შუხარდტი ჰუგო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჰუგო შუხარდტი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰუგო შუხარდტი − (4 თებერვალი 1842, გოთა, – 21 აპრილი 1927, გრაცი), ავსტრიელი ენათმეცნიერი. ჰალესა (1973-იდან) და გრაცის (1876-1900) უნივერსიტეტების პროფესორი. მუშაობდა ზოგადი ენათმეცნიერების და რომანული ფილოლოგიის პრობლემებზე. იკვლევდა აგრეთვე ბასკურ, კავკასიურ, სემიტურ-ქამიტურ და სხვ. ენებს. ქართულ ენას ეხება მისი ორი ნაშრომი: „ქართული ენის შესახებ“ და „გარდამავალი ზმნის პასიური ხასიათის შესახებ კავკასიურ ენებში“.

ქართული ენის საკითხებზე მსჯელობისას შუხარდტი საკმაო სისრულით ითვალისწინებს არსებულ სპეციალური ლიტერატურას, მაგრამ, ამასთანავე, დიდ სიფრთხილეს იჩენს მათ მიმართ. იგი იძლევა ქართული ენის თავისებურებათა ღრმა ანალიზს და მიდის მეტად საყურადღებო (თუმცა რიგ შემთხვევებში მცდარ) დასკვნებამდე.

ფონეტიკაზე მსჯელობისას გარჩეულია ყრუ ხშულთა ორი წყება – „მტკიცე“ (ყელხშულები) – პ ტ კ და „რბილი“ (ფშვინვიერები) – ფ თ ქ. ყელის ხშვა „მტკიცე“ აფრიკატებთან უფრო თვალსაჩინოა, ვიდრე „მტკიცე“ ხშულებთან. სხვა ბგერებიდან განხილულია ე და რ. აღნიშნულია, რომ ე ქართულში არ არის წყვილბაგისმიერი; რ ვერ ქმნის მარცვალს. შუხარდტი საკმაოდ დაწვრილებით ჩერდება მახვილის საკითხებზე. აღნიშნავს, რომ ქართულში არის სუსტი, ადგილმონაცვლე მახვილი, რომელიც ბოლოდან მეორე მარცვალზეა (ბედნიერი), რთულ სიტყვებში კი ორი მახვილი შეინიშნება (ყველაფერი), თუმცა ავტორი იქვე დასძენს, რომ მისი დაკვირვება შეიძლება არ იყოს ზუსტი და საჭიროა შემდგომი კვლევა.

ბრუნვებთან დაკავშირებით შუხარდტი სწორად შენიშნავს, რომ ანტონ I-ის გრამატიკაში აკუზატივის („შემასმენლობითის“) ნიშნად გამოყოფილი -ი (გზა-გზაჲ, მარიამ-მარიამი.) აკუზატივს სახელობითისაგან არ განასხვავებს. იმან, ვინ ნაცვალსახელებში გამოყოფს -ნ ბრუნვის ნიშანს, რომელიც თავდაპირველად აქტიური (მოთხრ.) ბრუნვისა უნდა ყოფილიყო, შემდეგ კი სახელობითის ფუნქციით იქნა გამოყენებული. მანვე გამოყო უცნობი, ძალიან ძველი ბრუნვა, რომელსაც აქვს მოქმედებითის ან ზმნისართული მიცემითის მნიშენელობა: ძლ-ივ-ს, სხვაფრ-ივ, მხრ-ივ (მხრ-ით) და ამ ბრუნვის ნიშნის ვ დაუკავშირა სვანური მიცემითის ვ-ს (მაგ–ღერბათ-ვ „ღმერთს”), რომელიც მოქმედებითის შვ ნიშანშიც გვხვდება.

შუხარდტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ზმნას, როგორც „ენის სულს“. მისი აზრით, სახელის ფლექსიაც კი გაუგებარია ზმნის გარეშე: ბრუნვათა სიმრავლე, მათი თავდაპირველი მნიშვნელობების დიფერენციაცია, მათი გამიჯვნა და ერთმანეთში არევა.. ასახავს იმ ურთიერთობას, რაც ზმნის შიგნით არის მოცემული. მან ყურადღება გაამახვილა ზმნასთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებზე, როლებიც მოითხოვენ სპეციალურ კვლევას (განსაკუთრებით ქართველების მიერ, რომელთაც ამის გაკეთებას ენის ალღო გაუადვილებს). შუხარდტს საგულისხმო დაკვირვებები აქვს წინადადების კონსტრუქციებზე და ა. შ.

შუხარდტი განსაკუთრებით უსვამს ხაზს ქართულის, როგორც „მთავარი“ ენის, შესწავლის მნიშვნელობას. ერთი მხრივ, ქართველურ ენათა კვლევის, მეორე მხრივ კი – ჩრდილოეთ კავკასიურ ენებსა და ბასკურთან ნათესაობის დადგენის თვალსაზრისით.

არნ. ჩიქობავა
გ. ბურჭულაძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები