ხელოვნება მიწაზე და ადგილსპეციფიკური ქანდაკება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რობერტ სმითსონი. სპირალური ჯებირი, 1969-1970; ლამი, მარილის დანალექი კრისტალები, კლდეები, წყალი, სიგრძე 457X4.5 მ. დიდი სოლთ ლეიქი, იუტა © რობერტ სმითსონის მემკვიდრეობა, ლიცენზირებული VAGA-ს მიერ, ნიუ იორკი, ნიუ იორკის შტატი

„ხელოვნება მიწაზე“ (EARTH ART) და ადგილსპეციფიკური ქანდაკება – 1970-იან წლების დასაწყისში, მას შემდეგ, რაც პროცეს-არტისტებმა ხელახალი სიცოცხლე შესძინეს ხელით კეთებას და ის კლავ ხელოვნებად აქციეს, არტისტების მეორე ჯგუფმა საკუთრივ მიწასთან დაიწყო მუშაობა და ის მანიპულაციის, ხელობისა და ცვლილებების მედიუმად აქცია. მიწის არტისტები მიწას ისე იყენებდნენ, როგორც დაზგურ ტილოს. ისინი ღია ცის ქვეშ მუშაობდნენ და თავისი ნამუშევრების შესაქმნელად ხშირად, იმ ბუნებრივ მასალას იყენებდნენ, რომელსაც ადგილზე პოულობდნენ. ეს ნამუშევრები ძირითადად, კონკრეტული ადგილებისთვისაა შექმნილი. მათგან ზოგი იმდენად დიდია, რომ სამუდამოდ შეცვალა ლანდშაფტი, ზოგი კი ამბიციურია, თუმცა დროებითი; ნაწილი იმდენად შორს მდებარეობს, რომ ცოტა ვინმესთვის თუა მისაწვდომი, სხვების ნახვა კი მარტივადაა შესაძლებელი. „ხელოვნება მიწაზე“, პერფორმანსისა და კონცეფტუალური ხელოვნების მსგავსად, არ არის კომერციულად მომგებიანი. მაგრამ ამ ნამუშევრებს ხშირად აღბეჭდავდნენ ფოტოზე ან კინოფირზე. შედეგად კი სწორედ ეს გამოსახულებები იქცა საკოლექციო ობიექტებად და არა თავად ნამუშევრები. ხელოვნება მიწაზე (Earth Art) არ უნდა აგვერიოს გარემოს ხელოვნებაში (Environmental art). პირველი მიწას (ან ქალაქს) იყენებს ნამუშევრის შექმნის ადგილად, მეორე კი საფრთხის ქვეშ მყოფი ბუნებრივი გარემოს მოძიებასა და მასზე ყურადღების გამახვილებაზეა ორიენტირებული.

რობერტ სმითსონი

რობერტ სმითსონი (Robert Smithson, 1938- 1973) იმის ილუსტრირებას ცდილობდა, რასაც თავად, ბუნებაში „მიმდინარე დიალექტიკას” უწოდებდა და რაც მაშენებელ, ფორმის შემქმნელ კონსტრუქციულ ძალებსა და მის დამანგრეველ, დესტრუქციულ ძალებს შორის არსებობდა. ამ იდეების გამომხატველია 1970 წელს შექმნილი სპირალური ჯებირი. ესაა 1,500 ფუტის ქვისა და მიწის პლატფორმა, რომელიც იუტას შტატში მდებარე ტბაზე, სოლთ ლეიქზე სპირალურადაა დახვეული. სმითსონისთვის, მლაშე წყალი და ტბის წყალმცენარეები ასახავდა როგორც პირველყოფილ ოკეანეს, რომელშიც სიცოცხლე დაიწყო, ასევე მკვდარ ზღვას, რომელმაც ეს სიცოცხლე მოკლა. მიტოვებული ნავთობის ჭაბურღილები, რომლებითაც დაცხრილულია ტბის ნაპირები, დინოზავრის ჩონჩხებსა და გამქრალი ცივილიზაციების ნარჩენებს მოგვაგონებს. სმითსონმა სპირალი გამოიყენა, რადგან ეს არქეტიპული ფორმა, რომელიც ბუნებაში ყველგან არსებობს - გალაქტიკებიდან მოყოლებული, ვიდრე ზღვის ნიჟარებამდე - ადამიანის მიერ, ათასწლეულთა მანძილზე გამოიყენებოდა ხელოვნებაში. მოდერნისტული კვადრატებისა და წრეებისგან განსხვავებით, ეს „დიალექტური” ფორმა, რომელიც იხსნება და იხურება, იხვევა და სწორდება უსასრულოდ, გვთავაზობს ზრდასა და ხრწნას, შექმნასა და განადგურებას ან თავად სმითსონის სიტყვებით, უწყვეტ „მომავალსა და წარმავალს”. სმითსონის ნებით, სპირალური ჯებირი საგანგებოდ არ დაუცავთ, ის დროთა მანძილზე თავად ბუნებას უნდა განეკარგა. ახლა ნამუშევარი კრისტალიზებული მარილით არის დაფარული, თუმცა, როგორც ეს google earth-იდან ჩანს, ჯერაც ხილულია.

კრისტო და ჟან კლოდი

კრისტო და ჟან კლოდი. კარიბჭე, 1979-2005; ცენტრალური პარკი, ნიუ იორკი. ფოტოზე ასახულია 2005 წლის ინსტალაცია

ამერიკაში, ადგილ-სპეციფიკური ხელოვნების ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები კრისტო ჯავაჩეფი (Christo Javacheff,, დ.1935) და ჟან კლოდ დე გილებონი (Jeanne-Claude de Guillebon, 1925-2009) იყვნენ. ისინი უზარმაზარი მასშტაბის (როგორც ურბანულ, ასევე სოფლურ) პროექტებზე მუშაობდნენ, რომლებიც დაგეგმვიდან რეალიზაციამდე მრავალი წლის შრომას მოითხოვდა. კრისტო ჟან კლოდს პარიზში შეხვდა, სადაც 1958 წელს, ბულგარეთიდან წავიდა ემიგრაციაში. 1964-ში, ორივე ნიუ იორკში გადავიდა საცხოვრებლად. მათი პოლიტიკური და ინტერვენციული ხასიათის ნამუშევრები ხშირად, შენობების შეფუთვითა და მიწის დიდ მონაკვეთებზე ქსოვილის გადაფარებით ეხმიანებოდა კაპიტალიზმსა და სამომხმარებლო კულტურას. მაგალითად, ბერლინში მათ რაიხსთაგის შენობა "შეფუთეს", ავსტრალიაში კი დაახლოებით, 93 ათასი მეტრის სიგრძის სანაპირო ზოლი. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, დაგეგმვისა და ბიუროკრატებთან ბრძოლის პროცესი ხელოვნების ნაწილი ხდებოდა, მის დასრულებამდე კი ხშირად, წლები გადიოდა. თავად შეფუთვის პროცესი, პირიქით, მხოლოდ რამდენიმე კვირას მოითხოვდა, ადგილზე კი დასრულებული ნამუშევარი კიდევ უფრო მცირე დროით რჩებოდა. კრისტო და ჟან კლოდი მორიგი ნამუშევრისთვის თანხას წიგნების, კრისტოს ორიგინალური ნამუშევრების (კოლაჟები, ჩანახატები) და წინა პროექტთან დაკავშირებული, ერთჯერადი პროდუქციის გაყიდვით აგროვებდნენ.

2005 წლის თებერვალში, კრისტომ და ჟან კლოდმა დაამონტაჟეს ნამუშევარი კარიბჭე, ცენტრალური პარკი, ნიუ იორკი, 1979-2005 . პროექტის განხორციელებას 26 წელი დასჭირდა. ამ წლების მანძილზე არტისტები ებრძოდნენ ნიუ იორკის ბიუროკრატიას, ლახავდნენ მრავალ დაბრკოლებას, თან კი გზადაგზა, ცვლილებები შეჰქონდათ თავის ნამუშევარში. საბოლოოდ, ცენტრალური პარკის 37 კილომეტრის სიგრძის ბილიკის გასწვრივ, "კარიბჭეზე", მათ 7,503 ზაფრანისფერი ნეილონის პანელი დაამონტაჟეს. კაშკაშა ფერის, მოფრიალე პანელებმა მნიშვნელოვნად გამოაცოცხლა ცენტრალური პარკის თებერვლის ცივი ლანდშაფტი. ინსტალაციას დიდი საზოგადოებრივი წარმატება ხვდა წილად, ის ცენტრალურ პარკში მხოლოდ 16 დღის მანძილზე იყო წარმოდგენილი.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები