ჰიპოლიტოსი (ევრიპიდეს ტრაგედია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''„ჰიპოლიტოსი“'''– ძველი ბერძენი დრამატურგის ევრიპიდეს [[ტრ...)

16:34, 14 ივნისი 2023-ის ვერსია

„ჰიპოლიტოსი“– ძველი ბერძენი დრამატურგის ევრიპიდეს ტრაგედია.

სწორედ ცალმხრივობის მოტივი, თავისი ფილოსოფიური სიღრმითა და ანტიკური დრამის საუკეთესო ნიმუშებისთვის დამახასიათებელი მრავალსაზრისიანი მეტაფორულობით, წარმოჩინდება ევრიპიდეს დრამატურგიის შედევრებად ქცეულ პიესებში – „ჰიპოლიტოსი“ და „მედეა“.

„ჰიპოლიტოსში“ ღმერთები აქტიურად მონაწილეობენ ადამიანთა ცხოვრებაში, თითქოს განმსაზღვრელ როლსაც კი თამაშობენ მათ იღბალსა თუ უბედობაში, მაგრამ პიესის სიძლიერეს სწორედ ღმერთების მოქმედების სიმბოლური საზრისის არსებობა განაპირობებს. სწორედ პერსონაჟთა ცალმხრივობა იქცევა დატრიალებული ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად.

ათენის მეფე თესევსის მეუღლეს, ფედრას, თავდავიწყებით შეუყვარდება თავისივე გერი ჰიპოლიტოსი. საკუთარი გრძნობითვე შეძრწუნების მიუხედავად, ფედრა ვერაფრით უმკლავდება ჰიპოლიტოსისადმი ლტოლვის ძალას. დედოფალი იმდენადაა შეპყრობილი ჰიპოლიტოსისადმი ყოვლისმომცველი ვნებით, რომ სიცოცხლის გაგრძელების სურვილსა და უნარს კარგავს, – უარს ამბობს საჭმლის მიღებაზე, გარემომცველებთან ურთიერთობებზე და სასოწარკვეთას მიეცემა. ტანჯვად ქცეული ცხოვრებიდან გამოსავალს – მისი ღირსებისა და სახელის შემბღალავი ვნებისგან ხსნას ფედრა სიკვდილში ხედავს. მართლაც, სიკვდილის პირამდე მისულს, ძალაგამოცდილსა და სასოწარკვეთილ დედოფალს, მისი გამზრდელი ძიძა სიმართლეს ათქმევინებს. ფედრას გადასარჩენად და ამ მიზნით ჰიპოლიტოსში დედინაცვლისადმი საპასუხო გრძნობის გამოწვევის იმედით, ძიძა დედოფლის საიდუმლოს მის გერს გაუმხელს. გაგონილით გამძვინვარებული ჰიპოლიტოსის უკიდურესად აღშფოთებული რეაქციის გაგონებისას, ფედრა სიცოცხლესთან გამოსალმებას გადაწყვეტს. თვითმკვლელობამდე ფედრა, როგორც საკუთარი რეპუტაციის გადარჩენის, – ასევე ჰიპოლიტოსზე შურისძიების სურვილით შეპყრობილი, ცილისმწამებლურ წერილს დატოვებს, სადაც გერს მის მიმართ გამოვლენილ აღვირახსნილობაში ადანაშაულებს. როდესაც თებეში დაბრუნებული თესევსი ფედრას წერილს წაიკითხავს, მრისხანებით შეპყრობილი, შვილს დასაღუპად გასწირავს. თესევსის თხოვნით, პოსეიდონი გავეშებული ხარის საშუალებით ჰიპოლიტოსის ცხენებს დააფრთხობს, რაც საბოლოოდ მისი კლდეზე მიხეთქვითა და სასიკვდილო ჭრილობის მიღებით სრულდება. ჰიპოლიტოსის მტანჯველ აღსასრულამდე, მისი მფარველი ქალღმერთი არტემისი თესევს სიმართლეს ამცნობს, რაც მასში ჩადენილის გამო სინანულის განცდას აღძრავს.

ტრაგედიის სიუჟეტური ხაზის მიხედვით, მომხდარი ტრაგედიის მიზეზი ქალღმერთ აფროდიტეს შურისძიების შედეგს წარმოადგენს. ჰიპოლიტოსი უზომოდ ეთაყვანებოდა ნადირობისა და უბიწოების ქალღმერთ არტემისს; მთელ დღეებს მასთან ერთად ტყეში, – ნადირობასა და ბუნებით ტკბობაში ატარებდა. ამავდროულად, ჰიპოლიტოსი არ აღიარებდა და ყოველმხრივ გაურბოდა სიყვარულის ქალღმერთ აფროდიტეს და მის ძალას. თავისი უმანკოებითა და თვითკმარობით კმაყოფილი ჰიპოლიტოსი ქალებს გაურბოდა. განრისხებულმა აფროდიტემ ჰიპოლიტოსზე შურისძიების იარაღად ფედრა აირჩია და, ამ მიზნით, ისიც გაწირა. ევრიპიდეს ტრაგედიაში ორივე ქალღმერთი, – როგორც აფროდიტე, ასევე არტემისი შურისმაძიებლებად არიან წარმოჩენილნი. ტრაგედიის ფინალში, ამჯერად უკვე არტემისი იმუქრება, რომ შურისძიების ქალღმერთს, მისი რჩეული გმირის დაღუპვით გადაუხდის სამაგიეროს. დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, ოლიმპოს მთის მკვიდრთა შურისმაძიებლობისა და უსამართლობის წარმოჩენით, ღმერთების მიმართ თავად ავტორისეული სკეპტიციზმი ვლინდება. მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ თვით ანტიკურ მითოლოგიაში ღმერთები თავიანთი თვისებებით, ავ-კარგიანობითა და თვითნებობით ადამიანებს უფრო მოგვაგონებენ, ვიდრე უზენაესი სამართალისა და გონის განსახიერებებს. ევრიპიდეს, ესქილესა და სოფოკლესაგან, თავისი სკეპტიციზმით განსხვავებულ ავტორად მიჩნევათვალსაზრისი, ერთობ საკამათოა. საკმარისია გავიხსენოთ ავტორიტარიზმისა და მიზანთროპიის გამომხატველი ძალის სიმბოლოდ ქცეული [[ზევსი] ესქილეს ტრაგედიიდან „მიჯაჭვული პრომეთე“. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ ევრიპიდეს უმნიშვნელოვანეს ტრაგედიებში ღმერთები უპირველესად თავად ადამიანისთვის დამახასიათებელი მისწრაფებებისა და ფსიქიკური ტენდენციების გამომხატველ არქეტიპებს წარმოადგენენ. პიესის „ჰიპოლიტოსი“ ყველა წამყვანი გმირის ტრაგედიის განმსაზღვრელად ღმერთების წარმოჩენა მეტაფორული საზრისის გამომხატველი უფროა, ვიდრე რეალურად მოქმედ ძალთა ასახვა. ჰიპოლიტოსის მიერ აფროდიტეს უარყოფაც სიმბოლურად უნდა აღვიქვათ, როგორც მისივე ცალმხრივობის, – გრძნობასა და გონებას შორის საჭირო წონასწორობის უკიდურესი რღვევის მეტაფორა. ცალმხრივობა კი, ადამიანს, ამა თუ იმ სახით, ყოველთვის დამანგრეველი ძალით უბრუნდება. ტრფობის ვნების უარმყოფელი ჰიპოლიტოსის უმანკოება არა მის შინაგან სისუფთავეზე, არამედ ნარცისული „თვითკმარობით“ ტკბობაზე მეტყველებს. ჰიპოლიტოსი მიიჩნევს, რომ დაბადებიდან, თანდაყოლილი უმანკოებით გამორჩეულ ადამიანებს მიეკუთვნება, – იმ რჩეულებს, რომელთაც უმრავლესობისგან განსხვავებით, არ უწევთ ვნებებისგან გათავისუფლება ხანგრძლივი ტანჯვისა და მწარე ცხოვრებისეული გამოცდილების შეძენის შედეგად. საკუთარი თავის ბუნებით უმანკო რჩეულთათვის მიკუთვნებით, უბიწოების ქალღმერთთან სულიერი მეგობრობის ხაზგასმით, ჰიპოლიტოსი არსებითად საკუთარი სრულყოფილებით, სხვებზე მიმჯაჭველი გრძნობებისგან თავისუფლებით ამაყობს. დედინაცვლის საიდუმლოს გაგებისას, ჰიპოლიტოსი მხოლოდ ზნეობრივი ნორმების დარღვევის გამო არ გამოხატავს აღშფოთებას. ჰიპოლიტოსის ზღვარგადასული აღშფოთება არა მხოლოდ მანკიერი გრძნობის მიუღებლობის, არა მხოლოდ მასში შეყვარებულობის გამო სიკვდილის პირამდე მისული ქალისადმი თანაგრძნობის სრული არქონის, არამედ ქალთმოძულეობის, ქალებისადმი დიდი ხნის დაგროვილი სიძულვილის გამომხატველად იქცევა. ჰიპოლიტოსისათვის სხვისი ამორალურობა დათრგუნვილი ბრაზის გამოვლენის საბაბს წარმოადგენს. უზნეობის მხილების საბაბით, უმანკო ნარცისი, სინამდვილეში, გაუცნობიერებლად სწორედ საკუთარ მამაკაცურ „საჭურისობას“ – ქალის მშვენიერებით ტკბობის, ქალზე ზრუნვისა და მისადმი სინაზის განცდის უუნარობას ავლენს. ნარცისული გულცივობა და ინფანტილიზმი, მძაფრი გრძნობის განცდის უარმყოფელი სულიერი სიძუნწე, ადრე თუ გვიან, გარდაუვალად იწვევს სულიერ ინფლაციას; ადამიანს იმ ქედმაღალ და ღვარძლიან მიზანთროპად აქცევს, საკუთარი ბრაზის გამოსავლენად მორალისტის ნიღაბს რომ ირგებს. შემთხვევითი არ არის, რომ ჰიპოლიტოსს, მისი ერთგული მსახური, გულცივი ქედმაღლობის სავალალო შედეგების შესახებ აფრთხილებს. მოხუც მსახურთან კამათისას ჰიპოლიტოსი აფროდიტესადმი, როგორც ღამესთან – ღამის წვდიადთან ასოცირებული სასიყვარულო ვნების ღვთაებისადმი ანტიპათიას ამხელს. მხოლოდ დღის ამღიარებელი, მიმღები ჰიპოლიტოსი არსობრივად ადამიანის ბუნების გრძნობისმიერი, ირაციონალური საწყისის უარმყოფელად იქცევა, რაც ცალმხრივობისა და პიროვნული მთლიანობის უარყოფის გამომხატველად უნდა მივიჩნიოთ. ქალთმოძულე ჰიპოლიტოსი საკუთარი „სტერილური“ სიწმინდის შეუბღალავი სიმაღლიდან დასცქერის ვნებებით შეპყრობილ, ცოდვილ კაცთა მოდგმას. მაგრამ თუკი მსახურთან საუბრისას ტრფობისადმი მისი ქედმაღალი გულგრილობა ვლინდება, ფედრას საიდუმლოს გაგებისას ქალთა მოდგმის სიძულვილი მთელი ძალით ამოხეთქავს. ჰიპოლიტოსის მძვინვარე მონოლოგი ქალთმოძულეობის „მანიფესტად“ შეიძლება მივიჩნიოთ. ქალების გაჩენის დღის მაწყევარი, სუსტი სქესის წარმომადგენლებს ყველანაირი ბოროტების სათავედ, ყალბი ბრწყინვალების მქონე მაცდურ და მანკიერ არსებებად შერაცხავს. ქალი, მისი თქმით, გესლიანი ასპიტია, - მამისთვისაც და ქმრისთვისაც. მისი აზრით, მამისთვისაც კი, გაზრდილი ქალიშვილი არა გაფურჩქნილ, არამედ მომწამვლელ ყვავილად იქცევა, რომლის შხამისგანაც გათავისუფლების საუკეთესო საშუალებას მისი გათხოვება, თავიდან მოშორება წარმოადგენს. თუმცა, ამჯერად, შხამიანი არსება ბედკრული მეუღლის სახლში გაიდგამს ფესვებს. ჰიპოლიტოსი ქალთა მოდგმას ორ კატეგორიად ყოფს: უგუნურებად, რომელთაც მხოლოდ უჭკუობა არ აძლევს დიდი ბოროტების ჩადენის საშუალებას და ჭკვიან მზაკვრებად, რომელთა ახლოს გაკარებაც კი საშიშია. მონოლოგის ფინალში ჰიპოლიტოსი ირწმუნება, რომ ქალთა მოდგმის წყელვა-კრულვითა და მათდამი სიძულვილით ვერასოდეს დაკმაყოფილდება.

ვფიქრობ, სრულიად მიუღებელია ჰიპოლიტოსის სახის ინტერპრეტაცია, როგორც ჰამლეტის თავისებური პროტოტიპის; მჭვრეტელობითი ცხოვრებით მტკბობი არაპატივმოყვარე არსების, რომელიც არ მიისწრაფის საზოგადოებაში თვითდამკვიდრებას. განმარტოებისკენ მსწრაფი ჰიპოლიტოსის ბუნება სწორედ ნარცისული გულცივობის გამომხატველია და არა ამაოებისგან თავისუფალი სულიერი თვითკმარობის.

ადამიანის ბუნების გრძნობადი მხარის უარმყოფელ ჰიპოლიტოსის საპირისპირო ცალმხრივობის განსახიერებად, მასში უგონოდ შეყვარებული ფედრა იქცევა, – ყოვლისმომცველი და ყოვლისშთანმთქმელი ვნების განმასახიერებელიც და მსხვერპლიც.

არა მხოლოდ ცალმხრივი, არამედ ტაბუდადებული, მისი ღირსების შემლახავი გრძნობით შეპყრობილ ფედრას მდგომარეობა, უმძიმესი სენით შეპყრობილის მდგომარეობისგან არაფრით განსხვავდება; – სასიცოცხლო ძალებისგან დაცლილობა, უძილობა და უმადობა, ერთსა და იმავეზე განუწყვეტელი ფიქრი. ძლიერმა და სწორედ დაუკმაყოფილებლობისთვის განწირულობის გამო ძნელად დასაძლევმა ვნებამ შესაძლოა სულიერი აშლილობის ტოლფასი ძალით დაიმონოს ადამიანი, – სიცოცხლის გასაგრძელებლად აუცილებელი ენერგია დააკარგვინოს. ძიძისთვის თავისი საიდუმლოს გამხელისას ფედრა ყოვლისმომცველი ვნების იდუმალ ბუნებაზეც ლაპარაკობს. დედოფალს არა ერთი ღამე გაუთენებია თავისი მდგომარეობის ჭეშმარიტი მიზეზის შეცნობის ამაოდ მსურველს, მაგრამ ერთადერთი, რაშიც დარწმუნდა – გრძნობათა აბობოქრებული სტიქიის წინაშე გონების ძალისა და საღი აზრის უძლურება აღმოჩნდა. გონებით ადამიანი შესაძლოა კარგად არჩევდეს მისთვის სასარგებლოს საზიანოსგან, მაგრამ მაინც დამანგრეველ სტიქიას დაემორჩილოს არსებობს მოსაზრება, თითქოს ევრიპიდემ თავის დრამატურგიაში, კერძოდ კი „ფედრასა“ და „მედეაში“, ესქილესა და სოფოკლესგან განსხვავებულად შეაფასა გონებისა და ცოდნის ძალა; თითქოს ევრიპიდემ ეჭვი შეიტანა გონების ყოვლისშემძლეობაში და პრიორიტეტი გრძნობებს მიანიჭა. ამ თვალსაზრისის გამხმოვანებელ მკვლევრებს მაგალითად ფედრა მოჰყავთ, რომელმაც იცის რა თავისი ვნების მანკიერების შესახებ, მაინც ვერ ახერხებს მის დაძლევას. ფედრამ ასევე იცის, რომ ცილისწამება დიდი ცოდვაა და ამ ცოდნის მიუხედავად სჩადის ბოროტებას. საგულისხმოა, რომ ევრიპიდეს დრამაში, გრძნობებს მოწყვეტილი გონება, ირაციონალურთან დაპირისპირებული რაციო, თვითშემეცნებას მოწყვეტილი ინტელექტუალური გონი და ცოდნაა უძლური და არა დაპირისპირებულ საწყისთა – გრძნობისა და გონების, ლოგოსისა და ეროსის, რაციონალურისა და ირაციონალურის ჰარმონიულ მთლიანობაში მომქცევი გონითი სული. ფედრამ მხოლოდ „მორალისტური“ თვალსაზრისით, ბანალური გონების ჭვრეტით იცის ყოვლისმომცველი ვნების დამანგრეველი ბუნების შესახებ, მაგრამ ისიც, ჰიპოლიტოსის მსგავსად, ვერ სცდება თავისი „ეგოს“ საზღვრებს, ვერ ახერხებს ამ იდუმალი განცდის მეშვეობით თვითშემეცნებისა და სულიერი მოწიფულობისაკენ სავალი გზის გაკვლევას, თუკი ჰიპოლიტოსის ნარცისიზმი საკუთარი „თვითკმარობის“ გაკერპებას ეფუძნება, ფედრამ, პირობითად რომ ვთქვათ, ნარცისიზმს მისი გამაკერპებელი ექოს როლი არჩია და არსობრივად ისიც ჩაკეტილ წრეში მოქცეული აღმოჩნდა.

თუკი გერზე ცილისწამებამდე ფედრა, მისი გრძნობის მანკიერების მიუხედავად, ჰიპოლიტოსზე მეტ თანაგრძნობას იწვევს, პიესის ფინალში ჰიპოლიტოსში გარკვეული კათარზისი მაინც ხდება – ის აღარც აფროდიტეს მსხვერპლად მიჩნეულ ფედრას განიკითხავს და სინდისის ქენჯნით შეპყრობილ, შვილის მკვლელად ქცეულ მამასაც უთანაგრძნობს. ჯერ კიდევ სასიკვდილო დაზიანების მიღებამდე, გამძვინვარებული მამის პირისპირ აღმოჩენილი ჰიპოლიტოსი მაინც არ გასტეხს ფედრას ძიძისთვის მიცემულ ფიცს და არ ამხელს დედინაცვლის საიდუმლოს. ამ შემთხვევაში ჰიპოლიტოსისთვის საკუთარი უდანაშაულობის ცოდნა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე სხვის თვალში ნებისმიერ ფასად გამართლების აუცილებლობა. შეიძლება ითქვას, რომ ექსტრემალურ, კრიტიკულ სიტუაციაში, ჰიპოლიტოსში მართლაც გაიღვიძა შინაგან ღირსებაზე და არა ამპარტავნებაზე დაფუძნებულმა თვითკმარობამ.

სწორედ უკიდურესი განსაცდელის ჟამი იძლევა ადამიანის ჭეშმარიტი ბუნებისა და შინაგანი არსის შეცნობის საშუალებას. ჰიპოლიტოსის მრისხანების საპასუხოდ, ფედრა ცილისწამებას გადაწყვეტს, რაც, ერთი მხრივ, შურისძიების, მეორე მხრივ კი, თავისი სახელის შელახვის საშიშროებისგან თავის დაცვის საშუალებას ანიჭებს. თვითმკვლელობამდე ფედრა ორი სახის სირცხვილზე ლაპარაკობს, – ერთი მაღალი „წარმომავლობის“ სირცხვილია, რომელიც ადამიანს საკუთარი სულიერი სიმდაბლის ნებისმიერი გამოვლენისას ეუფლება, მეორე კი – სხვის თვალში მომგებიანად წარმოჩენის სურვილისა და პატივმოყვარეობის გრძნობას ემყარება. ფედრამ არჩევანი აშკარად პატივმოყვარეობაზე ორიენტირებულ ღირებულებებს მიანიჭა.

მიუხედავად იმისა, რომ ჰიპოლიტოსი საკუთარ თავს სრულიად უდანაშაულოდ მიიჩნევს და ფორმალური თვალსაზრისით არის კიდეც უდანაშაულო, – საკუთარი ტრაგიკული შეცდომის, უკიდურესი ცალმხრივობის შეცნობის უუნარობის მიუხედავად, განსაცდელის ჟამს ის, ფედრასგან განსხვავებით, სულიერ სიმდაბლეს არ ავლენს. სულის დალევამდე, ჰიპოლიტოსი სულგრძელი მიმტევებლობით ტრაგედიის ყველა მონაწილეს აფროდიტეს ძალის მსხვერპლად მოიხსენიებს და აღარც დამნაშავეს განიკითხავს. ჰიპოლიტოსის ღირსეული აღსასრული, სავარაუდოდ, მის მიერ სულიერი მეტამორფოზის განცდის პოტენციურ შესაძლებლობაზე მეტყველებს.

საბოლოოდ კი, ტრაგედია ორი ქალღმერთის სახით წარმოჩენილ კონტრასტულ საწყისთა ჰარმონიულ სინთეზში შერიგების აუცილებლობის იდეას – ნებისმიერი ცალმხრივობაში გადაზრდილი ცხოვრებისეული მიმართების დამანგრეველ ძალას წარმოაჩენს.


მაია გოშაძე


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები