შატბერდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შატბერდი – ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი კერა (ე. წ. საქართველოს სინაჲ). რელიგიური ცენტრი – მონასტერი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, კლარჯეთში (ახლანდ. თურქეთის ტერიტორია). შატბერდის მონასტერი დააარსა გრიგოლ ხანძთელმა (IX ს. II ნახ.).

IX-X სს-იდან ცნობილია რამდენიმე შატბერდელი მოღვაწე: სოფრონ შატბერდელი (IX-X სს.), რომლის თაოსნობითაცაა დამზადებული 897 სახარება – ქართულ თარიღიან ოთხთავთა შორის უძველესი და უძვირფასესი ნუსხა (იგი დიდხანს ინახებოდა სვანეთში. სოფელ ადიშში, ამიტომ ადიშის ოთხთავის სახელითაა ცნობილი. ამჟამად დაცულია მესტიის მუზეუმში): სახარების მეორე. შატბერდული ხელნაწერი 936 დაამზადა გაბრიელ შატბერდელმა, ხოლო 919 მოხატა „კამარაჲ მწერალმა“ თევდორემ; ცნობილმა კალიგრაფმა იოანე ბერამ 937 გადაწერა და პარხალს შესწირა ოთხთავი, ხოლო 973-976 შეადგინა კრებული, რომელიც შატბერდის კრებულის სახელითაა ცნობილი. XI ს-ში შატბერდში მოღვაწეობდნენ გიორგი ათონელი, დავით ჯიბისძე, გრიგოლ ვაჩემორელი, სტეფანე შატბერდელი და სხვ. გრიგოლ ვაჩემორელმა აქ გადაწერა ბასილ დიდისა და გრიგოლ ნოსელის თხზულებათა თარგმანების შემცველი ნუსხა.

შატბერდიდან უნდა იყოს ზოგიერთი სხვა ხელნაწერიც: სახარება – ქსნის ოთხთავის სახელით ცნობილი (IX–X სს.); ვრცელი ჰომილეტიკური კრებული – უდაბნოს მრავალთავი (X ს.), საწელიწადო საწინასწარმეტყველო – 1085 მოსე ხანძთელის მიერ შატბერდს გადაწერილი; XII-XIII სს-ში გიორგი მროველის ბრძანებით გადაწერილი კრებული და ა. შ.

ლ. მენაბდე


ლიტერატურა

მენაბდე ლ. ძველი ქართული კულტურის კერები, თბ., I992.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები