მეტათეზისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეტათეზისი – (ბერძნ. metathesis – გადაადგილება), პერმუტაცია, ტრანსპოზიცია, გადასმა, სიტყვაში მარცვლების, ბგერების ან ბგერითი მახასიათებლების ურთიერთჩანაცვლება ასიმილაციურ ან დისიმილაციურ ნიადაგზე. მეტათეზისი შეიძლება იყოს რაოდენობითი, მაგ., სიტყვაში ბგერის სიგრძე-სიმოკლის გადასმა (ბერძნ. teos < tieos) და თვისებრივი, როცა საქმე ეხება თვით ბგერების გადანაცვლებას. მეტათეზისი კონტაქტურია, როდესაც ხდება მოსაზღვრე ბგერების გადასმა (ნახშირი < ნაშხირი), დისტანციური – დაშორებული ბგერების გადაადგილება (ცარიელი < ცალიერი). ბგერათა გადაადგილების მიმართულების მიხედვით მეტათეზისი შეიძლება იყოს პროგრესული (დიალექტ. ნავხე < ვნახე) და რეგრესული (ნამგალი < მანგალი). ქართულში მეტათეზისის საერთო მიმართულება რეგრესულია. განსაკუთრებით ხშირია სონორულ და კბილბაგისმიერ -ს გადასმა (სვლა < სლვა, ხვრა < ხრვა, კვლა < კლვა…).

მეტათეზისის მიზეზი შეიძლება იყოს არტიკულაციური (ჩვეულებრივ, კონტაქტური მეტათეზისის დროს): წარმოთქმისათვის უხერხული ან ბგერათშეხამების სისტემის თვალსაზრისით არამოტივირებული კომპლექსების აცილება (ნახშირი < ნაშხირი, კვლა < კლვა…), ან ფსიქოლოგიური (ჩვეულებრივ, დისტანციური მეტათეზისის დროს) – ანტიციპაცია და ინერცია. მეტათეზისი უპირატესად სასაუბრო ენას, დიალექტურ მეტყველებას ახასიათებს, მაგრამ ხშირია შემთხვევები, როცა ასეთი ფორმები სალიტერატურო ენაშიც მკვიდრდება (ნამგალი, ცარიელი…).


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები