ჰერმეტული ნაწერები
ჰერმეტული ნაწერები – ნაწერები, რომელთა შექმნა ჰერმეს ტრისმეგისტოსს მიეწერებოდა.
ეგვიპტეში არსებობდა ტრადიცია, რომ უძველესი რელიგიური, გეოგრაფიული, მათემატიკური და ასტრონომიული ნაწერები, რომლებიც სატაძრო ბიბლიოთეკებში ინახებოდა, თოტის, სიბრძნის და დამწერლობის ღმერთის შექმნილი იყო. თოტთან ასოცირებული უზენაესი ცოდნა და მისტიციზმი მრავალ ეგვიპტურ ტექსტში გვხვდება. ფარაონ ხეოფსს ზღაპარში „ფარაონი ხეოფსი და ჯადოსნები“ (7.6) ყველაზე უფრო თოტის საიდუმლო პალატების რიცხვის გაგება აინტერესებს. კლემენს ალექსანდრიელი მოგვითხრობს 42 წიგნზე, რომელიც ქურუმებს უნდა სცოდნოდათ. ორი მათგანი, რომლებიც რელიგიური ჰიმნების და საკულტო ცერემონიების ჩანაწერს წარმოადგენდა, სატაძრო მომღერლებს უნდა ესწავლათ; ოთხი წიგნი ასტრონომიაზე ჰოროლოგებს; ცხრა, „იეროგლიფიკის“ სახელწოდებით, შეიცავდა ეგვიპტის გეოგრაფიას, ტაძრების მშენებლობას და მომარაგებას და ჰიეროგრამატების ცოდნის სფეროს წარმოადგენდა; ცხრა, ღმერთების კულტების შესახებ, სტოლისტებს უნდა სცოდნოდათ, და ორი, ღმერთების და ქურუმების იერარქიის შესახებ წინასწარმეტყველებს. ამ 36 წიგნს, რომელშიც „ეგვიპტური სიბრძნე“ ინახებოდა, ემატებოდა 6 მედიცინაზე, რომლებიც პასტოფორების ცოდნის სფეროში იყო.
ეს აღწერა ეგვიპტეში რეალურად არსებული სიტუაციის გამოძახილია, სადაც ტაძრებთან უძველესი დროიდან არსებობდა ბიბლიოთეკები და ქურუმები მუდმივად დაკავებული იყვნენ პაპირუსების გადაწერით და შევსებით, და მათ „თოტის წიგნებს“ ეძახდნენ. ამ ტრადიციამ გაგრძელება პოვა ელინისტურ სამყაროში და უფრო გვიან, რადგან ბერძნებმა ეგვიპტელები, მათი გაუგებარი დამწერლობით მოხატული ტაძრებით, უმაღლესი სიბრძნისა და მისტიციზმის მატარებლებად მიიჩნიეს და თავიანთი საკუთარი თეოსოფიური და მისტიური თხზულებების ავტორად ჰერმეს ტრისმეგისტოსის გამოცხადება დაიწყეს. ჩვ.წ. III საუკუნეში ნეოპლატონისტი იამბლიხუსი წერდა, რომ სელევკოსის თანახმად, ჰერმესმა თავისი სიბრძნე 20 000 წიგნში ჩამოაყალიბა, მანეთონის თანახმად კი 36 555-ში. რეალურად, დღეისათვის ცნიბილია 24 ჰერმეტული ნაშრომი, რომელთაგან ყველაზე ძველი ჩვ.წ.-მდე მეოთხე საუკუნით არის დათარიღებული. ჰერმეტისტები აცხადებდნენ, რომ ჰერმეტული ნაწერები, რომლებიც ჰერმეს ტრისმეგისტოსმა შექმნა, ორიგინალურად ეგვიპტურ ენაზე იყო დაწერილი, და შემდეგ თარგმნილი, ამდენად ჰერმეტიზმის სამშობლოც ეგვიპტეა, მაგრამ არა ფარაონების, არამედ ელინისტური ეგვიპტე.
რეალურად, პირველი ჰერმეტული ნაწარმოებები დაიწერა ბერძნულად, იმ ბერძნების (და/ან ბერძნულად მოლაპარაკე არაბერძნების) მიერ, რომლებიც ეგვიპტეში ცხოვრობდნენ. ასე შეიქმნა ჰერმეტული აპოკრიფები ბერძნულ ენაზე, რომლებიც თავიდან ეგვიპტური ნაწერების ბერძნულ ენაზე თარგმანებს წარმოადგენდა. იამბლიხუსი (VIII. 5) ასახელებს ერთ ასეთ მთარგმნელს, ქურუმ ბიტისს. მაგრამ იმდენად დიდი იყო ტრისმეგისტოსის ძალა და ხიბლი, რომ მისი ნაწერების თარგმანები მხოლოდ ღვთაებრივი მთარგმნელის შესრულებული შეიძლებოდა ყოფილიყო, და გაცილებით უფრო გვიანდელ ქრისტიანულ ტრადიციაში გამოჩნდა მეორე ჰერმესი, რომელსაც ამ საქმე მიაწერდნენ. მეცხრე საუკუნეში მცხოვრები ბიზანტიელი ბერი სინკელი თავის ფსევდო-მანეთონის წერილში პტოლემაიოს II-დმი წერდა, რომ მანეთონმა იცოდა ნაწარმოებები, რომლებიც დაწერა წმინდა ენაზე იეროგლიფური ასოებით თოტმა, პირველმა ჰერმესმა, და რომლებიც წარღვნის შემდეგ თარგმნა წმინდა ენიდან ბერძნულად მეორე ჰერმესმა, აგათოდაიმონის შვილმა, ტატის მამამ, ეგვიპტური ტაძრების ყველაზე წმინდა ადგილებში. თანდათან გამოჩნდა ამ ტიპის ნაწარმოებთა კრებულები, რომლებიც შინაარსობრივად ძალიან განსხვავდებოდა ეგვიპტური ნაწერებისაგან. ერთი ასეთი კორპუსი მოხსენიებული აქვს ალქიმიკოს ზოსიმეს (ჩვ.წ. IV ს.), როგორც პოიმანდრეს ქმნილება, კიდევ ერთი – ალექსანდრიის პატრიარქს, კირილეს. დღეისათვის ცნობილი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია თვრამეტი ჰერმეტული ტრაქტატი და logos teleios, ცნობილი „ასკლეპიოსის“ სახელით. ყველა ამ ნაწარმოებში ეგვიპტური შეხედულებები ჰერმეს-თოტზე, დეკანებზე, სულების გადანაცვლებაზე, ოსირისის წრის ღმერთებზე და სხვ. ელინისტურ ჭრილშია გადამუშავებული. ჰერმეტული კორპუსების შექმნის დრო ზუსტად დადგენილი არ არის.