ვისრამიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
 
ხაზი 15: ხაზი 15:
 
* [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]]
 
* [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]]
  
 
+
[[კატეგორია:ქართული მწერლობა]]
 
[[კატეგორია:ძველი ქართული მწერლობა]]
 
[[კატეგორია:ძველი ქართული მწერლობა]]
 
[[კატეგორია:სპარსული ლიტერატურა]]
 
[[კატეგორია:სპარსული ლიტერატურა]]
 
[[კატეგორია:ქართული თარგმანები]]
 
[[კატეგორია:ქართული თარგმანები]]

მიმდინარე ცვლილება 19:24, 11 ნოემბერი 2023 მდგომარეობით

„ვისრამიანი - ნაწყვეტი ხელნაწერიდან (S-3702)

„ვისრამიანი" (XII ს.) — ქართული მწერლობის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ქართული პროზის შემდგომ განვითარებაში. „ვისრამიანი“ XI ს. სპარსელი პოეტის ფახრ-ედ-დინ გორგანის პოემის „ვის ო რამინის“ დიდოსტატური პროზაული თარგმანია. როგორც თვით გორგანი აღნიშნავს პოემის შესავალში, თხზულებას საფუძვლად დაედვა ისლამამდელ ეპოქაში შემუშავებული, ერთ დროს პოპულარული, შემდგომ მივიწყებული ფაჰლაური სიუჟეტი: ხანშიშესული მეფის მოაბადის, მისი ახალგაზრდა მეუღლის ვისისა და ხელმწიფის ჭაბუკი ძმის რამინის სამიჯნურო სამკუთხედი… ცხადია, ეს არ ნიშნავს, თითქოს გორგანიმ უცვლელად გალექსა თავისი წყარო. მთავარი განსხვავება რომანის სიუჟეტურ ინტრიგებში კი არ არის საძებარი, არამედ მის ახლებურ გააზრებაში, გმირების მხატვრულ სახეთა ხორცშესხმაში, იდეურ, ეთიკურ და ესთეტიკურ პოზიციაში. გორგანი თავისი ეპოქის შვილია, მისი პოემა ყოველმხრივ ეხმაურება იმ რენესანსულ განწყობილებას, რომელიც X-XI სს. ირანში სუფევდა და უპირატესად მშობლიური ირანული კულტურის აღორძინებაში გამოიხატებოდა. ანალოგიური ვითარებით უნდა აიხსნას ქართველი მკითხველის დაინტერესება ამ ძეგლით, რომლის თარგმანი შესრულდა არაუგვიანეს XII ს. შუა წლებისა, ქართული კულტურის ზეობის ხანაში. ტრადიცია მთარგმნელის პატივს სარგის თმოგველს მიაკუთვნებს. გაოცებას იწვევს მთარგმნელის უნარი — დაძებნოს სპარსული მხატვრული ხერხების ზუსტი ქართული შესატყვისი, გადმოიღოს არა შიშველი სიტყვა, არამედ ფრთაშესხმული სული და მით შექმნას ორიგინალის ტოლფასოვანი შედევრი. მთარგმნელი სიზუსტის დასაცავად პოეტურ ძეგლს პროზად თარგმნის, მოკლე, ბეითის შესატყვისი სხარტი ფრაზებით. მხატვრულ სახეთა გაქართულება და ეროვნული სპეციფიკის გამჟღავნება არასოდეს სცილდება თარგმანისთვის ნებადართულ ფარგლებს. ჯეიჰუნის (ჯეონის) ნაცვლად ზოგჯერ მტკვრის მოხსენიება, მასწავლებლისა და მოწაფის შენაცვლება ხუცითა და დიაკვნით, ისევე როგორც ხმელი ჭადრისა — მყრალი ანწლით არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ორიგინალისადმი თავისუფალ, მით უფრო — თვითნებურ დამოკიდებულებას. სამართლიანად არის აღნიშნული, რომ ქართველი მთარგმნელი ერთგვარად თანამშრომლობს ავტორთან, მისი ჩანაფიქრი გახსნილ, კომენტირებულ რედაქციას გვთავაზობს ხშირად. ამიტომაც სწორედ ქართულ თარგმანში გამჟღავნდა მკვეთრად ორიგინალის რომანული ჟღერადობა და ფსიქოლოგიური სიმართლე. ქართველი მთარგმნელისათვის, ისევე როგორც გორგანისათვის, „ვისრამიანი“ უპირველესად მიჯნურთა ტრაგედიაა, ადამიანის პიროვნული თავისუ- ფლებისა და ბედნიერებისადმი მიძღვნილი ჰიმნი („ვინცა მიჯნური არაა, არცა კაცია“). ნებისმიერად აღებული ადგილი მოწმობს მთარგმნელის დიდოსტატობას (თუ ორიგინალში უბრალოდ ნათქვამია: „მინდორი ძაღლებით აივსო“, თარგმანში არის: „ძაღლისა სიმრავლისაგან მიწასა ზედა ნემსი აღარ დავარდებოდა“; თუ დედანშია: „მოეხვია ერთმანეთს ტვია და შიმშადი“, თარგმანში არის: „ერთმანეთსა მოეხვივნეს, ვითა უსურვაზნი“; თუ დედანშია: „სიყვარულის დაღით დამიბნელე დღე, ორად მოხარე ჩემი ნორჩი სარო“, თარგმანში არის: „მიჯნურობისა დაღითა ნათელი დღე გაგიშავებია, სიხარული ჭირად შემცვალებია, სიცილი — ტირილად, სიმრთელე — სნეულებად და ისრისაებრი ნაკვეთი მშვილდად შემქმნია“...). თარგმანის მხატვრულმა სიზუსტემ განაპირობა ის გარემოება, რომ სპარსული ტექსტის მოშველიებით გასწორდა და გაიმართა ქართული ტექსტი, რომელიც სრული სახით ხუთჯერ არის გამოქვეყნებული: 1884 წ. ი. ჭავჭავაძის, ა. სარაჯიშვილისა და პ. უმიკაშვილის რედაქციით; 1938 წ. ა. ბარამიძის, პ. ინგოროყვასა და კ. კეკელიძის რედაქციით; 1960 წ. ი. ლოლაშვილის რედაქციით („ჩვენი საუნჯე“, ტ. 2); 1962 წ. ა. გვახარიას და მ. თოდუას რედაქციით (ვარიანტებითა და ვრცელი გამოკვლევითურთ); 1964 წ. — იგივე ტექსტის მასობრივი გამოცემა. ქართული ვისრამიანი თარგმნილია რუსულად (ს. იორდანიშვილის მიერ), ინგლისურად (ო. უორდროპის მიერ) და გერმანულად (კ. ჩხენკელის მიერ შემოკლებულად). ქართული თარგმანის მოშველიებით მ. თოდუამ და ა. გვახარიამ მოამზადეს სპარსული ორიგინალის კრიტიკული ტექსტი, რომელიც 1970 წ. გამოქვეყნდა თეირანში.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ა. აბრამიძე, ნარკვევები, I, 1945;
  • დ. კობიძე, „ვისრამიანის“ საკითხები. კრებულში: „ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერობა“, II, 1969;
  • „ვისრამიანი“ (ტექსტი, გამოკვლევა, ლექსიკონი), 1962; .
  • ი. კალაძე, „ვისრამიანის“ მთარგმნელობითი მეთოდის ერთი ასპექტის გამო, „მაცნე“, 1973, N3.

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

ვისრამიანი


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები