Puschkinia scilloides Adam.
Puschkinia scilloides Adam.
პოლიკარპული მცენარეა, კვერცხისებრი, სფერული ბოლქვით. ფოთლები ფესვთანურია – 2-3, ხაზურ-თასმისებრი, ქვემოდან ღერომხვევი. საყვავილე ისარი 10-30 სმ სიგრძისაა; ყვავილედი მტევანია, 1-3 ყვავილით. ყვავილსაფარი ცისფერია, მისი ნაკვთები ბლაგვი-ელიფსურია; ნაყოფი – სამწახნაგოვანი, ბლაგვკუთხა კოლოფია, მცირეოდენი თესლით. თესლი სფერულია, მოშავო.
ყვ. IV; ნყ. V.
წინა აზიური სახეობაა. კლასიკური ადგილსამყოფელი – ამიერკავკასია.
საერთო გავრცელება: მცირე აზია (ლაზისტანი); სომხეთ-ქურთისტანი; ჩრდ.ირანი (Флора СССР, 1935). კავკასია: იმიერკავკასია; დას. და აღმ. ამიერკავკასია (Гроссгейм, 1940). საქართველოში გავრცელებულია: აჭარა, ქართლი, ჯავახეთი (საქ.მც.სარკვ., 1969). თბილისის მიდამოებში გვხვდება საგურამოს ქედზე, ზედაზნის სამონასტრო კომპლექსთან ახლოს ზღ.დ. 1200 მ სიმაღლეზე, სადაც ცენოპოპულაციაში ინდივიდთა საერთო რიცხოვნობა (10 კვ.მ ფართობზე) – მეტად მცირეა.
ტიპიური მეზოფიტია, სციოფიტი. იზრდება სუბალპურ და ალპური სარტყლების მდელოებსა და ბუჩქნარებში. თბილისის შემოგარენში მცენარის დაცვისა და აღწარმოების მიზნით საჭიროა მაქსიმალურად იქნეს გამოვლენილი და შესწავლილი სხვა არსებული პოპულაციები.