ცარბათუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცარბათუ – (ბაბილონ.) „ტირიფი“ ან „ალვისხე“, ამ სახელწოდების ხე მონაწილეობს მითოსურ კონტექსტში, როგორც კოსმიური ხე, დურანქის ერთ-ერთი კერძო გამოვლენა.
ეტანას თქმულებაში ჩართული უძველესი არაკის მიხედვით, ცარბათუს შეკედლებია დაძმობილებული გველი და არწივი – ორი სხვადასხვა, ერთმანეთს დაპირისპირებული სკნელის არსება – და თავიანთი ბუნების შესატყვისად აქვთ ამორჩეული ადგილსამყოფელი ხის ვერტიკალზე: გველი, როგორც ხთონური არსება, იკალათებს ცარბათუს ფესვებში, ხოლო არწივი, ცის ბინადარი, – მის კენწეროზე იკეთებს ბუდეს. ცარბათუ მსჭვალავს სამყაროს სკნელებს და უნდა ვიფიქროთ, რომ დგას მის შუაგულში, განასახიერებს რა სამყაროს მოდელს. მისი შუმერული შესატყვისია ხალუბი (აგრეთვე მესი).