ანტიოქია (ეკლესია)
ანტიოქია - მცხეთის წმინდა პირველმოწამე სტეფანეს ტაძარი, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე, არაგვისა და მტკვრის შესართავთან (მცხეთა - თბილისის ეპარქია).
„ანტიოქია“ არის ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უადრესი ძეგლი საქართველოში. საფიქრებელია, რომ აქ მდებარეობდა ანტიოქიის საპატრიარქოს მეტოქიონი, იჯდა ანტიოქიის ეკლესიის ეგზარქოსი და ამიტომ ტაძარმაც ხალხში მიიღო სახელწოდება „ანტიოქია“ (მკვიდრი მოსახლეობის გამოთქმით „ანტიოქი“). არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადგინდა, რომ, სავარაუდოდ, ამ ტაძრის სამხრეთით II საუკუნეში არსებობდა მდინარე არაგვის ფონის ჩამკეტი საფორტიფიკაციო ნაგებობა — მცხეთის ერთ-ერთი კარიბჭე, ე. წ. „არაგვისკარი“. სწორედ „არაგვისკარის“ ჩრდილოეთით აიგო ეს მცირე ზომის, სამხრეთიდან ორთაღედით გახსნილი და აღმოსავლეთით მრავალწახნაგა შვერილი აფსიდით დასრულებული „კაპელა“, რომლის — სამხრეთ კედელს V ს. უშუალოდ მიაშენეს კიდევ ერთი მცირე ზომის ეკლესია „სტეფანეწმიდა“. ამავე პერიოდში „არაგვის კარმა“ რამდენადმე სამხრეთ-დასავლეთით გადაინაცვლა და „სტეფანეწმიდამ“ მთლიანად გადაფარა ანტიკური ხანის გაუქმებული სასიმაგრო სისტემა, ასევე „ანტიოქიის“ სამხრეთის ორთაღედი. ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ტაძარს მოგვიანებით (VI-VII სს.) დასავლეთიდან მიაშენეს კარიბჭე ჩრდილოეთის ორთაღედით.
„ანტიოქია“ XV ს. I ნახევარში, ალექსანდრე I-ის დროს, მთლიანად შეიმოსა ქვიშაქვის პერანგით, მოგვიანებით კი ჩრდილოეთ კარიბჭის თავზე ბრუსტვერიც გამართეს.
ტაძარი დარბაზულია (7.9 X 9 4 მ). შესასვლელი დასავლეთის მხრიდან, კარიბჭიდან აქვს. აღმოსავლეთის ნახევარწრიულ აფსიდაში გაჭრილია სარკმელი, რომლის ორივე მხარეს პატარა ნიშებია. აფსიდის მხარის ძირში, სამხრეთით და ჩრდილოეთით, სარკმლის წირთხლში, ჩასმული ორნამენტებიანი ფრაგმენტები გვიანდელია. აფსიდის ჩრდილოეთის მხართან შემორჩენილი იყო კანკელის ფრაგმენტი (დღეს აღმართულია ახალი კანკელი). ტაძრის ჩრდილოეთ კედელში ერთი, გვიანდელი დროის სარკმელია. ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღი სამხრეთით კონსოლს ეყრდნობა, ჩრდილოეთით, პილასტრს. ნალისებრი სატრიუმფო თაღი ჩრდილოეთით აფსიდის მხარში ჩასმულ პროფილირებულ კაპიტელზეა დაყრდნობილი, ხოლო სამხრეთით –კონსოლზე. აფსიდის მხარს ამ ადგილას სამხრეთის კედლის თაღიც ეყრდნობა. სამხრეთის კედლის ნალისებრი ორმაგი თაღი შუაში ოთხკუთხა ბოძს ემყარება. ტაძარი დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე (აღმოსავლეთით სუბსტრუქციაა). აღმოსავლეთ ფასადზე სარკმელი პროფილირებულია. შემორჩენილია გვიანდელი ლავგარდნის ფრაგმენტები. ეკლესია გადახურულია ცალფერდა სახურავით.
დასავლეთით მიშენებულ გეგმით კვადრატულ (5.2 X 4.67მ) ორსართულიან კარიბჭეს შესასვლელი აქვს პირველ სართულზე ჩრდილოეთით. ორმაგი თაღი (აღმ-ისა ამოშენებულია) შუაში ჯვაროვანი გეგმის ბოძს ეყრდნობა, არაწესიერი ფორმის ცილინდრული კამარის სამი საბჯენი თაღი კი – კონსოლებს.
1997 წელს არქეოლოგიური კვლევისა და სარესტავრაციო სამუშაოების წარმოებისას აღმოჩნდა ქვიშაქვის სტელა ბერძნნული წარწერით, რომელიც ადრექრისტიანულ ხანას (IV ს.) განეკუთვნება და ეძღვნება მშენებლობას (არ ჩანს რომელს, საფიქრებელია თავდაპირველს). წარწერაში მოიხსენიება მშენებელი, ვინმე აქილევსი, ხუროთმოძღვარი და მხატვარი ავრელიოს აქოლისი და წარწერის შემსრულებელი არსპაკორესი. ჩანს, თავდაპირველი, სამხრიდან ორთაღედით გახსნილი და წახნაგოვანი შვერილი აფსიდით დასრულებული მცირე ეკლესია მათი აშენებულია და ისინი, სავარაუდოდ, მეფე მირიანის თხოვნით, კონსტანტინე დიდის მიერ ქართლში გამოგზავნილი „ქვითხურონი“ იყვნენ.
ამჟამად „ანტიოქია“ აღდგენილი და ახლად მოხატულია. მის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს პირველმოწამე სტეფანეს სახელობის დედათა მონასტერი, რომლის წინამძღვარია იღუმენია ბარბარე. მონასტერში არის 2 მონაზონი და 3 მორჩილი.