ჯანმრთელობის დეპარტამენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯანმრთელობის დეპარტამენტი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში ჯანმრთელობის უმაღლესი ორგანო. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ ამიერკავკასიის საექიმო-სასანიტარო განყოფილების ბაზაზე შეიქმნა საქართველოს საექიმო-სასანიტარო განყოფილება. თავდაპირველად განყოფილება მომარაგების სამინისტროში შედიოდა, შემდგომში კი, მისი ეფექტურობის გასაზრდელად და ადგილობრივ დონეზე მისი საქმიანობის გასააქტიურებლად, განყოფილება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა. განყოფილება დამოუკიდებლობის პერიოდში აქტიურად ებრძოდა ქოლერის ეპიდემიებს, რომელიც ძირითადად ლტოლვილთა გადაადგილებას და შიმშილობას უკავშირდებოდა. განყოფილების ანგარიშის მიხედვით, ეპიდემიის დროს ბაკურიანში გაიხსნა 2 ლაზარეთი, 100 და 50-საწოლიანი, ასევე, გადასროლილ იქნა სასანიტარო მოძრავი რაზმი; ბორჯომში გაიხსნა 30-საწოლიანი ლაზარეთი, გაიგზავნა სასანიტარო 30-საწოლიანი მატარებელი და სადეზინფექციო რაზმი. საექიმო-სასანიტარო განყოფილება ეპიდემიას ებრძოდა ხაშურში, სურამსა და ყვარელში. 1918-1919 წლებში ქართლ-კახეთში მოქმედებდა ე.წ. „მფრინავი სასანიტარო რაზმი“, რომელიც ეპიდემიის კერებში სადენზიფექციო-სასანიტარო სამუშაოებს ატარებდა. საექიმო-სასანიტარო განყოფილებამ მთელი რესპუბლიკის მასშტაბით ერობებს გადასცა 4-საწოლიანი ლაზარეთები, სადაც ექიმთა ეტაპობრივ განაწილებას თავადვე უზრუნველყოფდა.

1920 წლის 1 ივნისს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ დაიწყო „ჯანმრთელობის დეპარტამენტის დაარსების“ კანონის განხილვა. 1920 წლის 13 ივლისს კრებამ კანონი საბოლოოდ დაამტკიცა. აღნიშნული კანონის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროში საექიმო-სასანიტარო განყოფილების ნაცვლად იქმნებოდა ჯანმრთელობის დეპარტამენტი, რომელსაც ექნებოდა დამოუკიდებელი ბიუჯეტი. დეპარტამენტის უფროსი პროფესიით ექიმი უნდა ყოფილიყო. დეპარტამენტის მოვალეობა იყო, შეემუშავებინა საექიმო-სასანიტარო კანონპროექტები, ეწარმოებინა საექსპერტიზო საქმე; ის განაგებდა საფარმაციო საქმეს, აკონტროლებდა საექიმო საქმეებს.

კანონის თანახმად, დეპარტამენტი შედგებოდა 5 განყოფილებისაგან:

  1. ერობის და ქალაქის მედიცინის,
  2. საკურორტო,
  3. სარკინიგზო,
  4. საფარმაციო საქმეების და
  5. სამხედრო.

კანონის თანახმად, დეპარტამენტის ადმინისტრაციული ხარჯები 1920 წლისთვის 2 968 504 მანეთს შეადგენდა.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 1863, აღწ. 1, საქ. 886;
  • სცსა, ფ. 1833, აღწ. 1, საქ. 978;

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები