

არისტოფანეს მიზნად არა აქვს განყენებული პაციფისტური იდეების პროპაგანდა, ის ათენის მიწათმოქმედთა ძალზე კონკრეტული საჭიროებებიდან ამოდის. თავის შეხედულებებს ძველი ატიკური კომედიისათვის დამახასიათებელი ფასრული ხერხების, კომიკური გაზვიადებისა თუ რეალური პრობლემების კომედიისათვის დამახასიათებელი რედუქციის გზით ახდენს.

მკვლევართა ნაწილი დიკეოპოლისის გამართლებას ცდილობს, მაგალითად, კრისტოფერ კერის აზრით, პიესაში არის ეპიზოდები, რომლებიც ზავზე დიკეოპოლისის მონოპოლიის თემას ეწინააღმდეგება. „არისტოფანე საკმაოდ ბუნდოვანია მშვიდობის მოცულობასთან მიმართებით. იმწუთიერი საჭიროებიდან გამომდინარე, მშვიდობა ხან დიკეოპოლისით იზღუდება, ხან კი სხვებსაც მოიცავს. როდესაც არისტოფანეს სჭირდება, რომ დიკეოპოლისმა შეჯიბრში მონაწილეები სმაში დაამარცხოს, ის მშვიდობის სხვებზე განვრცობის საშუალებას იძლევა“.

მაია გოშაძე


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები