ტაბაკინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტაბაკინი — სოფელი დასავლეთ საქართველოში, იმერეთში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, კლდეეთის თემში. მდებარეობს მდინარე აჯამურის ხეობაში. ზღვის დონიდან 380 მეტრი, ზესტაფონიდან 7 კილომეტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 754 ადამიანი.

სახელწოდება

სოფლის სახელწოდების წარმოშობის შესახებ ადგილობრივ სხვადასხვა გადმოცემები არსებობს. ერთი ვერსიის მიხედვით სოფელს ტაბაკინი იმის გამო შერქმევია, რომ ნატბეურ ადგილზე გაშენებულა. „აქ ყოფილა უწინ ტბა, რომელიც დამშრალა და ხალხს იქ სახნავ-სათესი მამულები გაუშენებია, მერე სოფელიც დასახლებულა“ (ციცო გუგულის ასული აბრამიშვილი).

სხვაგვარი გადმოცემით სოფელს ასეთი სახელი ტაბაკთან მიმსგავსების გამო შერქმევია: „ზემოდან რომ დახედოს კაცმა, ტაბაკივით მრგვალად არის გაშენებული“ (პოლიევქტ ბიქტორის ძე გაჩეჩილაძე). არსებობს კიდევ ერთი, სრულიად განსხვავებული ვერსია, რომლის მიხედვითაც ამ სოფლის ძველი მკვიდრები მთელ იმერეთში ხის საოჯახო ნივთების, მათ შორის, ტაბაკების დამზადებით ყოფილან ცნობილნი და სოფელსაც, თითქოს ამიტომ შერქმევია ასეთი სახელი. ამ გადმოცემაში შეუძლებელი თითქოს არაფერია: დასახლებულ პუნქტებს სახელები მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტების სიახლოვის გამოც ერქმევათ (მთისძირი, ციხისძირი, მეჯუდისპირი, ხიდისთავი, ეწერფერდი, ტაბაწყური, სამგორი, წყალთაშუა…) და მოსახლეობის ძირითადი სამეურნეო საქმიანობის აღმნიშვნელი ტერმინების მიხედვითაც (ბოსლები, სატივე, საბოლოკე, ბეღლევი, …), მაგრამ ამ შემთხვევაში აშკარად სხვა ვითარებასთან გვაქვს საქმე. კერძოდ, ახსნას მოითხოვს ტოპონიმის მეორე ფუძე - კინ-ი (ტაბა-კინ-ი) თუ -ინ-ი (ტაბაკ-ინ-ი). სანამ გარკვეული არ იქნება -კინ- და თუნდაც -ინ- სეგმენტთა ფუნქციური მიმართება მსაზღვრელ ტაბა სიტყვასთან, მანამ შეუძლებელია იმის დადგენა, საყრდენ სიტყვად ამ ტოპონიმში ტბა გვაქვს თუ ტაბაკ-ი.

სავარაუდოდ შეიძლებოდა დაგვეშვა ტაბაკინის ზანური წარმოშობა. მაშინ პირველი ფუძე ტაბა ზანური ტობა („ტბა“) სიტყვის ასიმილირებულ ფორმად უნდა მიგვეჩნია. რაც შეეხება მეორე ფუძეს (-კინ-ი), იგი ზანურივე ყინ-ი||ჸინ-ი („ყინული“) სიტყვის სახეცვლილ ერთეულად უნდა ჩავთვალოთ. თუ ეს თვალსაზრისი სარწმუნოა, მაშინ სოფლის სახელი ტაბაკინ-ი შეიძლება გავიაზროთ, როგორც „ტაბაყინული, „ცივი ტბა, „ტბა რომლის წყალიც ყინულივით ცივია“.

მოულოდნელი არ უნდა იყოს, აგრეთვე, ვარაუდი ტაბაკინის დუპლეტური წარმოშობის თაობაზე: ქართ, ტაბა (შდრ. ტაბახმელა, ტაბაწყური…) და მეგრული სინ-ი თუმცა ასეთი დაშვებაც კი საერთო ვითარებას არ ცვლის: როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში ტოპონიმი ტაბაკინი უნდა გავიგოთ როგორც „ტბაყინული“., „ცივი ტბა“. ტბის სახელი გადასცემია მის ახლოს გაშენებულ სოფელს. ამრიგად, ტაბაკინი შემდეგნაირად უნდა გავიაზროთ: „სოფელი, რომლის სიახლოვეს არსებობს (ან ყოფილა) ცივი ტბა“.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები