შედარებითი ლექსიკონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შედარებითი ლექსიკონილექსიკონი, რომელშიც წარმოდგენილია როგორც სხვადასხვა ენის (განურჩევლად ნათესაობისა), ისე მხოლოდ მონათესავე ენათა მასალა. პირველი ტიპის შედარებითი ლექსიკონები იქმნებოდა (ძირითადად XVIII–XIX სს.) ცნობილ ენათა მონაცემების საფუძველზე. მაგ. პ. ს. პალასის მიერ გამოცემული ლექსიკონი („Сравнительные словари всех зыков и наречий…“ 1787) შეიცავდა ევროპისა და აზიის 200 ენის მასალას, ხოლო მისი მეორე გამოცემა (1792) უკვე – 272 ენისას, მათ შორის აფრიკისა და ამერიკის ენებისას. ესპანელი იეზუიტის ლორენცო ერეას-ი-პანდოროის ლექსიკონის მეორე გამოცემაში (6 ტომად, 1800–04, მადრიდი) განხილული იყო 300-მდე ენის მასალა. ი. კ. ადელუნგის „მითრიდატეში“ მოცემულია „მამაო ჩვენოს“ ტექსტი 500-მდე ენასა და დიალექტში.

ამ ტიპის ლექსიკონები, მათში დაშვებული ფონეტიკური თუ სხვა უზუსტობების გამო, პრაქტიკულად გამოუყენებელია. ამჟამად მათ მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობაღა შემორჩათ.

განუზომლად დიდია მონათესავე ენათა მასალის ამსახველი შედარებითი ლექსიკონების მნიშვნელობა. ამ ტიპის ლექსიკონებში მონათესავე ენათა საერთო წარმომავლობის მასალა წარმოდგენილია პარალელურად, მათი შედარების მიზნით. შედარებით ლექსიკონში პირველ რიგში აისახება მონათესავე ენათა ისტორიულად დიფერენცირებული ლექსიკური მასალა, ანუ ისეთი ფუძეები, რომლებიც ისტორიულად წარმოშობილია კანონზომიერი ბგერათცვლილებების საფუძველზე. შესაძლებელია შედარებით ლექსიკონში საერთო არადიფერენცირებული მასალაც წარმოჩნდეს. ამგვარ ლექსიკონში შესადარებელი მასალა, ჩვეულებისამებრ, წარმოდგენილია ძირ-ფუძეთა სახით, შეიძლება ეს მასალა დოკუმენტირებულიც იყოს.

ლექსიკის ამგვარ შედარებას არსებითი მნიშვნელობა აქვს სიტყვის წარმოშობისა და მისი ჩამოყალიბების ისტორიის, მონათესავე ენათა ურთიერთმიმართების, ისტორიული დიფერენციაციის, ენათა განვითარებაში სხვადასხვა ფაქტორების გავლენის კვლევისათვის. შესადარებელი მასალა შესაძლებლობას იძლევა, რეკონსტრუირებულ იქნეს საერთო ამოსავალი ფუძეები. ამგვარი რეკონსტრუირებული ფუძეები (არქეტიპები) ხშირად აისახება შედარებით ლექსიკონში, თუმცა არქეტიპთა აღდგენა თვითმიზანი არ არის და აღდგენილი ფუძეები შეიძლება ცალკე არც აისახოს. შედარებითი ლექსიკონის მასალა საფუძველია კანონზომიერ ბგერათშესატყვისობათა დადგენისა.

შედარებით ლექსიკონში მასალა ლაგდება ან ანბანურ რიგზე ფუძეების (ძირების) მიხედვით, ანდა – თემატურ ჯგუფებად.

საქართველოში ამ რიგის ერთ-ერთი პირველი ლექსიკონია არნ. ჩიქობავას „ჭანურ-მეგრულ-ქართული ლექსიკონი“ (1938). მასში წარმოდგენილია სამივე ქართველური ენის შესადარებელი მასალა, ფუძეები დოკუმენტირებულია, განსაკუთრებით ზანურისათვის. მასალა დალაგებულია თემატური პრინციპით (ნათესაური ურთიერთობების აღმნიშვნელი სახელები, ადამიანის სხეულის ნაწილთა სახელები. მცენარეულობა… ზმნები და სხვ. – სულ II ჯგუფი); ლექსიკონს ერთვის შედარებულ ფუძეთა საძიებელი ენების მიხედვით.

ა. არაბული


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები