შროშანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შროშანა

შროშანა – (Convalleria majalis L. = Convallaria Transcaucasica Utkin ex Grossh.);
ოჯახი: შროშანისებრნი (Convalariaceae).

მრავალწლიანი, ფესურიანი მცენარეა, სიმაღლე – 20-40 სმ. ფესურა მხოხავია და გრძელი. ქვედა ფოთლები სიფრიფანაა და თეთრი. ღეროსეული ფოთოლი მწვანეა, მოგრძო-კვერცხისებური ან ელიფსურ-ლანცეტა. საყვავილე ღერო 15-30 სმ სიგრძისაა, მტევანი – 5-8 სმ სიგრძისა. ყვავილი თეთრია, ზოგჯერ შიგნიდან იისფერზოლებიანი, სურნელოვანი, ზარისებური, ყვავილის ყუნწი დაკიდულია. ყვ. IV-V; ნაყ. V-VII. მცენარე გავრცელებულია ფოთლოვან ტყეებსა და ბუჩქნარებში, კახეთში ყველაზე ხშირია მუხნარ და რცხილნარ-მუხნარ ტყეებში. მისი ნახვა შესაძლებელია უჯარმისა და თელავის მიდამოებში.

სამკურნალოდ გამოიყენება ფესურა, ფოთლები, ყვავილები. შროშანას სახეობებიდან გამოყოფილია 42 კარდიოტონური ნივთიერება, რომლებიც მიეკუთვნება კარდენოლიდური ბუნების შემდგომ ჯგუფებს: პერიპლოგენინის, სტროფანტიდოლის, სტროფანტიდინის, სარმენტოგენინის, ბიპინდოგენინის, სარმენტოლოგენინის, სარმენტოზიგენინის (ნიგრესციგენინის), 19-ჰიდროქსისარმენტოგენინის, კანოგენოლისის. სტეროიდული ბირთვის სტრუქტურის მიხედვით ისინი მიეკუთვნებიან ცის A/B რიგს. გლიკოზიდების შაქრის ნაწილი წარმოდგენილია ჰექსოზამებით (D – გლუკოზა, D – ალოზა), მეთილპენტოზამებით (L – რამნოზა, D – გულომეთილოზა, D – ალომეთილოზა და პენტოზა L – არაბინოზა). ძირითად გლიკოზიდებს წარმოადგენს: კონვალატოქსინი, რომლის გენი იდენტურია K – სტროფანტინის გენთან. ცნობილია ასევე კონვალატოქსოლი, კონვალოზიდი, კონვალაროტოქსინი და ლოკუნდეზიდი. სტეროიდული გლიკოზიდების მეორე ჯგუფს მიეკუთვნება სპიროსტანის რიგის საპონინები. სტეროიდული გლიკოზიდების აგლიკონებს წარმოადგენს: დიოსგენინი, იზოროდეასაპო¬ გენინი, როდეასაპოგენინი, კონვალაგენინი-A, კონვალაგენინი-B, კონვალამაროგენინი.

მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს აღნიშნული ჯგუფების გლიკოზიდებს, ყველაზე მეტი კი ნედლ ყვავილებში აღინიშნება. ფოთლებში აღინიშნება 15-ზე მეტი ფლავონოიდური ბუნების შენაერთები, რომელთა შორის იდენტიფიცირებულია იზორამნეტინი, კვერცეტინი, ლულეოლინი, აპეგინინი, კემფეროლი და სხვ. გარდა ამისა შეიცავს ეთერზეთებს, ორგანულ მჟავებს, ალკალოიდ მაიალინს, სახამებელსა და სხვ. შროშანას გლიკოზიდები სწრაფად იშლება და ორგანიზმში არ ხდება კუმულირება. შროშანას სხვადასხვაგვარი პრეპარატები (ნაყენი, ექსტრაქტები, აბები, ამპულები) მედიცინაში ფართოდაა გამოყენებული და მითითებები მათი გამოყენების შესახებ მოიპოვება შესაბამის ლიტერატურაში.

შროშანასაგან გამოყოფილი გულის გლიკოზიდები გამოირჩევიან მაღალი კარდიოტონური და ბიოლოგიური აქტივობით, მოქმედების სწრაფი განვითარებით და სუსტად გამოხატული კუმულიატორული თვისებებით. ასე მაგ.: ძირითადი მომქმედი გლიკოზიდი კონვალატოქსინი ბიოლოგიური აქტივობით აჭარბებს ყველა აქამდე ცნობილ გულის გლიკოზიდებს. ამავე დროს ისინი ხასიათდებიან ნაკლები ტოქსიკურობით; კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შეყვანისას შროშანას გლიკოზიდები სწრაფად იშლებიან და სუსტად შეიწოვებიან, რის გამოც პერორალური მიღებისას ნაკლებ ეფექტურია, ვიდრე პარენტერალურის. იწვევს შესამჩნევ დიურეზულ მოქმედებას, აძლიერებს გულის კუმშვადობას, მაგრამ ანელებს მათ რიტმს, ხსნის ტკივილებს, ქოშინს, სილურჯესა და შეშუპებებს. არის ციტოტოქსიკური, ძლიერი ანტივირუსული, კუჭ-ნაწლავის პერისტალტიკის გამაძლიერებელი.

სამედიცინო პრაქტიკაში შროშანას პრეპარატები ფართოდ ცნობილი საგულე საშუალებებია. მათ იყენებენ მწვავე და ქრონიკული გულის უკმარისობის, კომპენსირებული და სუბკომპენსირებული გულის მანკის, კარდიოსკლეროზისა და გულის ნევროზის, კარდიალური ტიპით მიმდინარე ნეიროცირკულატორული დისტონიის, ისტერიის, დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის დროს. შროშანას გამოყენებისას ავადმყოფებში აღინიშნება გულის კუნთის კუმშვის რიტმის შენელება, პულსაციის გაუმჯობესება, შეგუბების მოვლენების, ციანოზის და სულის ხუთვის შემცირება, აგრეთვე დიურეზის მომატება.

ხალხურ მედიცინაში გამოიყენება გულის დაავადებებისას, განსაკუთრებით ტახიკარდიის დროს, გულის რიტმის რეგულირებისათვის; შეშუპებების, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ეპილეპსიის, ციებ-ცხელების, ყელის ტკივილებისას; როგორც დამამშვიდებელი და დიურეზული საშუალება; ნაყენი გარეგანად (საფენების სახით) იხმარება თვალის დაავადებებისა და რევმატიზმის საწინააღმდეგოდ. ბულგარეთში მცენარის მიწისზედა ნაწილი იხმარება კლიმაქტერიუმის პერიოდში გულის ნევროზების, ენდოკარდიტების, არითმიის, ექსტრასინსტოლის, ფეხმძიმობის, გაძლიერებული ფიზიკური დატვირთვის, ასევე გულის დაავადებებისას. რუსულ ხალხურ მედიცინაში შროშანა იხმარებოდა გულის დაავადებების, შეშუპების, წყალმანკის, ეპილეპსიის, ციებ-ცხელებისას. გარეგანად – საფენების სახით თვალის დაავადებებისას. ინგლისში – შროშანას წყლის ნაყენი გამოიყენება ნერვული სისტემის გასაძლიერებლად, ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოდ, როგორც დამცველი საშუალება. გერმანიაში ღვინოზე დამზადებული ნაყენი ითვლებოდა კარგ საშუალებად დამბლის საწინააღმდეგოდ.

მცენარე შხამიანია!!! საპონინებისაგან გაუსუფთავებელი შროშანას პრეპარატები უკუმაჩვენებელია გასტრიტების, ღვიძლისა და თირკმელების მწვავე დაავადებებისას (ბიძინაშვილი, 2011; 2020);


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები