გურიის სამთავრო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გურიის სამთავრო – ჩამოყალიბდა XVI ს. 50-იან წლებში, როსტომ გურიელის მმართველობისას. სამთავროს განაგებდნენ გურიელთა გვარის წარმომადგენლები. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ გურიის სამთავრო ჩამოყალიბდა გურიის საერისთავოს ტერიტორიაზე, ხოლო მკვლევართა მეორე ნაწილის აზრით, გურიის საერისთავო არ არსებობდა და ეს ტერიტორია სამეფო დომენს წარმოადგენდა.

გურიის სამთავროს ჩრდილოეთიდან საზღვრავდა ოდიშის სამთავრო და მათ მდინარე რიონი ყოფდა, აღმოსავლეთიდან – იმერეთის სამეფო, პოლიტიკური ვითარების შესაბამისად იმერეთთან საზღვარი იცვლებოდა; სამხრეთიდან – ოსმალეთი, საზღვარი რკინის პალოდან (ქემერი) ოფის (სატრაპელა, სოტიროპოლი) მიმართულებით გადიოდა; სამხრეთ-ღმოსავლეთიდან სამცხე-საათაბაგო (შემდგომ ახალციხის საფაშო და აჭარა) და საზღვარი აჭარა-გურიის ქედზე გადიოდა; დასავლეთიდან კი – შავი ზღვა.

გურიის სამთავროს შემადგენლობაში პერიოდულად შედიოდა აჭარა, ჭანეთი და მაჭახელა. აღნიშნული ტერიტორიები გურიის სამთავროსა და სამცხე-საათაბაგოს შორის სადავო იყო. XV ს. 60-იანი წლებიდან აჭარა და ჭანეთი გურიის შემადგენლობაშია, 1511 წ. სამცხე-საათაბაგომ დაიკავა, 1535 წ. ისევ გურიის სამთავრომ მიიერთა. 1547 წლიდან ოსმალებმა ჭანეთი დაიპყრეს. 1609 წ. მამია II გურიელმა გონიო დაიკავა, მაგრამ მალევე დაკარგა. 1614 წლიდან XVII ს. 60-იან წლებამდე ბათუმი ოსმალების ხელში გადავიდა. გიორგი III გურიელმა ბათუმი გაათავისუფლა, თუმცა 1703 წლიდან ოსმალებმა ისევ დაიკავეს ბათუმიც და ბათუმის მხარეც. XVIII ს. 50-60-იანი წლებიდან – ჩაქვის მხარე და ციხისძირი, ხოლო 70-იან წლებში ხინო და ქობულეთი. 1829 წლის ადრიანოპოლის ზავით გურიის საზღვარი მდ. ჩოლოქზე გავიდა.

გურიის სამთავროსა და იმერეთის სამეფოს შორის სადავო იყო საჯავახოს ტერიტორია, რომელიც გიორგი II გურიელმა (1566-1583) შეიერთა. XVII ს. მიწურულს საჯავახო იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა, თუმცა XVIII ს. დასაწყისში კვლავ გურიამ დაიკავა. სოლომონ I-მა XVIII ს. 70-იან წლებში საჯავახო იმერეთის სამეფოს შეუერთა. მართალია, ვახტანგ II გურიელმა დაიბრუნა იგი, მაგრამ სოლომონ II-ის დროს ისევ დაკარგა. 1815 წ. საჯავახო გურიას შეუერთდა და საზღვარი მდ. ქვაფათაზე გავიდა.

გურიის სამთავროს ცენტრი იყო ოზურგეთი.

გურია XI ს-იდან ქუთათლის სამწყსო იყო. XV ს-ში გურიელებმა დააარსეს ადგილობრივი საეპისკოპოსოები: შემოქმედი, ჯუმათი და ხინოწმინდა (ჯუმათის ეპარქია მოიცავდა ტერიტორიას მდ. რიონსა და სუფსას შორის, შემოქმედი მდ. სუფსასა და მდ. კინტრიშს შორის, ხოლო ხინოწმინდა – მდ. კინტრიშსა და მდ. ჭოროხს შორის).

გურიის სამთავრო ჩართული იყო გვიან შუა საუკუნეების დასავლეთ საქართველოს შინაფეოდალურ ანარქიაში. გაძლიერების შემთხვევაში თავის გავლენას ამყარებდა იმერეთის სამეფოსა და ოდიშის სამთავროზე (იმერეთის სამეფო ტახტზე ასვლას ახერხებენ: დემეტრე I გურიელი (1658, 1660-1664), გიორგი III გურიელი (1664-1684), მამია III გურიელი (1689-1714) გიორგი IV გურიელი (1713-1716, 1717-1726); გურიის სამთავრო იმერეთის სამეფოს მოკავშირედ გამოდის მაშინ, როდესაც მას საფრთხეს უქმნის გაძლიერებული ოდიშის სამთავრო და პირიქით. გურიის სამთავროს დასუსტების პერიოდში კი თავად ექცეოდა იმერეთისა თუ ოდიშის გავლენის ქვეშ. მას მჭიდრო პოლიტიკური კავშირი ჰქონდა კახეთის სამეფოსთან (კახთა მეფეებთან: ლევან I-სა (1520-1578) და ერეკლე II-სთან (1745-1798).

გურიის სამთავროს ყველაზე დიდ საგარეო საფრთხეს უქმნიდა სამხრეთიდან გამეზობლებული ოსმალეთის იმპერია. ოსმალებმა ეტაპობრივად მიიტაცეს მისი ტერიტორიები. 1614 წლიდან გურიის სამთავრო იძულებული გახდა ხარკი ეკისრა მათ სასარგებლოდ. XVIII ს. დასაწყისში გურიელი დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებთან ერთად ოსმალების წინააღმდეგ გამოვიდა, რასაც ოსმალთა ლაშქრობა მოჰყვა (1703). 1723 წლიდან გურიის საზღვრისპირა ციხეებში ოსმალებმა თავიანთი გარნიზონი ჩააყენეს. გურიელები კულტურულ-საგანმანმანათლებლო პოლიტიკის გატარებითაც ცდილობდნენ მოძალებული ისლამის შეჩერებას. გიორგი IV გურიელმა სასულიერო პირების დახმარებით სახინოწმიდლოში დააარსა სკოლები. ოსმალები აქტიურად ერეოდნენ მთავრის ოჯახის საქმეებში და მათი მომხრე ბატონიშვილის გამთავრებას ცდილობდნენ. გურიის სამთავრო ჩაერთო რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წწ. ომში, რამაც დიდი ზიანი მოუტანა. ოსმალებმა ააოხრეს გურია, სამთავრომ კი დაკარგა სამხრეთ ტერიტორიები და დროებით გაუქმდა საეპისკოპოსოები.

გურიის სამთავრომ საქართველოს სხვა პოლიტიკურ ერთეულებთან ერთად პრორუსული ორიენტაცია აირჩია. 1804 წ. რუსეთის მთავრობამ სცადა გურიასთან სამფარველო ხელშეკრულების გაფორმება, მაგრამ ვერ მოახერხა. 1810 წ., იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, გურიის სამთავრომ აღიარა რუსეთის ქვეშევრდომობა და ავტონომიური უფლებებით შევიდა მის შემადგენლობაში. ტრაქტატის რატიფიკაციის შემდეგ მამია V გურიელი გურიის მთავრად დაადგინეს.

1819-1820 წწ. გურია-იმერეთის აჯანყებისას რუსეთის მთავრობამ ჯარები შეიყვანა გურიაში. აჯანყებულთა მეთაურების – ქაიხოსრო და დავით ბატონიშვილების მამულები გაანადგურეს, თუმცა მათი შეპყრობა ვერ შეძლეს. აჯანყებულთა ნაწილი ბრძოლებში დაიღუპა. სამთავრო მნიშვნელოვად დაზარალდა. 1826 წ. მამია V გარდაიცვალა. გურიის გამგებლობა გადავიდა სამმართველო საბჭოს ხელში, რომელსაც დედოფალი სოფიო (წულუკიძე) ხელმძღვანელობდა. გურიის სამთავრო ჩაერთო 1828-29 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომში. მალე დედოფალი სოფიო დაუპირისპირდა რუსეთის მთავრობას და იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო ოსმალეთში, სადაც გარდაიცვალა კიდეც. სამთავროს გამგებლობა გურიის დროებით მმართველობას გადაეცა. იგი ადგილობრივ თავადებისგან შედგებოდა, მაგრამ ხელმძღვანელობდა რუსი ოფიცერი, რომლის ხელშიც იყო რეალური ძალაუფლება. 1828 წლიდან გურიის სამთავრომ ფაქტობრივად შეწყვიტა არსებობა, თუმცა რუსეთის იმპერია მას ადრიანოპოლის ზავის (1829) პირობებით მიღებულად მიიჩნევდა.

1840 წ. დროებითი მმართველობაც გაუქმდა და ჩამოყალიბდა ოზურგეთის მაზრა, რომელიც საქართველო-იმერეთის გუბერნიას დაექვემდებარა, ხოლო 1847 წლიდან – ქუთაისის გუბერნიას.

თ. ქართველიშვილი


წყაროები და ლიტერატურა

  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ. ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4. თბ.,1973.
  • ბაქრაძე დ., არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათუმი, 1987;
  • სოსელია ო., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლის ისტორიიდან. კრ., მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 30. 1954;
  • ჩხატარაიშვილი ქ., გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან, თბ.,1985.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები