ლაომედონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლაომედონი(ბერძნ.) ტროას მეფე. ილოსის ძე. ჰესიონეს, პრიამოსისა და ტითონოსის მამა.

როდესაც ტროაში გამეფდა ლაომედონი, განიზრახა ქალაქის გარშემო გალავნის აგება. მას გაუმართლა: მოხდა ისე, რომ ზუსტად იმ ხანად ზევსს აუმბოხდნენ აპოლონი და პოსეიდონი. უზენაესმა ღმერთმა ისინი დასაჯა, აიძულა მიხმარებოდნენ ლაომედონს გალავნის აგებაში. ასე ამბობენ, პოსეიდონი აშენებდაო, აპოლონი კი ჩანგს აჟღერებდა და მწყემსავდა არვეს. ლელეგი ეაკოსიც მათ გვერდით იყო. ასე რომ, მალე აიგო დიდებული გალავანი, მაგრამ ლაომედონმა თავის ღვთაებრივ მშენებლებს სამადლობელი საზღაური არ მიაგო. განრისხდნენ ღმერთები: აპოლონმა ტროას ჭირი მიუვლინა, პოსეიდონმა – ზღვის ურჩხული, რომელიც ადამიანებს იტაცებდა და შთანთქავდა. შეწუხდნენ ტროელები, მიმართეს სამისნოს და შეიტყვეს, რომ მათ თავს დამტყდარი უბედურება მხოლოდ მაშინ დასრულდებოდა, თუ მეფის ასულ ჰესიონეს გასწირავდნენ ზღვის ურჩხულისთვის. ლაომედონმა თავისი ხელით მიიყვანა მშვენიერი ჰესიონე კბოდესთან და მიაჯაჭვა. ეს რომ შეიტყო გმირმა ჰერაკლემ, ქალიშვილის დახსნა განიზრახა. მან იცოდა, რომ ლაომედონს ოდესღაც ჰყავდა ულამაზესი ძე განიმედესი, რომელიც მოეწონა ზევსს და თან წაიყვანა ოლიმპოსზე. სანაცვლოდ კი მეფეს დიდებული მერნები უბოძა. სწორედ ეს მერნები სთხოვა ჰერაკლემ ლაომედონს ჰესიონეს ხსნის გასამრჯელოდ. მეფე დათანხმდა. როდესაც ჰერაკლემ განგმირა საზარელი ურჩხული, ჰესიონე ჯაჭვებიდან ჩამოხსნა და მეფეს ეახლა ძვირფასი ძღვენით, ვერ მიიღო ზევსის მერნები. სიტყვა გატეხა ლაომედონმა. გმირს არ შეეძლო მაშინვე გადაეხადა სამაგიერო ცბიერი მეფისათვის – მისი ამალა მცირერიცხოვანი იყო და ვერ გაუმკლავდებოდა ტროას მთელ ლაშქარს. დროც არ ითმენდა. ჰერაკლეს სხვა საქმეები ელოდა. მაგრამ მალე მობრუნდება იგი ტროაში, აიღებს ქალაქს და სიცოცხლეს გამოასალმებს მეფეს, რომელმაც პირობა არ შეასრულა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები