ეროვნული სიმდიდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეროვნული სიმდიდრე - (national wealth), განსაზღვრული პერიოდისთვის ფინანსური და არაფინანსური აქტივების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს მოცემული ქვეყნის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ წინა თაობების მიერ შექმნილ მატერიალურ და არამატერიალურ ქონებას, აგრეთვე გამოკვლეულ და ეკონომიკურ ბრუნვაში მოქცეულ რესურსებს. ფართო გაგებით, ეროვნული სიმდიდრე არის თაობების მიერ შრომით შექმნილი და დაგროვილი მატერიალური სიმდიდრე, წარმოების პროცესში ჩართული და აღრიცხული ბუნებრივი რესურსები, აგრეთვე ადამიანისეული კაპიტალი (ინტელექტუალური კაპიტალი, დაგროვილი ცოდნა, გამოცდილება და ა.შ.). გამოითვლება მიმდინარე და შესადარ ფასებში. ახასიათებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. საერთაშორისო პრაქტიკაში გამოითვლება ეროვნული სიმდიდრის როგორც მთლიანი მოცულობა, ისე მისი ოდენობა ქვეყნის ერთ მცხოვრებზე გაანგარიშებით. მსოფლიო ბანკისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეფასებით, მსოფლიო ეროვნული სიმდიდრის სტრუქტურაში ბუნებრივი რესურსები შეადგენს 20,0%-ს, დაგროვილი მატერიალური სიმდიდრე - 16,0%-ს, ხოლო ადამიანისეული კაპიტალი - 64,0%-ს.

თანამედროვე მსოფლიოს ეროვნული სიმდიდრე (მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით), 550 ტრილიონ დოლარს შეადგენს. აქედან, 365 ტრილიონი მოდის ადამიანისეულ კაპიტალზე, მატერიალურ კაპიტალზე - 95, ხოლო ბუნებრივ რესურსებზე - 90 ტრილიონი დოლარი.

ეროვნული სიმდიდრე არათანაბარია სხვადასხვა ქვეყანაში. მისი ნახევარი მოდის „დიდ შვიდეულზე” - აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, კანადა, იაპონია. დანარჩენი ნახევარი ნაწილდება შემდეგნაირად: ოპეკის ქვეყნებზე მოდის 95 ტრილიონი დოლარი, დსთ-ის ქვეყნებზე 80, დანარჩენ ქვეყნებზე - 100 ტრილიონი დოლარი. ბუნებრივი რესურსებით მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყანა რუსეთია. მისი რესურსული პოტენციალი, მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით, 2-2,5-ჯერ აჭარბებს აშშ-ის რესურსულ პოტენციალს, 6-ჯერ გერმანიისას და 18-21-ჯერ - იაპონიისას. აშშ-ის ეროვნული სიმდიდრე, მიმდინარე ფასებით, დაახლოებით 24 ტრილიონი დოლარის ტოლია.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები