კელენჯერიძე მელიტონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:35, 31 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მელიტონ კელენჯერიძე – (დ. 5 თებერვალი 1864, სოფ. ტაბაკინი, ზესტაფონის რ-ნი, – 15 აგვისტო 1942, თბილისი). საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ფოლკლორისტი, ქართული ეკლესიის ისტორიის მკვლევარი.

დაწყებითი განათლება მიიღო ქუთაისში. 1884-იდან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სასწავლებელში, 1890-იდან კიევის სასულიერო აკადემიის მსმენელი გახდა. 1893 ნაშრომისათვის „ქართული ეკლესია XVIII საუკუნეში“ მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი. კიევის სასულიერო აკადემიის დამთავრების (1894) შემდეგ მასწავლებლობდა ქუთაისსა და ფოთში. კელენჯერიძეს გარკვეული წვლილი მიუძღვის ქართული სალიტერატურო ენის განვითარებაში. შეადგინა სახელმძღვანელოები სკოლებისათვის: „სიტყვიერების თეორია“ „ქართული ქრესტომათია“ და „ქართული პრაქტიკული გრამატიკა”. გრამატიკა გამოვიდა ორჯერ. პირველი გამოცემა (1920) შეიცავს მხოლოდ მორფოლოგიას, მეორე კი – (1925) მორფოლოგიასა და სინტაქსს. პირველი გამოცემა განკუთვნილია სკოლებისათვის სახელმძღვანელოდ, ხოლო მეორე – თვითგანვითარებისა და ქართული ენის შესწავლის მსურველთათვის.

ორივე გამოცემა აგებულია ლოგიცისტური გრამატიკის საფუძველზე. მაგრამ ადრინდელი გრამატიკებისაგან ორივე განსხვავდება გრამატიკის საკითხების სწავლების თვალსაზრისით. კელენჯერიძემ ამ სახელმძღვანელოში უარყო დედუქციური გზა და სწავლების ძირითად გეზად აღიარა ინდუქცია.

მეორე გამოცემაში საგრამატიკო მასალა დაყოფილია „კონცენტრებად“. პირველი სამი საფეხური ეპიზოდური კურსია და შეიცავს გრამატიკის მხოლოდ ელემენტარულ საკითხებს, ხოლო ორი უკანასკნელი საფეხური (IV, V) ეთმობა მორფოლოგიისა და სინტაქსის სისტემატურ კურსს.

ორივე გამოცემაში მსჯელობას წინ უსწრებს მაგალითი ან ცხრილი, რომლის შესახებაც დასმულია კითხვები და იქვეა მოცემული პასუხებიც.

გრამატიკული საკითხების კვალიფიკაციის თვალსაზრისით კელენჯერიძის გრამატიკა მეცნ. სიახლით არ გამოირჩევა და რჩება პრაქტიკული გრამატიკის დონეზე. (გ. იმნაიშვილი)

კელენჯერიძე დიდ ყურადღებას აქცევდა ზღაპრების, შაირების, სიმღერების, ზმების, ანდაზა-გამოცანების შეგროვებასა და შესწავლას. კელენჯერიძის ვრცელმა გამოკვლევამ „სახალხო პოეზია და მისი საპედაგოგიკო და საესთეტიკო მნიშვნელობა“ (1896) თავის დროზე თვალსაჩინო გამოხმაურება პოვა 1915 წ. კელენჯერიძემ „ტანკმელის” ფსევდონიმით ცალკე წიგნად გამოსცა ორი ზღაპარი აფორიზმები და გამოცანები. (თ. ზანდუკელი)


ლიტერატურა

  • ჯაგოდნიშვილი თ. ქართული ფოლკლორისტიკის სათავეებთან, თბ., 1986;
  • ფანასკერტელი-ციციშვილი ო. ქართული ფოლკლორის მოამაგენი – მელიტონ კელენჯერიძე, თბ., 2001;
  • მ. კელენჯერიძე, სახალხო პოეზია და მისი საპედაგოგიკო და საესთეტიკო მნიშვნელობა, 1896;
  • სახალხო განათლების მოღვაწეები და მასწავლებლები, III, 1968.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები