ძეობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძეობა – ვაჟიშვილის შეძენის აღსანიშნავად გამართული საოჯახო დღესასწაული.

ზოგადქართული საოჯახო საწესჩვეულებო პოეზიის ცალკეული ციკლი მეტ-ნაკლები სიუხვით ხასიათდებიან. ზოგიერთის შესახებ ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მაღალმხატვრული ნიმუში შემოგვრჩა. მათ რიცხვს საძეობო ლექს-სიმღერები ეკუთვნის. ვარაუდობენ, რომ ძეობა ქართულ ენაში XIII საუკუნის შემდეგ გაჩენილი სიტყვა უნდა ყოფილიყო, ხოლო რაც შეეხება ცნობებს ძეობის, როგორც ქართული საოჯახო ჩვეულების შესახებ, ისინი XII-XIII საუკუნეებიდან თარიღდება. ნიკო ჩუბინაშვილი ძეობას განმარტავს, როგორც „ჩჩვილთ დაბადების ჟამს ქალთ მარაქა”. თეიმურაზ მეორის მიხედვით ძეობას, რომელსაც ღამით იხდიდნენ, ქალებიცა და კაცებიც ესწრებოდნენ. ძეობაზე მესტვირეებიც იყვნენ მოწვეულები. ბავშვის შეძენა ოჯახური ბედნიერება იყო ყველგან.

ძეობა აჭარაში

ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებით აჭარაში ამ ბოლო დრომდე ბევრი უძველესი ტრადიცია არსებობდა, მაგრამ ძეობის წეს-ჩვეულება განსაკუთრებით გამორჩეული იყო. ვაჟის გაჩენა აჭარელთათვის ორმაგად სასიხარულო იყო. ვაჟი „თვალის სინათლედ”, „მუხლის ძალად”, „სახლის დირეღად” – სახლის ბოძად მიიჩნეოდა. მისი დაბადების აღსანიშნავად დედაბოძზე ცხენის ნალს მიაჭედებდნენ. როგორც მთქმელები გადმოგვცემდნენ, „უწინ გოგოს დაბადებას ვაით და ვიშით ხვდებოდნენ”, იმიტომ, რომ ქალი „სხვისი ნაცარი იყო”. ჩვეულებრივ, როცა მშობიარეს ტკივილი დაეწყებოდა მას „ბავშვის ამყვანს” მიუყვანდნენ, რომელსაც ქვემო აჭარაში „ბებიას” ანდა „ბებია ქალს”, ხოლო ზემო აჭარაში – „ებეს” ეძახდნენ. აჭარაში არსებული ჩვეულების მიხედვით ბავშვის დაბადების მომენტში ოჯახში მამაკაცი არ უნდა დარჩენილიყო.

საინტერესოა ერთი ჩვეულებაც, რომლის პარალელს თეიმურაზ მეორის შემოქმედებაშიც ვპოულობთ: მშობიარის ქმარი ცერისა და სალოკი თითის კუნთებს შუა წყლის წვეთებს დაისხამდა, დააგუბებდა და მელოგინეს შეასმევდა. ზოგჯერ ქმარი მშობიარის ტახტის ქვეშ ჩუმად შეძვრებოდა და თოფს გაისვრიდა. შვილის შეძენისთანავე მამასთან მახარობელს აფრენდნენ, რომელსაც მამა ფულით ანდა რაიმე ნივთით დაასაჩუქრებდა. ვაჟის შეძენისას ოჯახში ფლავის, ხოლო ქალის შეძენისას – ფაფის მომზადების იცოდნენ. ზემო აჭარაში როცა ქალი დალოგინდებოდა, გამზადებული საჭმელი მეზობლებს მიჰქონდათ. ყველგან წესად იყო თოფის გასროლა, მაგრამ ეს უფრო ვაჟის – მემკვიდრის შეძენისას ხდრბოდა.

ძეობა ბავშვის შეძენიდან მესამე, ზოგან კი – მეშვიდე დღეს იმართებოდა. როცა ოჯახში ბავშვი დაიბადებოდა და ქალის მშობლებს ამ ამბავს გააგებინებდნენ, ბაბუები და ბებიები „ბადიშის” – შვილიშვილის სანახავად სამზადისს დაიწყებდნენ. ქალის მშობლები ვალდებულნი იყვნენ სასიძოს სახლეულში ახალი აკვანი თან მიეტანათ. თავიანთ ახლობლებს, უმეტესად, ქალებს დაპატიჟებდნენ და ახალშობილის სანახავად აკვნით მიდიოდნენ. ნახვის მომენტში წვეულებს ბავშვისთვის საჩუქრები – ფული და ტანისამოსი უნდა მიერთმიათ. ზოგჯერ აკვანი გაცილებით გვიანაც მიჰქონდათ, ამიტომ ახალშობილის მშობლები იძულებულნი იყვნენ ბავშვი ძველ ანდა მეზობლისაგან ნათხოვ აკვანში ჩაეწვინათ. თუ ქალის მამისეული ოჯახი აკვნის მიტანას აპირებდა, ახალშობილის მშობლები ძეობას ამ მომენტს უკავშირებდნენ. ამიტომ იგი შედარებით მოგვიანებითაც ტარდებოდა. საძეობო ლექსის – „მზე შინას” მიხედვით, რომელიც ისევე ძველია, როგორც სიმღერის მელოდია და თვით ჩვეულება, აკვანი სახლში, ზოგჯერ, ახალშობილის მამასაც მიჰქონდა:

„ვაჟის მამა შინ არ არის, მზე, შინ შემოდიო,
შინ არ არის, ქალაქს არის, მზე, შინ შემოდიო,
აკვნის საყიდლად წასულა, მზე შინ შემოდიო,
უყიდნია, წამოსულა, მზე, შინ შემოდიო,
შინაც მშვიდობით მოსულა, მზე, შინ შემოდიო”.

ნათესავ-მეზობლებთან ერთად ძეობის საპატიო სტუმრები სახალხო მუსიკოსები, უპირატესად, მეჭიბონეები იყვნენ. იკვლებოდა საკლავი, მზადდებოდა სანიმუშო კერძები, როგორც ქორწილში და ლხინი და შექცევა იმართებოდა. ძეობაში ქალებმა ცეკვაფათიკო” და „ნაინაი, ნინაინა” იცოდნენ. „ფათიკოს” წყვილ-წყვილად ორი ქალი იცეკვებდა. „ნაინაი, ნინაინა” კი იგივე ქალების ხორუმი იყო. საძეობო საფერხულოები სამწილადი ზომისა იყო, ხოლო მელოდია – ძალიან მარტივი და ადვილად დასამახსოვრებელი. ორივე სიმღერის მელოდია ფაქტიურად ერთი და იგივე იყო. მათი დიაპაზონი წმინდა კვარტის ფარგლებს არ სცდებოდა. ფერხული წრიული და მონაწილეთა რაოდენობა – განუსაზღვრელი იყო. მამაკაცები მკვლავებს ერთმანეთს მხრებში ჩასჭიდებენ, ხოლო ქალები უბრალოდ ხელებს ერთმანეთს მოჰკიდებენ და მარჯვნივ მოძრაობდნენ. ფეხების მოძრაობა ძალიან მარტივი იყო და შემდეგნაირად სრულდებოდა: ჯერ მარჯვენა ფეხს ოდნავ წინ გვერდზე გადადგამდნენ და შემდეგ კი მარცხენა ფეხს მარჯვენას მიადგამენ, რაც ფერხულის ერთ ტაქტში თავსდებოდა. ამავე მოძრაობას საპირისპირო მიმართულებით იმეორებდნენ. ასე რომ, ფერხულის ერთ მუხლში მარჯვნივ და მარცხნივ ორ-ორი მოძრაობა სრულდებოდა, რადგან მარჯვენა ფეხის ნაბიჯი შედარებით ფართო იყო, ამიტომ წრე ერთ ადგილზე არ ჩერდებოდა და განუწყვეტლივ მარჯვნივ მოძრაობდა. მამაკაცთა ფერხული დასკვნით ნაწილში საკმაოდ ჩქარდებოდა, შეიძლება მათ შედარებით რთული ილეთებიც გამოეყენებინათ. აჭარაში გავრცელებული საძეობო ფერხულები პოეტური ტექსტებით ძალიან ღარიბი იყო. საერთოდ ფერხულებს ტექსტები ახლდა, მაგრამ ისინი უფრო სატრფიალო ხასიათის შაირები იყო, ვიდრე ჩვეულებრივი ფერხულების სიტყვიერი ტექსტები. ყურადღებას იქცევს ფრაგმენტი სააკვნო სიმღერების ციკლიდან: „ეს აკვანი ხარატული, შით ბიჭია დახატული”. იგი ფერხულის დროს ქალების მიერ სრულდებოდა.

ძეობას აჭარაში ჩვილის აკვანში პირველი ჩაწვენის დროს მართავდნენ ხოლმე, ამიტომ „ნანას” ციკლის ლექსის გამოყენება საძეობო ფერხულში შემთხვევით მოვლენად სრულებითაც არ უნდა ჩაითვალოს. აჭარაში გავრცელებული საძეობო ფერხულის „ნაი-ნაი, ნინაი- ნას” დასაწყის სიტყვაში „ნანა” უნდა ვიგულისხმოთ. თუ აჭარულ საძეობო ფერხულთა ტექსტებში, აგრეთვე, იმ სიმღერებში, რომელთა სიტყვიერი ტექსტები დღეს სულ სხვა ჟანრისაა, მაგრამ წარმოშობით ისინიც საფერხულოთა ციკლს ეკუთვნოდნენ, ნანა იგულისხმება, მაშინ მისამღერი ტექსტის „ნანაში” საგულვებელია ქართველთა უძველესი ქალღმერთი, „დიდი დედა ნანა” დავინახოთ, რომელიც ნაყოფიერების, შვილიერებისა და მზის ქალღვთაება იყო



ლიტერატურა

მსხალაძე, 1965:33; 1969:10-35.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები