ჭკიდიშ გინოტახუა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჭკიდიშ გინოტახუა (მჭადის გადატეხვა) – მეგრული საახალწლო წეს-ჩვეულება, რომელსაც თ. სახოკია შემდეგნაირად აღწერს: „საკალანდო ტაბაკზე საჭმელი უხვადაა. საჭმელთა შორის საპატიო ადგილი უჭირავს „ბასილას“ ანუ წმ. ბასილის სახელობაზე სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ მჭადს. ეს მჭადი ჩვეულებრივ მჭადზე უფრო მეტია სიდიდით. გულად აქვს წვრილად დაჭრილი ზურგის ქონი ღორისა, მარილითა მსხვილად დანაყილ ნიგვზით შეზავებული. ბასილა ტაბაკზე ჩვეულებრივ გამოჩნდება შუა სადილობისას, მაგრამ სანამ მის ჭამას შეუდგებოდნენ, უნდა გადასტეხონ. ეს გადატეხვა ასე ხდება: კერიდან „ბასილას“ რომ გამოიღებენ. სდებენ ცეცხლზე დადებულ დედა-შეშაზე. მის ერთ ნაზევარზე ხელს დაავლებს მამრობითი სქესის წარმომადგენელი, ხოლო მეორე ნახევარზე წარმომადგენელი მდედრობითი სქესისა. მაგრამ როცა ოჯახში მამრობითის სქესის წარმომადგენელი არავინაა, მამრის როლს ასრულებს ქალი, მხოლოდ თავის მოწინააღმდეგე ქალს წინდაწინ უნდა უთხრას: „ მე – მამაკაცი (ვიქნები), შენ – დედაკაცი“. ამის შემდეგ ორივე მხარე ცდილობს ერთად გადატეხონ ბასილა. ამ გადატეხვის დროს თითოეული გადამტეხელი ვაჟი და ქალი ცდილობს უფრო მეტი წილი იმას ერგოს. მაშასადამე მჯობნელად ის ითვლება, ვინც ნახევარზე მეტს თავისკენ წამოიღებს. ამ ჯობნა-დამარცხებით შეუძლიათ იწინასწარმეტყველონ, თუ მომავალი წელიწადი რამდენად მოსავლიანი იქნება. თუ აჯობა მამაკაცმა – ამ წელიწადს სამამაკაცო საქმე ზღვად გასკდება: სიმინდი, ღვინო ბევრი მოვა, ხოლო თუ ქალმა გაიმარჯვა, უნდა მოველოდეთ „საქალო საქმის“ გამარჯვებას: უხვი მოსავალი იქნება აბრეშუმის პარკებისა, შინაური ფრინველი გამრავლდება, საჩოხე შალებს ბევრს მოქსოვენ ქალები და სხვადასხვა. ზოგნი, ბასილას რომ გასტეხენ, სახლიდან გამოვარდებიან და ეცდებიან პირველად შემოვიდნენ სახლის მოწინააღმდეგე კარიდან. გამარჟვებული იქნება ის, ვინც პირველი შემოვა სახლში. ეს ჩვეულება სხვანაირადაც სრულდება. ბასილას სდებენ ბუკზე, ხოლო ცეცხლზე დაიჭერენ თხილის ჯოხს. ამ ჯოხის ერთი თავი მამრობითი სქესისას უჭირავს, ხოლო მეორე თავი – მდედრობითისას. როცა შუა ნაწილი ჯოხისა გაიწვება, და თითოეულს ჯოხის თითო ნახევარი შერჩება, ჯოხის ამ ნაწილიდა გარეთ გამორბის და ცდილობს მეორე კარიდან პირველი შემოვიდეს სახლში. შემოვა თუ არა, ეს მივარდება ბასილას და დიდ ნაწილს მოსტეხს და ამნაირად გამარჯვება იმას დარჩება“. სამეგრელოს რიგ რაიონში (ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ხობი), სადაც ჯოხის (მას გველის ტაბუირებული სახელი – შურდინაფილი – „სულდაკარგული“ – ჰქვია) ნახევრებს ეზოს გარეთ აგდებენ, ამ საახალწლო შეჯიბრს „სულდაკარგულის გადაგდებას“ (შურდინაფილიშ გინოოთამა) უწოდებენ.

მეგრული „მჭადის გადატეხვისა” და „სულდაკარგულის გადაგდების“ დიდად ტრანსფორმირებულ წეს-ჩვეულებაში სვანური ჴულის რიტუალის მკრთალი ანარეკლი გამოსჭვივის.


ლიტერატურა

  • თ. სახოკია. ეთნოგრაფიული ნაწერები. თბ.,1956, გვ. 48-49;
  • И. Кобалия. Из мифической Колхиды // СМОМПК. № 32. Тф., 1903. გვ. 95.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები