Ajuga orientalis L
Ajuga orientalis L. – ოჯახი: ტუჩოსნები (Lamiaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მეტ-ნაკლებად მატყლისებურ-ბანჯგვლიანია, ზოგჯერ ქვედა ნაწილში შიშველი. ღერო სწორად მდგომია ან ძირში წამოწეული, მარტივი, 10-30 სმ-მდე სიმაღლის. ფესვთანური ფოთლები მოგრძო-ელიფსურია ან ფართო-კვერცხისებური. ძირში სოლისებურად შევიწროებული, მოკლე ყუნწით, კიდეზე მრგვალკბილა. ზოგჯერ გამოხატულად 3-ნაკვთიანი, 4-10 სმ სიგრძისა და 2-5 სმ სიგანის. ყვავილები თითქმის მჯდომარეა – 4-8-ყვავილიან ჩხროებად განლაგებული, გვირგვინი ცისფერია, იშვიათად – თეთრი, 13-18 მმ სიგრძის. ყვ. ნაყ. IV-IX. კახეთის რეგიონში ეს მცენარე შედარებით ფართოდ არის გავრცელებული მშრალ, ბალახოვან ფერდობებზე, ბუჩქნარებში, ტყის ველობებზე და ა.შ. დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე. ნახვა შესაძლებელია არწივის ხეობაში.