საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა საქართველოს ეროვნული არქივი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცენტრალური არქივი - საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი არის მემკვიდრე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს ექვთიმე თაყაიშვილის მცდელობით და ხელშეწყობით შექნილი რესპუბლიკის ცენტრალური სამეცნიერო არქივისა.

არქივის შექნის აუცილებლობას დიდი ქართველი მეცნიერები - ივანე ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, პავლე ინგოროყვა, სარგის კაკაბაძე და სხვები ქვეყნისთვის მეტად ღირებული დოკუმენტების გადარჩენის აუცილებლობით ხსნიდნენ. იმ მძიმე დროს, როდესაც ქაღალდის შოვნა ჭირდა, ძვირფას დოკუმენტებს ვაჭრები ზოგჯერ პროდუქტების შესახვევად იყენებდნენ, ნადგურდებოდა ეროვნული სიმდიდრე, ქართველი ერის სულიერი საგანძური. ამიტომ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დიდი ყურადღება გამოიჩინა ამ საკითხის მიმართ. 1920 წლის 23 აპრილს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო კანონი ცენტრალური სამეცნიერო არქივის დაარსების შესახებ და, იმავდროულად, მიუჩინა მას ადგილსამყოფელი მაშინდელ ოლღას ქუჩის №48-ში არსებულ სამხედრო-საოლქო სასამართლოს მყარ და უსაფრთხო სამსართულიან შენობაში. დამოუკიდებლობის წლებშივე სამეცნიერო არქივის მაშინდელმა მუშაკებმა შეძლეს ბევრი გაფანტული დოკუმენტის შეგროვება, თავმოყრა და გადარჩევა-დახარისხება. მათმა დაუღალავმა და მუხლჩაუხრელმა შრომამ უგზოუ-კვლოდ გაფანტული არქივების გადარჩენის მიზნით და მათი ერთ ადგილზე კონცენტრაციისათვის, ის შედეგი გამოიღო, რომ საარქივო საქმე მყარ ნიადაგზე დადგა. ერთი წელიც არ იყო გასული არქივის დაარსებიდან, რომ საქართველო რუსეთის საოკუპაციო ჯარმა დაიპყრო, ქვეყანაში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა. შექმნილი არქივის საფუძველზე, 1921 წლის 1 ივლისს საქართველოს რევკომმა მიიღო დეკრეტი საარქივო საქმის რეორგანიზაციის შესახებ. დაარსდა საარქივო საქმეთა სამმართველო, რომელიც სათავეში ჩაუდგა სამეცნიერო არქივის საქმიანობას.

საქართველოს სამეცნიერო არქივის ფორმირებაში დიდი წვლილი მიუძღვით მეცნიერებს: სარგის კაკაბაძეს, მიხეილ პოლიევქტოვს, შალვა ჩხეტიას, სამხედრო ისტორიკოსს სიმონ ესაძეს, ძველი საარქივო საბუთების მოპოვებაში ამაგდარ მეცნიერს, ისტორიკოს გიორგი ბოჭორიძეს. XX საუკუნის 20-იან წლებში, სარგის კაკაბაძის ინიციატივით, საქართველოს დაუბრუნდა 1915 ოსმალეთის შესაძლო შემოტევებისგან არქივების გადარჩენის მიზნით ჩრდილოეთ კავკასიაში ევაკუირებული კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიის დიდძალი უძვირფასესი საარქივო ფონდები. ამ ფონდების რეევაკუირება სარგის კაკაბაძის ხელმძღვანელობით განხორციელდა 1923 წ-ის იანვარ-თებერვალში. 192 არქივის ფონდები გაამდიდრა შალვა ჩხეტიას მიერ მოსკოვსა და პეტერბურგის საცავებიდან ჩამოტანილმა ქართულმა ხელნაწერებმა და საბუთებმა.

სამწუხაროდ, საქართველოს სამეცნიერო არქივში დაცული ბევრი სამხედრო-ისტორიული ხასიათის მქონე და დიდი სამეცნიერო მნიშვნელობის ფონდი 1964, სსრკ-ის მთავარი საარქივო სამმართველოს მოთხოვნით, მოსკოვში გაიგზავნა. საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი სიძველეთსაცავია, სადაც ინახება დოკუმენტები X საუკუნიდან 1921 წლამდე. დოკუმენტთა საერთო რაოდენობა მილიონს აღწევს. (დოდო ჭუმბურიძე)


ლიტერატურა

  • დ. ჭუმბურიძე, ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა მე-20 საუკუნის დასაწყისში, 1918-1921 წლები, თბ., 2003;
  • სცსა, ფ. 1861, აღწ. 1, საქ. 440.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები