ბაყაყურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაყაყურა)Silybum marianum (L.) Gaertn.

Silybum marianum (L.) Gaertn. – ბაყაყურა.

ორწლოვანი ეკლიანი, 1,5-2 მ-მდე სიმაღლის ბალახოვანი მცენარეა. ფოთლები დიდი ზომისაა, ფართო ლანცეტა, ნაპირებზე ეკლებიანი კბილებით შემოსილი, ძარღვების გასწვრივ თეთრლაქებიანი. ყვავილები წითელია, მილისებრი, შეკრებილია კალათებად, საბურველი სფერულია, კრამიტისებრ განლაგებული ფოთლებით, თითოეული მათგანი მსხვილი ბრტყელი ეკლითაა დაბოლოებული. ნაყოფი ქოჩრიანი თესლურაა. ყვ. V-VII; ნაყ. VI-IX.

იზრდება უშენ ადგილებზე, ნათესებში, ბოსტნებში. ფართოდ გავრცელებული გზადმოყოლილი სარეველაა.

უძველეს სამკურნალო მცენარეების რიცხვს მიეკუთვნება. მას, ჯერ კიდევ რომაელები იყენებდნენ ღვიძლის დაავადებებისას. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა 1968 წელს, როდესაც მიუნხენის ფარმაცევტულ ინსტიტუტში გამოიკვლიეს ბიოქიმიური შემადგენლობა. მასში აღმოჩენილ იქნა მეტად იშვიათი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება – სილიმარინი, მასთან ერთად აღინიშნა მიკროელემენტები (თუთია, სელენი, სპილენძი), ცხიმხსნადი ვიტამინები, კვერცეტინი, ფლავოლიგნანები, 200-მდე კომპონენტის უჯერი ცხიმოვანი მჟავები, რის გამოც შედის ძალიან ბევრ კომპლექსურ საკვებ დანამატებში.

სამკურნალო ნედლეულს თესლები, ფოთლები და ფესვი წარმოადგენს. სამკურნალო მიზნით უფრო ეფექტურია ნაყოფები, მისგან ამზადებენ ზეთს და ფხვნილს, ფოთლებისაგან – წვენს, ხოლო ფესვებისგან – ნახარშს.

ნაყოფების ფხვნილს იყენებენ სისხლში შაქრის დონის დასაწევად, სისხლის გაწმენდის მიზნით, ვარიკოზის დროს. ფესვების ნახარში იხმარება კუჭის კატარის, ფაღარათის, რადიკულიტის, კრუნჩხვების, შარდის შეკავებისას.

ამჟამად ფართოდ გამოიყენება საკვებით მოწამლვის, ქრონიკული ინტოქსიკაციის (ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ქიმიური), ფეხმძიმეებში ტოქსიკოზის, შეძენილ იმუნოდეფიციტებისა და შიდსის, შაქრიანი დიაბეტის, სიმსუქნის, მხედველობის დაქვეითების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შესამცირებლად, ვარიკოზის, ინსულტის, ინფარქტის პროფილაქტიკისათვის და სხვ. მას ღებულობენ აგრეთვე, ღვიძლის, სისხლისა და მთელი ორგანიზმის ტოქსინების, რადიაციისაგან გაწმენდის მიზნით, ქიმიო და სხივური თერაპიის კურსის გავლის შემდეგ; შველის სიყვითლეს, სისხლძარღვების ათეროსკლეროზს, არეგულირებს ქოლესტერინის და სხვა ლიპიდური ფრაქციების გამომუშავებას.

დერმატოლოგიაში ბაყაყურას ზეთი გამოიყენება ფსორიაზის, ვიტილიგოს, ფერიმჭამელების, გამელოტების დროს; ხელს უწყობს ნაჭდევების წარმოქმნის გარეშე ჭრილობების შეხორცებას; ზეთს ხმარობენ ბუასილის, გართულებული სისხლდენების, ანალური ნახეთქების, საშვილოსნოს ყელის ეროზიის, ვენების ვარიკოზული გაფართოების სამკურნალოდ. გინეკოლოგიური დაავადებებისას, მამაკაცებისა და ქალების სქესობრივი და ენდოკრინული სფეროს რეგულაციისათვის ბაყაყურას ზეთი მიიღება შინაგანად. ზეთი ეფექტურია კლიმაქტერიული, ატროფირებული ვაგინის, რომელსაც ქავილი ახლავს სამკურნალოდ.

ბაყაყურა კარგი ანტიოქსიდანტია, ხელს უშლის ნაადრევ სიბერეს. ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, შლის ბიოლოგიურ სტრუქტურებს.

ბაყაყურისაგან მზადდება პრეპერატები: კარსილი, სილიბორი, ლეგალონი, მაგრამ პრაქტიკით დადასტურებულია, რომ მკურნალობა ბალახით უფრო ეფექტური და იაფია.

უკუმაჩვენებელია ნაღვლის ბუშტისა და მის სადინარებში კენჭების არსებობისას; ასევე გარკვეული დროის მანძილზე აღინიშნება ღვიძლის ტკივილი, ვიდრე ორგანიზმი მას მიეჩვევა. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სასურველია მკურნალობის ჩატარება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები