იასპი
იასპი – (ბერძ. jasper ლაქებიანი), მასიური წვრილმარცვლოვანი ქანი, რომელიც ძირითადად ნაგებია კვარცით, ქალცედონითა და სხვა მინერალებით. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ლამაზი სანახელავო ქვაა. გამოირჩევა სიმაგრითა და სიმტკიცით, მრავალფეროვანი შეფერილობით. კარგად კრიალდება, გაუმჭვირვალეა, აქვს კიბოსებრი ტეხილი. პოლიგენური წარმონაქმნია. საკუთრივ იასპი - მეტწილად მეტამორფული კაჟბადიანი რადიოლარიული ან თიხოვან-კაჟბადიანი ნალექია, რომელიც წარმოშობით დაკავშირებულია ეფუზივებთან და ტუფებთან. იასპის ყველაზე დიდი მომწოდებლებია: ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ეგვიპტე, ინდოეთი, ინდონეზია, ყაზახეთი, მადაგასკარი, მექსიკა, რუსეთი, ურუგვაი, საქართველო, ვენესუელა და აშშ. არსებობს იასპის სახეები: წითელი, მწვანე, ბრექჩია, სისხლიანი (ჰელიოტროპი), სამეფო, ლეოპარდის, ფოტოსებრი (ქვიშის), მუკაიტი, ოკეანის, ბამბელბი, ზებრა (სურ. 5), ხავსიანი, დალმატინელი, კამბაბა, პიკასო, კივი, რიოლიტი, უნაკიტი და სხვ.