წისქვილი გვიმიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წისქვილი გვიმიანი

წისქვილი გვიმიანი - მისი წარმოშობა ნაკარნახევია მცირედებეტიანი წყლის პირობებით. როცა თვითდინებით მომდინარე წყალი ვერ აბრუნებს წისქვილის ფრთას, მაშინ აკეთებენ საგანგებო რეზერვუარს - გვიმს, რომელშიც მოკავებული წყლის წნევით, მოქმედებაში მოჰყავთ წისქვილის ბორბალი. გვიმი თავისი აგებულებით რადიკალურად განსხვავდება ხის ღარისგან. იგი წარმოადგენს 2,5-3 მეტრი სიმაღლის ცილინდრული ფორმის ქვის მილს, რომელიც შედგება წრიულად (კოდისებურად) გულამოღებული ქვის ნაწილებისგან. ქვედა ქვის რადიუსი 20-30 სმ-ია, ხოლო სულ ბოლო ზედასი 1მ-20 სმ. თითოეული ასეთი ნაწილის სიმაღლე 40-50 სმ-ია და ისინი გათლილია დიდი სიზუსტით, რომ ერთმანეთს კარგად მოერგოს და წყალი არ გაატაროს. ყოველი კონუსურად გათლილი თავი მომდევნოს ძირის ტოლია, ისინი თანდათანობით განიერდება ბოლოში და წარმოქმნის ერთიან ძაბრისებურ დიდ მილს. პირველ ქვას, რომელიც ყველაზე მასიურია, გახვრეტილი აქვს საფშტვირე და მიმართულია წისქვილის ბორბლებისკენ. როცა გვიმი ბოლომდე გაივსება ფშტვირიდან გამოაგდებენ ხის საცობს, დიდი წნევით გამოსული წყალი ბორბალს ეცემა და აამუშავებს. როცა გვიმი დაიცლება, ნახვრეტს კვლავ დაკეტავენ და ახლიდან იწყება რეზერვუარის შევსება. ლეჩხუმური მასალით გვიმიანი წისქვილის შემადგენელი ნაწილებია: ბელღარა, გვიმი, ლემაქანია, მეჯა, ფურცხვი, საცორელა, კინტი, ბორბალი, მურგვი, ფრთები, ღერძი, ცულა, რგოლი, გუგულა, ქვაბი, ხვიმირა, ლაკორა, სარეკელა, მანჭო, ჩიბე, ჩოტი, კარბა. გვიმიანი წისქვილი გავრცელებული იყო გურიასა და ლეჩხუმში. სოფ. ლაილაშში ოქრონიშის წყაროს წყალზე გამართული იყო 20-მდე ასეთი წისქვილი. გვიმიანი წისქვილი საფქველი მანქანის განვითარებულ ნიმუშად უნდა მივიჩნიოთ, სადაც კარგადაა წარმოჩენილი ქართველი მეურნის გერგილიანობა და გონებამახვილობა.



ლიტერატურა

გ. ჩიტაია, შრომები, ტ. V, 2001; ე. ნადირაძე, გვიმიანი წისქვილი ლეჩხუმიდან, ჟურნ. „მეცნიერება და ტექნიკა“, 1981, №8. ე.ნ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები