ძახილის წინადადება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძახილის წინადადება – წინადადება, რომელიც გამოხატავს მთქმელის ძლიერ ემოციას. ემოციური ან გრძნობითი ელფერი აქვს მეტ-ნაკლებად სხვა მოდალობის წინადადებებსაც (კითხვითს, ბრძანებითს-), მაგრამ ძახილის წინადადებისთვის არსებით ნიშნად მიიჩნევენ ძლიერ ემოციას, რაც ზეპირ მეტყველებაში სპეციფიკური ინტონაციით ვლინდება. ძახილის წინადადების ინტონაცია, ჩვეულებრივ, დამავალია. მახვილი დაისმის წინადადების შიგნით და ბოლოს. ძახილის წინადადებით შეიძლება გადმოიცეს სხვადასხვა ემოცია: სიხარული, აღტაცება (რა კარგი დროა, რა კარგი ხანა! ვაჟა-ფშაველა; „ო, ბუნებაო, რა ჯადო არის შენს სიმღერაში დამკვიდრებული!” გ. ტაბიძე); სურვილი, ნატვრა („ნეტავი ერთხელ მყეფარი არწივი კიდევ მაჩვენა!“ ვაჟა-ფშაველა), სინანული („ეჰ, დროვ, დროვ, ჩქარი ნაბიჯით იარე შენ! ჭ. ლომთ.), ზიზღი, სიძულვილი („ჰოი, ბნელო ღამევ, მეჯავრები შენ მე!“ ი. ჭავჭავაძე), მწუხარება („დაჭკნობა ყვავილებისა, ღმერთო, რა დიდი ბრალია!“ ვაჟა-ფშაველა) და ა. შ.

ინტონაციასთან ერთად გრძნობითი ელფერის გადმოსაცემად გამოყენებულია სათანადო ლექსიკური მასალა, კითხვითი სიტყვები შეცვლილი მნიშვნელობით, სპეციფიკური ნაწილაკები (ნეტავი, მცა, აკი…) და, რაც მთავარია, შორისდებულები, რომლებიც, ჩვეულებრივ, ახლავს ძახილის წინადადებას („ვიშ, რა კარგია ეს სალამური! ა. წერეთელი, „ბიჭოს! თქვენც ვაჟკაცები ყოფილხართ“ მ. ჯავახიშვილი) ემოციას აძლიერებს სიტყვათა განმეორებაც („მონა ვარ, მონა ბუნების, ღონე არა მაქვს დავისა!“ ვაჟა-ფშაველ. „კარგია, კარგია მაღალი ალპები, რომ ნისლი ეხვევა ან ქარის აფრები!“ გ. ტაბიძე). ძახილის წინადადების ემოციური იერის დასაზუსტებლად ზოგჯერ აუცილებელია სიტუაციისა და კონტექსტის გათვალისწინება.

ძახილის წინადადებას ემოციურ წინადადებასაც უწოდებენ.

ლ. კვანტალიანი


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები