შოუ თომას

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შოუ თომას

შოუ თომას (თომ) - (დ. - 9.IV.1872, ლანკაშერი - გ. - 26.IX.1938, მიდლესექსი) - ბრიტანელი ლეიბორისტი, პოლიტიკოსი, დიდი ბრიტანეთის შრომისა და სამხედრო მდივანი. მუშათა საერთაშორისო ინტერნაციონალის მდივანი.

ბიოგრაფია

დაიბადა მუშათა ოჯახში. ათი წლის ასაკში საქსოვ ქარხანაში დაიწყო ნახევარ განაკვეთზე მუშაობა, მცირე ხნის შემდეგ კი სრულ განაკვეთზე გააგრძელა მუშაობა და სკოლა მიატოვა. ადრეულ ასაკში გახდა მქსოველთა ტრედ-იუნიონის კომიტეტის წევრი და მდივანი. დიდი გავლენით სარგებლობდა არა მხოლოდ ბრიტანეთის, არამედ ევროპის მუშათა წრეებში. 1918 წელს გახდა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის წევრი პრესტონიდან. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ აქტიურ საქმიანობას ეწოდა მუშათა ინტერნაციონალში. 1920 წელს იყო ჟენევის სოციალისტური კონგრესის თავმჯდომარე. ინგლისის მუშათა დელეგაციასთან ერთად იმოგზაურა საბჭოთა რუსეთში, შემდგომში კი საბჭოთა რეჟიმის შესახებ არაერთი კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა. 1920 წლის სექტემბერში, როგორც მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგაციის წევრმა, იმოგზაურა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. საქართველოს მოსახლეობას სიტყვით მიმართა თბილისში, ყაზბეგში, თელავში, ჭიათურასა და ტყიბულში. ყაზბეგში მოსახლეობას მიმართა: „ჩვენ ვნახეთ თქვენი ლამაზი ქვეყანა და მშვენიერი ხალხი. და უნდა გითხრათ მთელი მუშათა სახელით, რომ ჩვენ ერთი წადილი გვაქვს, რომ თქვენ არ დაკარგოთ თავისუფლება. ევროპის მუშებმა უნდა მოითხოვონ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა და ერთა ლიგაში შესვლა“. ჭიათურაში მუშებთან შეხვედრისას შოუმ განაცხადა: „როცა ინგლისში დავბრუნდები, მუშების წინაშე უნდა დავსვა საკითხი, რომელ გზას უნდა გავყვეთ: რუსეთის ტირანიის ძალდატანების თუ თავისუფალი საქართველოს გზას. მე კი ვიტყვი - ჩვენ უნდა გავყვეთ თავისუფალი საქართველოს გზას“.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ აკრიტიკებდა საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმს, იყო კომუნისტური იდეოლოგიის მკაცრი კრიტიკოსი, თუმცა არ ეწინაღმდეგებოდა საბჭოთა კავშირთან სავაჭრო ურთიერთობებს. XX საუკუნის 20-30-იან წლებში ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას, არაერთხელ იქნა არჩეული პარლამენტის წევრად. 1924 შრომის მდივნის თანამდებობა ეკავა რემზეი მაკდონალდის პირველ მთავრობაში, ხოლო 1929-1931 წლებში მაკდონალდის მეორე მთავრობაში ომის მდივნის მოვალეობებს ასრულებდა.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • ნ. კირთაძე, ევროპა და დამოუკიდებელი საქართველო (1919-1921 წწ. ), თბ., 1997;
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1920, №209, №215, №217;
  • გაზ. „ერთობა“, 1920, №211.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები