ნახშირგორის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:25, 13 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნახშირგორის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მსხალდიდის სამხრეთით 5-7 კილომეტრზე, სასაფლაოზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.

ეკლესიაში შეიმჩნევა ორი სხვადასხვა დროის სამშენებლო ფენა: I ფენა განვითარებული ფეოდალური ხანისაა, II ფენა – გვიანდელი ფეოდალური ხანის. ეკლესია ნაგებია კარგად გათლილი ქვიშაქვის ქვით. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში შეკეთების დროს აგური გამოუყენებიათ.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (13,8X7,3 მ). შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი შიგნიდან თაღოვანია, გარედან არქიტრავითაა გადახურული. სწორკუთხა საკურთხეველი გამოყოფილია წყვილი ბურჯით, რომლებსაც სამი თაღი ეყრდნობა. შუა თაღი სხვებთან შედარებით ფართო და მაღალია. თაღედის წინ არდაბაგია გვერდებზე ორსაფეხურიანი კიბეებით. საკურთხევლის შუა ნაწილი გადახურულია ოდნავ შეისრული შეკრული კამარით, ხოლო სამკვეთლო და სადიაკვნე ცილინდრული კამარით. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ქვემოთ ნიშია. საკურთხევლის სამხრეთ გასასვლელი ნიშისმაგვარადაა ამოშენებული (ხატის ჩასასმელად?). სამკვეთლოსა და სადიაკვნეს თითო სარკმელი აქვთ და მცირე თაღოვანი გასასვლელებით ნავის აღმოსავლეთ ნაწილში შექმნილ კამაროვან უბეებს უკავშირდებიან ჩრდილოეთ უბის ჩრდილოეთ კედელში თაღოვანი შესასვლელი (ამოქოლილია) ყოფილა. კარს ზემოთ თაღოვანი სარკმელია. ასეთივე სარკმელი სამხრეთ უბის სამხრეთ კედელშიც არის. ამ სარკმლის ქვემოთ თაღოვანი ნიშია. დარბაზის შეისრული კამარა უშუალოდ კედლებს ეყრდნობა. სამხრეთ, ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია.

აღმოსავლეთის ფასადზე, ფრონტონში, საკურთხევლის სარკმლის ზემოთ, აგურის წყობაში ჩასმულ ქვაზე გამოსახულია რელიეფური ჯვარი. დასავლეთ კედელი ამოყვანილია ორსაფეხურიან ცოკოლზე, რომლის ქვედა საფეხური სწორკუთხაა, ზედა – ლილვს წარმოადგენს. სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადებზე საკურთხევლის ნაწილი რამდენადმე წინწამოწეულია. სამხრეთის ფასადზე კარის არქიტრავის ზემოთ აგურის წყობაში ჩასმულია სომხურწარწერიანი ქვა, მის ზემოთ პატარა თაღოვანი ნიშია. ქვასა და ნიშს შეწყვილებული ლილვით შედგენილი თაღი აქვს ეკლესიას შემოვლებული აქვს აგურის ორსაფეხურიანი ლავგარდანი, სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები