წერეთელი გიორგი (პროზაიკოსი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

წერეთელი გიორგი (ფსევდონიმი „თერგდალეული“) — (1842-1900), პროზაიკოსი, პუბლიცისტი, ისტორიკოსი, ბუნებისმეტყველი, საზოგადო მოღვაწე.

ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე (1861– 63). აქ გაეცნო რუსულ და ევროპულ რევოლუციურ-დემოკრატიულსა და უტოპიურ მოძღვრებებს, რომლებმაც დიდი ზეგავლენა მოახდინეს მისი რადიკალურ–დემოკრატიული მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე. იგი დაუკავშირდა ნ. ჩერნიშევსკის მიმდევარ რუს, პოლონელ და ქართველ სტუდენტთა რევოლუციურ წრეს და აქტიური მონაწილეობა მიიღო ცარიზმის წინააღმდეგ მიმართულ დემონსტრაციაში, რისთვისაც დაპატიმრებული იყო. სამშობლოში ჩამობრუნებულმა დაწერა სარკაზმის გესლით აღსავსე „მგზავრის წერილები ანუ კიკოლიკი, ჩიკოლიკი და კუდაბზიკა“. ეს პამფლეტური ნაწარმოები მიმართული იყო საზოგადოებრივი ცხოვრების სიმახინჯეთა წინააღმდეგ და, ამავე დროს, ღრმა თანაგრძნობას ამჟღავნებდა დაჩაგრულთა და მიმძლავრებულთა მიმართ. ახალგაზრდა მწერალმა ბუნების მიმზიდველი სურათებიც დახატა და ცხოვრების ჯოჯოხეთშიც ჩაგვახედა, სოციალური უსამართლობით, განუკითხაობითა და გონებრივი სიბნელით აღსავსე ჯოჯოხეთში. 1873-77 წწ. გ. წერეთელი საზღვარგარეთ ცხოვრობდა. 1874 წ. მისი თაოსნობით შვეიცარიაში ჩატარდა ამიერკავკასიისა და დაღესტნის მოღვაწეთა კონგრესი, რომელმაც წამოაყენა ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის შექმნის იდეა.

გ. წერეთელმა გარკვეული როლი შეასრულა ქართული ჟურნალისტიკის განვითარების საქმეში. 1866 წ. მისი რედაქტორობით გამოვიდა გაზეთი „დროება“, 1868 წ. - „სასოფლო გაზეთი“, 1893 წ. „კვალი“, რომლის გარშემოც თავი მოიყარა მარქსისტულმა ახალგაზრდობამ, „მესამე დასმა“. აქტიურად თანამშრომლობდა აგრეთვე თბილისის ყველა ქართულ და რუსულ გაზეთში. იყო პეტერბურგის გაზეთის „გოლოსის“ კორესპონდენტი რუსეთ-თურქეთის ომის ფრონტზე (1877-78).

გ. წერეთლის პუბლიცისტურ სტატიებში („ცისკარს“ რა აკაკანებდა“, 1863, „რამდენიმე აზრი ჩვენს ცხოვრებაზედ“, „ამ დროის მოძრაობა“, „ჩვენ და ჩვენი დროება“, „საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება ძველისძველად“), ლიტერატურისა და მხატვრობისადმი მიძღვნილ წერილებში („კიტა აბაშიძე და ჩვენი ახალგაზრდობა“, „გიგო გაბაშვილის მხატვრობა“) და მის მხატვრულ შემოქმედებაში რეალისტურად აისახა XIX ს. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, ფეოდალიზმიდან კაპიტალიზმში გარდამავალი ქართული საზოგადოების თავისებურებანი.

მწერლის განმათავისუფლებელ–დემოკრატიული მსოფლმხედველობის მნიშვნელოვანი ნაწილია პატრიოტიზმი, ხალხის ეროვნული თავისუფლებისა და თანასწორობისთვის ბრძოლა. მისი აზრით, ჩაგრულ ერთა რევოლუციურ-დემოკრატიული და თვით სოციალისტური მოძრაობის უმთავრესი მიზანი უნდა ყოფილიყო ჯერ ეროვნული თავისუფლების მოპოვება და შემდეგ — სოციალური უთანასწორობის დაძლევა ივი აღიარებდა რუსეთთან საქართველოს შეერთების პროგრესულობას, მაგრამ ებრძოდა ქართველი ხალხის ეროვნულ-კოლონიური ჩაგვრის თვითმპყრობელურ პოლიტიკას. მან კარგად შეიცნო საგლეხო რეფორმის მემამულური კლასობრივი ბუნება, რევოლუციურ-დემოკრატიული პოზიციებიდან გააკრიტიკა ლიბერალური შემთანხმებლობა და ქართველ განმანათლებელთაგან ერთ-ერთმა პირველმა ჩამოაყალიბა ბატონ-ყმობის წინააღმდეგ ბრძოლის განაწესი.

ახალ საზოგადოებრივ ურთიერთობათა დასაყრდენ და წამყვან ძალად გ. წერეთელი მიიჩნევდა მუშა ხალხს, რომელსაც, მისი აზრით, ნახევრად დამოკიდებულ მდგომარეობაშიც შეეძლო სათავეში მოჰქცეოდა ახალ ცხოვრებას და ჩამორჩენილი ბატონყმური საქართველო სამრეწველო და სასოფლო–სამეურნეო წარმოების განვითარების ფართო გზაზე გაეყვანა („ამ დროის ვითარება“). მაგრამ მწერალი არ აიდიალებდა კაპიტალიზმს. იგი აღიარებდა ძველთან შედარებით ახალი საზოგადოებრივი ურთიერთობის პროგრესულობას და, ამავე დროს, მკაცრად აკრიტიკებდა კაპიტალიზმს, რომელიც საყოველთაო ეროვნული კეთილდღეობის ნაცვლად საყოველთაო ჩაგვრისა და ზნედაცემულობის დამამკვიდრებლად ესახებოდა. მისი იდეალი იყო მშრომელთა საზოგადოება, რომლის ეკონომიკური საფუძველი იქნებოდა ერთსა და იმავე დროს მწარმოებელ, მომხმარებელ და გამსაღებელ ამხანაგობებში გაერთიანებულ მშრომელთა წვრილი საკუთრება და საერთო შრომა, ხოლო პოლიტიკური ფორმა — მთელი ხალხის მიერ არჩეული ეროვნული ხელისუფლება. ამ საზოგადოებაში პიროვნების გონივრული თავისუფლება და მთელი ერის კეთილდღეობა უნდა გამხდარიყო მშრომელთა თანასწორობის, თავისუფლებისა და ბედნიერების საფუძველი.

თავის რადიკალურ-პოლიტიკურ პროგრამას გ. წერეთელი რეალისტურ-მატერიალისტური ფილოსოფიით ასაბუთებდა. მუდმივი განვითარებისა და მოძრაობის პროცესში მყოფი „მრავალგვარი ბუნება“, ანუ „მატერია და მასთან თანდაყოლილი ძალა“ მიაჩნდა მას ყველა მატერიალური და სულიერი ძალის საწყისად. იგი საზოგადოებრივ მოვლებათა მიზეზად ბუნებისა და საზოგადოების გარემოებებსა და მოთხოვნილებებს მიიჩნევდა, პიროვნების როლს ამ მოთხოვნილებათა შეცნობაში ხედავდა, აღიარებდა კლასთა ბრძოლას და რევოლუციის აუცილებლობასაც კი, მაგრამ განათლების საშუალებით საზოგადოების გარდაქმნა და მშვიდობიანი ევოლუცია ესახებოდა საყოველთაო ეროვნული და სოციალური კეთილდღეობის დამყარების მთავარ საშუალებად. მარქსიზმს იგი „უკანასკნელ მეცნიერულ დასკვნას“ უწოდებდა სოციოლოგიაში, მაგრამ მარქსისტულ–პროლეტარული სოციალიზმის მეცნიერული თეორიის ნაცვლად ეროვნულ-დემოკრატიული სოციალიზმის განმანათლებლურ-უტოპისტური თვალსაზრისით ხელმძღვანელობდა. საბუნებისმეტყველო მატერიალიზმი და პოლიტიკური რადიკალიზმი დაედო საფუძვლად გ. წერეთლის ესთეტიკურ თეორიასაც. მან კიტა აბაშიძესთან კამათში გამოთქვა თავისი ესთეტიკური მრწამსი - მხატვრულ ლიტერატურაში ნამდვილ, შეუფერავ, შეუკეთებელ რეალიზმს ვაღიარებო.

გ. წერეთელისთვის დამახასიათებელი პუბლიცისტურობა ერთობ თვალნათლივ გამოჩნდა მოთხრობაში „ჩვენი ცხოვრების ყვავილი“. დიდია ამ ნაწარმოების მამხილებელი პათოსი. მწერალმა მუქი ფერებით დახატა ბატონყმობის დროის საქართველო და მისი აგონია. თავად-აზნაურთა კლასის უნიადაგობასა და უმაქნისობას გ. წერეთელმა მიუძღო ვნა კიდევ ორი მოთხრობა: „მამიდა ასმათი“ და „რუხი მგელი“.

აღნიშნული მოთხრობებითა და ლიტერატურულ-პუბლიცისტური ნარკვევებით გ. წერეთელმა გზა გაიკაფა რომანისკენ და შექმნა კიდეც ორი ეპიური ნაწარმოები: „პირველი ნაბიჯი“ (1890) და „გულქანი“ (1895). პირველი რომანი ასახავს კაპიტალიზმის პირველ ნაბიჯს არა მარტო დასავლეთ საქართველოში, არამედ მთელ საქართველოსა და ამიერკავკასიაში. ესაა ვრცელი ნაწარმოები, რომელშიც დახატულია ტიპი ახალ ფეხადგმული ბურჟუასი ბახვა ფულავასი, რომელიც ჩვენს თვალწინ იკრებს ძალ-ღონეს, რათა ცხოვრებას დაეპატრონოს. ამავე რომანში მოცემულია მძაფრი კონფლიქტი ფეოდალურ წყობილებასა და ბახვა ფულავას შორის. მიუხედავად რომანის დასასრულისა, გ. წერეთელი მომავალს ფულავების საკუთრებად მიიჩნევს.

„გულქანში“ გ. წერეთელმა ერთგვარად შეაჯამა თავისი შემოქმედება. ფრიად დამახასიათებელია აზნაური ქალის გულქანის ცხოვრების გზა. იგი პირმშოა მაშინდელი საქართველოს სოციალური ძვრებიო მდიდარი ვითარებისა. რომანში დახატულია მთელი იმდროინდელი საქართველო.

გ. წერეთლის ნაწარმოებების ენა შორსაა მხატვრული სრულყოფისგან, მაგრამ მათში გაიელვებს ხოლმე ხალხური ენის მადლი, არის ცდა „სამი სტილის“ თეორიიდან თავდახსნისა და ახალი ენის ძიებისა.

გ. წერეთლის შემოქმედებამ გარკვეული როლი შეასრულა XIX ს. ქართული ლიტერატურის ისტორიაში, განამტკიცა კრიტიკული რეალიზმის პოზიციები.


თხზულებები

  • რჩეული ნაწერები, ტ. 1-2, 1948-49.

ლიტერატურა

  • მ. ზანდუკელი, ახალი ქართული ლიტერატურა, 1933;
  • გ. ქიქოძე, ეტიუდები და პორტრეტები, 1946;
  • ვ. კოტეტიშვილი, ქართული ლიტერატურის ისტორია. 1959;
  • მ. გაფრინდაშვილი, ქართული განმანათლებლობა, 1966;
  • კ. აბაშიძე, ეტიუდები XIX ს. ქართული ლიტერატურის შესახებ, 1970.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები