დედა ენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დედა ენა

„დედა ენა“ქართული ენის სახელმძღვანელო დაწყებითი კლასებისათვის, შეადგინა პედაგოგმა და მოაზროვნემ ი. გოგებაშვილმა. პირველად გამოიცა 1876 წელს - „დედა ენა ანუ ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი სახალხო შკოლებისთვის“. გამოცემები მეორდებოდა ორ წელიწადში ერთხელ, შემდეგ კი გაზრდილი მოთხოვნილების გამო ყოველწლიურად და ზოგჯერ წელიწადში ორჯერაც კი. არსებობს „დედა ენის“ 46 გამოცემა, აქედან გოგებაშვილის სიცოცხლეში (1912-მდე) იგი 33-ჯერ დაიბეჭდა. ყოველ ახალ გამოცემაში ავტორი მეტ-ნაკლებად ხვეწდა სახელმძღვანელოს აგებისა და მასალის მიწოდების პრინციპებს, ცვლილებები შეჰქონდა სავარჯიშო-საკითხავ მასალაში.

„დედა ენა“ თავდაპირველად ორი წლის კურსის მასალას მოიცავდა. 21-ე გამოცემის (1906) შემდეგ გამოდიოდა ორ ნაწილად. ამ გამოცემიდან იგი უკვე ყველა სარწმუნოების ქართველთა ანბანის სახელმძღვანელო იყო, რის გამოც წიგნიდან ამოიღეს სარწმუნოებრივი ხასიათის მასალები. „დედა ენა“ ანბანის ორიგინალური სახელმძღვანელოა. იგი შედგენილია კითხვა-წერის (ნაცვლად წერა-კითხვის) ანალიზურ-სინთეზური მეთოდით. სწავლების ეს ფორმა ავტორმა განავითარა, მიუსადაგა ქართული ენის ბუნებას და დღეისათვის ანბანის სწავლების ერთადერთ ქმედით საშუალებად აქცია. „დედა ენა“ აგებულია თვალსაჩინოების პრინციპით. მასში უხვადაა საყოფაცხოვრებო თემატიკისა და საქართველოს ბუნების ამსახველი ილუსტრაციები. შესაცნობ ასო-ბგერას ახლავს ბავშვისთვის საინტერესო და ნაცნობი საგნის სურათი, რაც საგრძნობლად აიოლებს მასალის ათვისებას.

ი. გოგებაშვილი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა სავარჯიშო-საკითხავების შერჩევას. მოსწავლეებში ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბების მიზნით ავტორი საგანგებოდ არჩევდა (ზოგჯერ სხვებს უკვეთდა და თვითონაც თხზავდა) ქართული ყოფისა და ტრადიციების ამსახველ მასალებს. ეს მასალა სამი სახისაა: ცალკეული სიტყვები, წინადადება-გამოთქმები, პატარ-პატარა მოთხრობა-ლექსები. ყოველი ახალი ასო-ბგერის შესწავლას თან სდევს სავარჯიშო სიტყვები და ფრაზები. „საანბანო ნაწილში“ ჩართულია პატარა, სახალისო და ადვილად საკითხავი მოთხრობები. წიგნში 24 სავარჯიშო რიგია. ყოველი რიგი ერთი და იმავე წესითაა დალაგებული; შემდეგ მოცემულია სასაუბრო, რასაც მოსდევს ანდაზები, გამოცანები, ენის გასატეხი გამოთქმები და სავარჯიშო მასალა.

1944-იდან გამოდის ი. გოგებაშვილის „დედა ენაის“ საფუძველზე შედგენილი ნ. ბოცვაძისა და ე. ბურჯანაძის „დედა ენა“ ორ წიგნად, I და II კლასებისათვის. ასევე ი. გოგებაშვილის „დედა ენის“ მიხედვითაა შედგენილი ვ. რამიშვილის „დედა ენა“ მოსამზადებელი და I კლასებისათვის. გამოცემულია აგრეთვე რამდენიმე საანბანო სახელმძღვანელო, მაგრამ ძირითადად სკოლებში დარჩა ი. გოგებაშვილის „დედა ენის“ საფუძველზე შედგენილი სახელმძღვანელოები.

გოგებაშვილის „დედა ენამ“ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ქართველთა მთელი თაობების აღზრდაში. იგი წარმოდგენილი იყო მსოფლიო გამოფენებზე პარიზსა (1900) და ვენესუელაში (1960), სადაც ერთ-ერთი საპრიზო ადგილი დაიკავა და სიგელით დაჯილდოვდა. გამოცემის 100 წლისთავთან დაკავშირებით (1976) თბილისში აიგო ძეგლი, („ცოდნის ზარი", მოქანდაკე ე. ამაშუკელი. ბრინჯაო).

მ. მეძველია


ლიტერატურა

  • აბულაძე ს. იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოები. თბ. 1950;
  • ძიძიგური შ. იაკობ გოგებაშვილი და ქართული საერთო-სახალხო ენა, თბ. 1975; იაკობ გოგებაშვილი – დედა ენის ასი წელი, თბ. 1976;
  • რამიშვილი ე. იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა,“ თბ., 1979;
  • მისივე. ეროვნული საუნჯე, 1982;
  • მისივე. დედაენა იაკობ გოგებაშვილის მოძღვრებაში, თბ. 1990;
  • მეგრელიძე ი. იაკობ გოგებაშვილი და ახალი ქართული ენა, თბ. 1988

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები