ბაზალტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაზალტი

ბაზალტი − (ლათ. basaltes, basanites < ბერძ. basanos სასინჯი ქვა, რკინისშემცველი ქვა) – ფართოდ გავრცელებული კაინოტიპური (საღი) შავი ფერის ფუძევულკანური ქანი.

ძირითადი კომპონენტია სილიციუმის დიოქსიდი – SiO2.
დნობის ტემპერატურა – 1150-1350°C; სიმკვრივე 2,6-3,1 გ/სმ3;
ფორიანობა – 0,5-1,5%;
წყალშთანთქმა – 0,2-0,4% წონის მიხედვით, 0,5-1,1 მოცულობის მიხედვით;
სიმტკიცე კუმშვაზე – 264-320 მპა (მშრალი ბაზალტის), 250 მპა (სველი ბაზალტის), 180-270 მპა მდნარი ბაზალტის;
დროებითი წინაღობა გაგლეჯაზე მდნარი ბაზალტის – 45-52 მპა.

მედეგია მჟავების და ტუტეების მიმართ. ჩვეულებრივ ბაზალტი ამა თუ იმ რაოდენობით გვხვდება ვულკანური მინა. ბაზალტი მინით მდიდარ სახესხვაობას ჰიალობაზალტი ეწოდება, ხოლო სრულკრისტალურს და რამდენადმე მსხვილმარცვლოვანს – დოლერიტი. ბაზალტი ადვილად ლღვება. ლღობილ ბაზალტს იყენებენ მჟავაგამძლე ქიმიური აპარატურის, მილების, ძლიერი დენის ელექტროიზოლატორების დამზადებისათვის და სხვ. ნორმალური რიგის ბაზალტში ორ ტიპს გამოყოფენ: ოლივიანიანს და უოლივინოს, ანუ ტოლეიტურს.

ბაზალტი კარგი საშენი მასალაა. იყენებენ ღორღისა და საცალო (ბორდიურის) ქვის დასამზადებლად, ასევე ნაგეგობათა მოსაპირკეთებლად; მკვრივია, კარგად იხეხება, რის გამო მას ძველი დროიდან (ეგვიპტე, ასურეთი, გვიანდელი რომი, ბიზანტია) იყენებდნენ ქანდაკებებისათვის. საქართველოში საშენ ქვად ბაზალტს ძველთაგანვე ხმარობდნენ (ბრინჯაოს ხანის მეგალითური ნაგებობანი). შუა საუკუნეების ქართლში, მესხეთ-ჯავახეთში ძირითადი საშენი ქვა ბაზალტი იყო. ბაზალტითაა აგებული სამშვილდისა და დმანისის ციხესიმაგრეები, მანგლისის ტაძარი, რუისის, წუნდის, აბელიის ეკლესიები, თირის მონასტერი, ნადარბაზევის კომპლექსი და სხვ. ბაზალტით ამზადებდნენ ეკლესიათა და სხვა ნაგებობათა სახურავის ფილებს. საქართველოში გავრცელებული შედარებით ძველი (იურული, ცარცული, პალეოგენური) ბაზალტი (ბაზალტური პორფირიტები) ცნობილია მთიან აფხაზეთში, სამეგრელოში, ლეჩხუმ-იმერეთსა და აჭარა-გურიაში; ახალგაზრდა ბაზალტი(ზედამესამეულ-მეოთხეული) გვხვდება სამხრეთ საქართველოში ასპინძა-ახალქალაქის, ნინოწმინდა-წალკისა და დმანის-თეთრი წყაროს რაიონებში. ბაზალტისაგან მიიღება საწარმოო ტექნოლოგიური საქსოვი ბოჭკო, უნიკალური ძაფი, რომელიც კარგი მდგრადობით გამოირჩევა. მისგან შეიძლება დამზადდეს კოროზიამედეგი არმატურა, ნებისმიერი სახის მილი, შიფერი, კრამიტი, მატარებლის ხუნდები, შვერილები და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები