შორისდებული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შორისდებული – ფორმაუცვლელი მეტყველების ნაწილი, რომელიც არ შედის არც დამხმარე, არც დამოუკიდებელ სიტყვათა კლასებში და გამოხატავს ადამიანის გრძნობას, ნება-სურეილს, მოწოდებას, ექსპრესიულ შეფასებას, ფიცილს, ალერსს... მეტყველების სხვა ნაწილებისაგან განსხვავებით, შორისდებული არ აღნიშნავს რაიმე მოვლენას, საგანს ან ნიშან-თვისებას, დანიშნულებით კი უტოლდება სიტყვას და ზოგჯერ თვით წინადადებას. შორისდებული შეიძლება წარმოდგენილი იყოს ერთი ბგერით, ბგერათა ჯგუფით ან სიტყვით. იშვიათად - სიტყვათა შეხამებით. შორისდებული განკერძოებით დგას წინადადების თავში. შუაში ან ბოლოში და გამოიყოფა მძიმით ან ძახილის ნიშნით: „ოჰ, რა კარგია! ბიჭოს! ეს რა ამბავია!..“ ინტონაციური მრავალფეროვნება შორისდებულის გამოყენებისას ზეპირმეტყველებაში შეიმჩნევა. წერაში არ აისახება იშვიათად შორისდებული სახელის მნიშვნელობით არის ნახმარი და წინადადების ერთ-ერთი წევრის ფუნქციას ასრულებს. ასეთ შემთხვევაში მას სასვენი ნიშანი არ დაესმის: „უი, ჩემს თავს. ეს რა შესმის!“

შინაარსის მიხედვით შორისდებულებს სამ ძირითად ჯგუფად ყოფენ: გრძნობის. მოუბრის ნება-სურვილისა და ფიცილ-ალერსის გამომხატველ შორისდებულებად. ქართულში განსაკუთრებული მრავალფეროვნებით პირველი ჯგუფი გამოირჩევა. მასში ერთიანდება სიხარულის, მწუხარების, მოწონების, გაკვირვების, ნატვრის, დანანების, გაბრაზების, ზიზღის, შეცოდებისა და მისთ. გრძნობების გადმომცემი შორისდებულები: ო, ეხ, ერიჰა, გლახ, აფსუს, იფ; მოუბრის ნებ-სურვილის გამომხატველი შორისდებულები უმეტესად მოწოდების, წაქეზების, ბრძანების შინაარსსაც ითავსებს: არიქა, სუ, აგე, ჰაი.. ამიტომ ამ ჯგუფშივე შემოდის ცხოველთა და ფრინველთა დასაძახებელი ბგერათკომპლექსებიც: აცე, ქშა, აცხა, ჰაუ-. ფიცილის შორისდებულები ფიცილის ფორმულებშია დამკვიდრებული: ღმერთმანი, დედაშვილობამ, ძმობამ, ჩემმა მზემ. ასევე ფორმულებადაა გაქვავებული საალერსო ხასიათის შორისდებულები: შენი ჭირიმე, შენი კვნესამე, გეთაყვა და მისთ.

შორისდებულის მნიშვნელობა შეიძინა მისალმების, გამომშვიდობების, ბოდიშისა და მადლობის გამომხატველმა გამოთქმებმაც: გამარჯობა! მშვიდობით! ნახვამდის! უკაცრავად! გმადლობთ! და მისთ.

ც. კალაძე


ლიტერატურა

  • შანიძე ა. ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, I, თბ., 1971.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები