ემფატიკური ხმოვანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ემფატიკური ხმოვანი – ხმოვანი, რომელიც ერთვის გარკვეულ ბრუნვებში დასმულ სახელებს და გამონათქვამში (წინადადებაში) ძირითადად ასრულებს სადემარკაციო ფუნქციას. ქართულში ემფატიკური ხმოვნებია -ა და -ი. ტერმინი „ემფატიკური“ პირველად გამოიყენა ნ. მარმა მხოლოდ -ა ხმოვნისთვის, როგორც მავრცობისათვის. შემდეგ იგი (ფუნქციური იგივეობის გათვალისწინებით) გავრცელდა -ი ხმოვანზეც.

ემფატიკური -ა, ხმოვანი -ა შეიძლება დაერთოს სახელებს, ზოგ ფორმაუცვლელ სიტყვას (იშვიათად, ზმნებსაც). მას საენათმეცნიერო ლიტერატურაში მავრცობ ხმოვანს, ნართაულ -ა-ს და მარცვალთღიაობის -ა-საც უწოდებენ.

-ა ხმოვანი ძველ ქართულშიც გამოიყენებოდა, სადაც მისი ხმარება სისტემური და კანონზომიერი იყო. იგი ერთოდა მხოლოდ საზოგადო სახელებს მიცემით, ნათესაობით და მოქმედებით ბრუნვებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სახელი იყო კომპოზიტის პირველი წევრი, შედგენილი შემასმენლის სახელადი ნაწილი ან თანდებულიანი (მოქმ. ბრუნვა). -ა ხმოვანს არ დაირთავდა წინადადებაში ზმნისართად გამოყენებული სახელიც. სახელებში დადასტურებულ ამ -ა-ს გენეტურად ჩვენებით ნაცვალსახელს უკავშირებდნენ (ამას, ამის, ამით) და -ა ელემენტით გავრცობილ ბრუნვის ფორმებს, განუსაზღვრელი ფორმებისაგან განსხვავებით, განსაზღვრულად თვლიდნენ (არნ. ჩიქობავა).

ახალ ქართულში -ა ხმოვანს განსაზღვრული ფუნქცია არა აქვს და არც სისტემურადაა გამოყენებული. იხმარება შემდეგ შემთხვევებში:
1. უფრო ხშირად დაერთვის როგორც საკუთარ, ისე საზოგადო სახელებსა და ნაცვალსახელებს მიცემით, ნათესაობით, მოქმედებით და ვითარებით ბრუნვებში, ხოლო შესაფერის სიტუაციაში ხმოვანფუძიან სახელებსა და ნაცვალსახელებს მოთხრობით ბრუნვაშიც (კაცსა, რისა, ხმითა, შვილადა, ეანომა…);
2. ზოგჯერ დასტურდება (დაერთვის ან აღდგება) თანდებულთან ან ზოგ ისეთ ნაცვალსახელთან, რომელიც ბრუნვის ნიშნით არ არის გაფორმებული (ბავშვისთვისა, კესოსკენა, ცხენივითა… შენა, ესა, ვინა…);
3. ხშირად იხმარება ფორმაუცვლელ სიტყვებთან, ძირითადად ზმნისართებთან, ზოგჯერ კი – კავშირებსა და ნაწილაკებთანაც (აქა, წინა, კიდევა, იმიტომა…);
4. ხშირად -ა ხმოვნით გავრცობილ ფორმას ერთვის სხვათა სიტყვის -ო ხმოვანი (რაღაცამაო, გულითაო, რადაო…);
5. იშვიათად გვხედება ზმნებთანაც. ასეთი შემთხვევები უფრო ხშირია სასაუბრო მეტყველებაში, ძირითადად მრავლობითობის -თ-სა და III სუბიექტური პირის ნიშნის -ს-ს შემდეგ (მივიდეთა და ვნახოთ, ნახესა და განიცადეს…).
ყველა ამ შემთხეევაში ემფატიკური ხმოვანი სტილისტიკური დანიშნულებისაა, მაგრამ მას მაინც გარკვეული ადგილი აქვს სიტყვაში და გარკვეულ პირობებში იხმარება: წინადადებაში პაუზსის წინ; და, თუ კავშირების წინ; მოკლე (ერთმარცვლიანი) და ისეთი ზმნების წინ, რომელთაც თავში (პირველ მარცვალში) ხმოვნის შემცველი მორფოლოგიური ელემენტი (ზმნისწინი, საწარმოებელი პრეფიქსი…) არ ახლავს.

ქართულში -ა ხმოვნის ხმარება აუცილებელია შემდეგ შემთხქევებში: თანხმოვანფუძიან სიტყვებში -ც(ა) ნაწილაკის წინ (წა-მალსა-ც, თვითონა-ც, უწინა-ც… გამონაკლისებია შენც, ჩვენც, თქვენც, ვინც, როგორც. ასეთ -ა-ს მაერთებელ ხმოვანსაც უწოდებენ); სახელის მიცემითი ბრუნვის ფორმებთან, როდესაც მას -ვით თანდებული ერთვის (კალიასავით, მზესავით, ხბოსავით-.); ნათესაობით ბრუნვაში დასმულ მსაზღვრელთან, თუ ის საზღვრულს მოსდევს (ძალა სიყვარულისა, მუშაობას გიორგისა-ს…): შედგენილი შემასმენლის სახელად ნაწილთან (ქვისა-ა, კარგადა-ა, იმიტომა-ა…); და, თუ კავშირებით შეერთებულ მიცემით ან ნათესაობით ბრუნვაში დასმულ სახელთაგან პირველთან, როცა მეორე თანდებულდართულია (მიწასა და ცაზე, ძმისა თუ დისთვის…).

თ. ზურაბიშვილი


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები