ჟანგვა-აღდგენა
ჟანგვა-აღდგენა – ქიმიური რეაქციების კლასი, რომელიც ხორციელდება ელექტრონების ნაწილობრივი ან სრული გადასვლით ერთი ატომებიდან მეორეზე. ელექტრონების გაცემას ეწოდება ჟანგვა, ელექტრონების მიერთებას – აღდგენა. ჟანგვა-აღდგენის მარტივი მაგალითია მეტალური თუთიის გახსნა მარილმჟავაში: Zn+2HCl = ZnCl2+H2. აქ Zn-ის ატომი კარგავს 2 ელექტრონს და გარდაიქცევა თუთიის იონად, ხოლო წყალბადის იონი იღებს ელექტრონს, გარდაიქმნება ნეიტრალურ H-ის ატომად, უფრო ზუსტად H2 მოლეკულად. თუთია იჟანგება, წყალბადი აღდგება. თუთია აღმდგენია, წყალბადი – მჟანგავი. ჟანგვა-აღდგენის რეაქციები მიეკუთვნება ბუნებასა და ტექნიკაში ყველაზე გავრცელებულ რეაქციებს. ასეთებია ყველა სახის საწვავის წვა, ლითონთა კოროზია, მადნებიდან უმრავლესი ლითონების აღდგენა, აზოტმჟავას, გოგირდმჟავასა და სხვა ქიმიური პროდუქტების მიღება.