ჯასაყი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯასაყ-ი / ყურმანლიყ-ი (ნოღ. Джасакъ / Къурманликъ) – ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული ნოღაური საერთო-სასოფლო ლოცვა.

მოგვყავს 1892 წელს ნოღაელებში გავრცელებული აზიური ქოლერის საწინააღმდეგო რიტუალის აღწერილობა: 12 აგვისტოს წინა საღამოს აულ მანსურის მოსახლეობა გაფრთხილებულ იქნა, სამუშაოდ მინდორში არავინ გასულიყო. მეორე დილით სოფლის ყველა მამაკაცი და ქალი მდინარესთან შეიკრიბა; აქვე მოიყვანეს საერთო სახსრებით საამისოდ შეძენილი სამსხვერპლო შავი ძროხა, რომელიც შეკრეს და წინასწარ ამოთხრილ ორმოსთან დააწვინეს; შეგდეგ დაიწყეს ლოცვა, რომელშიც ალაჰს მოახლოებული საშინელი უბედურების აცილებას თხოვდნენ. ლოცვის დასრულებისთანავე ძროხა ისეთ მდგომარეობაში დაკლეს, რომ მისი სისხლი ორმოში ჩასულიყო (შემდეგ ამ ორმოშივე ჩამარხეს საკლავის შიგნეულობა და ძვლები); ამ დროისთვის უკვე მომზადებული ჰქონდათ გუთანი, რომელშიც 6 ხარი იყო შებმული; შემდეგ შეუდგნენ აულის გარშემო მსვლელობას: პროცესიას წინ მიუძღოდა ორი მოლა, რომლებიც ხარის ტყავს მომოათრევდნენ და გალობდნენ; მათ უკან მომავლები გუთნით ხნულს ავლებდნენ; ამ უკანასკნელებს კი დანარჩენი ხალხი მოსდევდა; შემოავლეს რა კვალი მთელ აულს, მსვლელობის მონაწილეები კვლავ მდინარესთან მოვიდნენ, სადაც საწესო სუფრა გაშალეს და სამსხვერპლო ხარის ხორცი მიირთვეს; ბოლოს, მოლამ ოჯახის ხელმძღვანელებს, თავიანთი სახლის კარებზე გასაკრავად, დაურიგა ქაღალდის ნახევი, რომელზედაც ქოლერისგან დამცავი ლოცვა იყო დაწერილი. თუ ლოცვა წვიმის გამოწვევის მიზნით სრულდებოდა, ნოღაელები მდინარესთან იკრიბებოდნენ, კოცონს გააჩაღებდნენ და საერთო ხარჯებით გაშლიდნენ სუფრას, რომლის დამთავრებისთანავე ერთმანეთის წყლით გაწუწვას შეუდგებოდნენ.


ლიტერატურა

Алейников М. Поверья ногайцев Мансуровского селения, Баталпашинского отдела, Кубанской области // СМОМПК. Вып. 17. 1893.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები