ჰონდა სოიჩირო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოიჩირო ჰონდა

სოიჩირო ჰონდა - (Soichiro Honda 17 ნოემბერი 1906 — 5 აგვისტო 1991) – კომპანია Honda Motor Co., Ltd. დამფუძნებელი.

სოიჩირო ჰონდა 1906 წლის 17 ნოემბერს დაიბადა, იაპონიის აგრარულ პროვინციაში - ჰამამაცუ, „სონი“-ს დამფუძნებელ აკიო მორიტასთან ახლოს. ჰონდას ოჯახი იმდენად ღარიბი იყო, რომ ბავშვებიდან ხუთი შიმშილით მოკვდა ჩვილ ასაკში. მამამისი მჭედელი იყო, რომელიც ველოსიპედების შეკეთებას ეწეოდა. ამან გარკვეულწილად განაპირობა ჰონდას ინტერესი მოტოციკლეტებისადმი. მამის გაკვეთილები, სადაც მან ტექნიკური პრობლემის გადაწყვეტის ჩვევები მიიღო, მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა მისი სწავლის საწყის ეტაპზე.

გზა წარმატებისკენ

სოიჩირო ცუდი მოსწავლე იყო და ხშირად აცდენდა გაკვეთილებს, რადგან ვერ იტანდა სწავლების ფორმალურ პროცესებს, რომელსაც სკოლა სთავაზობდა. ის ექსპერიმენტულ ტექნიკას ანიჭებდა უპირატესობას და ყოველთვის უკეთესად სწავლობდა თავის გამოცდილებასა და შეცდომებზე. მას უყვარდა მანქანები და მექანიკური მოწყობილობები, იგი პირდაპირ ჰიპნოზირებული იყო, როცა ჯერ კიდევ ბავშვმა პირველად დაინახა ავტომანქანა. როგორც თვითონ ამბობს – „ ... სწორედ მაშინ, თუმცა მე ძალიან პატარა ვიყავი, გამიჩნდა იდეა, რომ ოდესღაც მე თვითონ გავაკეთებ მანქანას.”

ჰონდამ საშუალო სკოლა 1922 წელს დაამთავრა და მაშინვე გაემგზავრა ტოკიოში, სადაც ავტოსარემონტო სახელოსნოში ჩაირიცხა მოსწავლედ. ექვსწლიანი სწავლის შემდეგ, 1928 წელს, იმდენი ფული მოაგროვა, რომ მშობლიურ ქალაქში პირველი სარემონტო სახელოსნო გაეხსნა. ამავე წელს, მან მიიღო პირველი პატენტი თავისი ასეულობით პატენტთა შორის, იდეისთვის, ავტომანქანის ბორბლის ხის ჩხირების ლითონით შეცვლის შესახებ. ეს იყო პირველი ექსკურსი გამოგონების სამყაროში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მის მომავალ დაუჯერებელ ტექნიკურ გადაწყვეტილებებს. ჰონდა იყო უბრალო ადამიანი, მაგრამ მისი გენიალობა გამოიხატა მის უნარში – ნებისმიერი პრობლემისთვის მოეძებნა უბრალო გადაწყვეტილება, რომელიც მის პროდუქციასთან დაკავშირებით წამოიჭრებოდა.

ჰონდა ცნობილი გახდა 1938 წელს დგუშის რგოლის გამოგონების წყალობით. მან ჩამოაყალიბა ახალი კომპანია, რომელიც ამ რგოლს აწარმოებდა „ტოიოტა”-ს (Toyota) კომპანიისთვის ტოკიოში და ეს ომის დროსაც გრძელდებოდა, სანამ მისმა ფაბრიკამ არ იზარალა დაბომბვის გამო, ხოლო 1945 წლის მიწისძვრამ მთლიანად დაანგრია იგი. ჰონდა განაწყენდა, გაყიდა ყველაფერი და ნახევარ შტატზე დაიწყო მუშაობა. მისი მოსვლა მოტოციკლების ბაზარში სრულიად შემთხვევითი იყო.

1946 წელს ჰონდა ასეთ პრობლემას შეეჯახა – მას ბენზინი არ ჰქონდა მანქანისთვის. მაშინ აიღო ერთი ძრავი იმ მრავალთაგან, რომელიც ამერიკელმა მეომრებმა დატოვეს და გაუკეთა თავის ველოსიპედს. ეს ძრავი სავსე იყო ნავთით. შემდეგ მან ახალი მოპედი გააკეთა მეგობრების თხოვნით. შეკვეთების რაოდენობამ ათს რომ მიაღწია, როგორც მოსალოდნელი იყო, მან ივარაუდა, რომ მსგავსი მანქანების ბაზარი შეიძლება გაცილებით მეტი იყოს. 1948 წელს დააფუძნა „ჰონდა მოტორ კომპანი” (Honda Motor Company) მოპედის შემუშავებისა და წარმოების მიზნით.

თავისი პირველი მოდელი ჰონდამ აღჭურვა „D“ (Dream - ოცნება) მოტორით. მოდელი „E“ გაშვებულ იქნა წარმოებაში 1951 წელს, და 1958 წელს, როცა აშშ-ში გამოჩნდა მისი „სუპერ ქლაბი” (Super Club), ჰონდამ უკან მოიტოვა 250 კონკურენტი (მათ შორის 50 იაპონური იყო) და მოპედის უმსხვილესი მწარმოებელი გახდა იაპონიაში. მალე კი, – სარეკლამო კამპანიის წყალობით, – „უკეთესი ადამიანები დადიან ჰონდას მოტოციკლეტით“, – ამ მოდელმა ნამდვილი რევოლუცია მოახდინა მრეწველობაში. ეს სარეკლამო კამპანია, რომელიც 5 მლნ დოლარი ღირდა, 1962 წლის ჰიტი გახდა და წარმატებით შეასრულა თავისი ამოცანა, – ხელი შეუწყო მოტოცოკლეტის პოპულარობას. მარკეტინგულმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ეს მოტოციკლეტი ტექნიკური გარღვევა გახდა. ეფექტური იმიჯის, დაბალი ფასისა და შესრულების მაღალი ხარისხის წყალობით ამ მოდელის ბაზარი მილიონ ერთეულამდე გაფართოვდა.

1961 წელს ჰონდა აწარმოებდა 100 000 ცალს თვეში, ხოლო 1968 წელს მარტო აშშ-ში გამოუშვა მილიონი ცალი, 80-იანი წლების შუახანებში ჰონდა მსოფლიო ბაზრის 60 პროცენტს ფლობდა, ხოლო 1990 წელს წლიურმა გამოშვებამ სამ მილიონ ერთეულს მიაღწია.

ჰონდა საავტომობილო ბაზარზე 1970 წელს მოვიდა ავტომანქანით – „სივოკ“ (Sivok). მან გააგრძელა თავისი მოდელის აღჭურვა ტექნიკური სიახლეებით, ისევე როგორც ეს გააკეთა მაშინ, როცა მოტოციკლების ბაზარი დაიპყრო.

1974 წელს ნავთობის კრიზისის გამო იაპონიაში მანქანის მწარმოებლები შეთანხმდნენ, რომ შეემცირებინათ პროდუქციის წარმოების მოცულობა და ფასები აეწიათ. მხოლოდ ჰონდა წავიდა წინააღმდეგი და პირიქით გააკეთა, ჰენრი ფორდის მსგავსად. ჰონდამ გააორმაგა წარმოება და შეამცირა ფასები უფრო მეტად, ვიდრე ფორდმა თავის დროზე. „ნისან“-ისა (Nisan) და „ტოიოტას“ კომპანიების პროდუქციათა გაყიდვის მოცულობა 40 პროცენტით დაეცა, ხოლო ჰონდას პროდუქციის მოცულობა 76 პროცენტით გაიზარდა და განაგრძობდა ჩქარ ზრდას. 1987 წლისთვის „ჰონდა“ ყველაზე ჩქარმზარდი კომპანია გახდა მსოფლიოში.

ჰონდას პროდუქცია განკუთვნილი იყო როგორც ქალებისთვის, ისე კაცებისთვის და ხელმისაწვდომი საშუალო კლასისთვის, რომელსაც ადრე ანგარიშს არ უწევდნენ სხვა მწარმოებლები.

ჰონდას სიძლიერე იყო ტექნიკურ ელეგანტურობაში, დიზაინის სილამაზესა და საბაზრო ინტუიციაში. მას არც საინჟინრო მომზადება გააჩნდა და არც გამოცდილება, არაფერი იცოდა მარკეტინგის, ფინანსებისა და დისტრიბუციის შესახებ, ჰონდას წარმოდგენაც არ ჰქონდა დიდ ბიზნესსა და საერთაშორისო ვაჭრობაზე. მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა „ზაიბაცუს“ (იაპონური კონგლომერატები) მხრიდან, რომლებიც მას აუტსაიდერად და მეამბოხედ თვლიდნენ, მან მაინც მიაღწია წარმატებებს. მისმა წარმატებებმა განაცვიფრა არა მხოლოდ იაპონელები, არამედ პედანტი გერმანელები, რომლებიც მდიდარ ბაზარს ფლობდნენ და ქედმაღალი ამერიკელები, რომელთაც ეკუთვნოდათ სხვა დანარჩენი ბაზარი.

ახალგაზრდობაში ჰონდა გატაცებული იყო სუსტი სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობით, რის გამოც საზოგადოებაში არასერიოზული კაცის სახელი ჰქონდა. ეს ექსტრავაგანტური პიროვნება თანამშრომლებში ცნობილი იყო თავისი მრისხანებით ემოციური ფეთქებადი ხასიათის გამო, რომელიმე მუშაკის სისულელის პასუხად. მათ უყვარდათ ჰონდა, მაგრამ ეშინოდათ მისი განრისხების.

ის ფლობდა თავისუფლების სულისკვეთებას და მთელი თავისი კარიერის მანძილზე ტრადიციების წინააღმდეგ იბრძოდა. უარს ამბობდა თავის ფირმაში სამუშაოდ ისეთი თანამშრომლების მიღებაზე, რომლებსაც მიღებული ჰქონდათ ფორმალური განათლება მრავალი წლის მანძილზე, რადგან გრძნობდა, რომ მათი დოგმატური აზროვნება შემაფერხებელი იქნებოდა ახლის ძიებაში. მისი ოცნება სიმართლეზე და სამყაროს ხედვა ასახულია პირსოდჯის პოპულარულ რომანში „ძენ ბუდიზმი და არსებობის ხელოვნება მოტოციკლის დახმარებით“ (1964წ.). სადაც მოტოციკლეტი გამოყენებულია, როგორც თავისუფლების მეტაფორა. – „მოტოციკლს, რომელსაც თქვენ ქმნით, აიგივებთ თქვენში“. ეს გამოთქმა ახასიათებს შორსმხედველ ინოვატორს, სოიჩირო ჰონდას, რომელმაც იცოდა ეს ჭეშმარიტება ყველაზე მეტად და შეუპოვარი იყო თავისი პიროვნებისა და პროდუქციის სრულყოფაში.

ჰონდა ქვეცნობიერად, ინტუიციით გრძნობდა ბიზნესის პერსპექტივებს და ანალიტიკურ აზროვნებას იყენებდა პრობლემის გადაწყვეტაში. მისთვის დამახასიათებელი იყო: მოუთმენლობა, ამბოხი, დამარცხებაზე შეწინააღმდეგება. ეს ადამიანი არასოდეს ნებდებოდა მომდევნო პრობლემის წინაშე. ის თვლიდა, რომ აკადემიური განათლება სპეციალისტებს აძლევს უნდობლობას ინტუიციისა და პრობლემის გადაჭრის ახალი მეთოდის გამოყენებისას. ჰონდა ამბობს: – „მართალია, მე ერთიმეორის მიყოლებით მომდიოდა შეცდომები, მაგრამ ჩემი შეცდომები და წარუმატებლობა არასოდეს ყოფილა ერთი და იმავე საბაბით.“

ჰონდა დიდ ყურადღებას უთმობდა ექსპერიმენტულ სამუშაოს და წინააღმდეგობას უწევდა ნებისმიერ მცდელობას, ეკონტროლებინათ ის ან მისი ფირმა ტრადიციული კასტური სისტემით. ჰონდა ამბობს: – „მთავრობის ოფიციალური პირები ყოველთვის იცავენ საზოგადოებრივ ინტერესებს. მაგრამ ისინი ყოველთვის წინააღმდეგნი არიან, როცა შენ ცდილობ რაიმე ახალი გააკეთო.”

ამ ინოვატორს, მემარჯვენე აზროვნების ოპერირებით, თავისი განუწყვეტელი ექსპერიმენტებით, ჭკუიდან გადაჰყავდა ისტებლიშმენტი (სახელმწიფო მოხელეები). ის წინააღმდეგი იყო მართვის იერარქიული ფორმისა: „მთლიანობაში, – ამბობს ჰონდა, – ადამიანები მუშაობენ დაძაბულად და უფრო ინოვაციურად, თუკი მათ არ აიძულებენ. სულ სხვა სურათია იქ, სადაც მათ მკაცრად უთითებენ თუ რა აკეთონ.”

ფსიქოლოგების მიერ დამტკიცებულია, რომ ის მართალი იყო და მართვის ახალი სტილი უახლოვდება ჰონდას მეთოდებს. ე.ი. მან წინ გაუსწრო მოვლენებს.

ჰონდა რისკის მოყვარული პიროვნება იყო. 30-იანი წლების შუახანებში კინაღამ დაიღუპა გასწრებაში მონაწილეობისას. მან მოიგო ეს შეჯიბრება, მაგრამ ფინიშზე ავარია მოუვიდა და სამი თვე საავადმყოფოში გაატარა, რის შემდეგაც მას აუკრძალეს შეჯიბრებაში მონაწილეობა. 60 წლის ასაკში ჰონდამ ისწავლა საკუთარი ვერტმფრენის მართვა, მაგრამ ისე შეაშინა თავისი მგზავრები, რომ იძულებული გახდა მფრინავის სკამი პროფესიონალისთვის დაეთმო.

მისი აზარტი ლეგენდარული იყო. არ ცნობდა დამარცხებას და შეეძლო ყველაფერი გაერისკა თავისი მრწამსისა და იდეისთვის. ყველაზე ძლიერი ნაბიჯი, 70-იანი წლების შუარიცხვებში ნავთობის კრიზისის გამო, პროდუქციის შემცირებაზე უარის თქმა იყო. „ჰონდა მოტორსი“ დიდი ხნის წინ ჩაბარდებოდა ისტორიას, თუკი ის დაეჭვდებოდა თავის სიმართლეში. მაგრამ მან ეს არ გააკეთა და „ჰონდა“ გიგანტური ძალა გახდა ინდუსტრიაში.

ისტორია აკიო მორიტას ბიოგრაფიიდან „დამზადებულია იაპონიაში“ (1986), ჰონდას აზარტული ნატურის უდავო დადასტურებას წარმოადგენს. როცა ის ფიქრობდა საავტომობილო ბაზარში გასვლაზე, „იამაჰამ“, მისმა დაუძინებელმა მტერმა მოტოციკლეტის წარმოებაში, დაინახა ჰონდასთვის ბაზრის წართმევის შესაძლებლობა, მისი ფინანსური პრობლემების გამო. „იამაჰამ“ მრავალი ახალი მოდელი შეიმუშავა და ძალიან დაუკლო ფასები, რადგან ჰონდა ძალიან დაკავებული იყო ავტომობილით, საიმისოდ რომ ეპასუხა მისთვის. ისინი შეცდნენ. ჰონდამ უპასუხა მთელი თავისი რესურსების გამოყენებით, რამდენადაც ეს იყო სამკვდრო-სასიცოცხლო ომი. მორიტას თქმით: – „მიუხედავად ფინანსური სიძნელეებისა, „ჰონდას“ ხელმძღვანელობამ მომენტალურად უპასუხა. ისინი იბრძოდნენ. მთელი წლის განმავლობაში ყოველ კვირას ახალ მოდელს უშვებდნენ. „იამაჰამ“ ვერ გაუძლო ამას და საბოლოო ჯამში იძულებული გახდა ხელმძღვანელობის შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებები განეხორციელებინა.“

80-იანი წლების დასაწყისში „ჰონდა“ მესამე გახდა იაპონიაში ავტომანქანის უმსხვილეს მწარმოებელთა შორის, ხოლო 80-იანი წლების ბოლოს _ მესამე მსოფლიოში. 60-იან წლებში ის დომინირებდა მოტოციკლების წარმოებაში ბაზრის 70 პროცენტზე, 1990-იან წლებში უშვებდა 3 მილიონ მოტოციკლზე მეტს თვეში და დღემდე მთელი მსოფლიოს ბაზრის 60 პროცენტი უკავია. ჯორჯ მილდერი ჰონდას თვლის „უნივერსალურ, ყველაზე ბრწყინვალე და წარმატებულ მეწარმედ საავტომობილო მრეწველობაში ჰენრი ფორდის შემდეგ.“

ჰონდამ კიდევ ერთი „შეუძლებელი“ გარღვევა მოახდინა, დაუმტკიცა სპეციალისტებს, რომ ისინი ცდებიან, როცა ირწმუნებიან, თითქოს ამერიკელ მუშებს არ შეუძლიათ ააწყონ მაღალხარისხიანი მანქანა იაპონელების დონეზე. 70-იან წლებში მან ააშენა ქარხანა მერისვილში, ოჰაიოს შტატში და გაანადგურა ეს მითი, იაპონური აწყობის მოდელის აბსოლუტურად შესაბამისი ხარისხის სტანდარტით მანქანის გამოშვებით. სწორედ ეს მანქანა – „ჰონდა აკორდი“ (Honda Accord) – 80-იანი წლების ბოლოს ყველაზე კარგად იყიდებოდა ამერიკაში და ეს სტატუსი 90-იან წლებშიც შეინარჩუნა. ამის წყალობით ჰონდა გახდა პირველი იაპონელი ხელმძღვანელი, რაც აღინიშნა ამერიკული საავტომობილო მრეწველობის დიდების დარბაზში.

ჰონდამ ის გააკეთა მოტოციკლეტისთვის, რაც ჰენრი ფორდმა გააკეთა ავტომანქანისთვის. მან აიღო უმოქმედო გაჩერებული ბაზარი და მოქმედი და დინამიური გახადა იგი. საუკეთესო მანქანაზე ოცნების ასრულებისკენ მისი უშრეტი მისწრაფება ელეგანტურ ავტომანქანაში განსახიერდა. 50-იანი წლების შუარიცხვებიდან 90-იანი წლების დასაწყისამდე „ჰონდა“ იყო მოტოციკლების დიზაინის მოდის მუდმივი კანონმდებელი მთელს მსოფლიოში. ჟურნალ „ქარ ენდ ტრექ“-ის (Car and Trak – ავტომობილი და გზა) ინფორმაციით „ჰონდას“ ფირმის ავტომობილი „აკურა“ (Accura) ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი გახდა მთელს მსოფლიოში 1989, 1990, 1991 და 1992 წლებში. 1991 წელს მათ შექმნეს, ასევე განსაკუთრებით პოპულარული სპორტული მანქანა – „ენ-ეს-იქს“ (NSX). 1993 წელს „აკურა“ ისევ დაასახელეს ყველაზე პოპულარულ მოდელად შეერთებულ შტატებში. ჰონდას ეკუთვნის ყველაზე მსხვილი კომპანიის სტატუსი იაპონიაში მათ შორის, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა.

1988 წლის მარტში ჟურნალმა „მოტორ ტრენდი“ (Motor Trend) შეადგინა რეიტინგი – „ყველაზე პოპულარული მანქანები მსოფლიოში“ და სამი პირველი პოზიცია „ჰონდას“ ფირმის მანქანებმა – „სი-არ-ექს“-მა, „სივოკ“-მა და „პრელიუნდა“-მ (Prelunda) დაიკავეს. კიდევ ერთი საქებარი ინფორმაცია ჟურნალისგან „ქარ ენდ დრაივერ“ (Car and Driver - მანქანა და მძღოლი), რომელმაც „ჰონდა“-ს ფირმის მოდელი „აკორდი“ აშშ-ში ყველაზე პოპულარულ მანქანათა ათეულში დაასახელა.

ესაა აღიარება და წარმატება უღარიბესი პატარა იაპონური ქალაქიდან გამოსული კაცისა, თანამედროვე აზროვნებითა და სიახლის ძიებაში რისკისთვის მზადყოფნით, რომელიც ამერიკელებსაც მოეწონათ. იაპონიაში, ქვეყანაში, სადაც საზოგადოებრივი ლოიალობა დაყენებულია ქვაკუთხედად, ჰონდა ნამდვილი ნონკომფორმისტი (ერთგვარობის, უძრაობის მოწინააღმდეგე) იყო. მისი მეტსახელი „ბატონი მრისხანება“, თითქოს არ შეესაბამებოდა ზომით დაბალი და ტიპური იაპონელი ხელმძღვანელისთვის მიუწვდომელი ქცევით. ის არის მაგალითი შეუპოვრობის, თავმდაბლობის, სასიამოვნო მანერისა და უნარის, შეცდომები მიიღოს, როგორც ფასეული აქტივი.

წყარო

გამოჩენილ ბიზნესმენთა სამეწარმეო ცხოვრებიდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები